"გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს! ყველაზე თავისუფალ პატიმარს მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში!"
გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს! ერთმანეთს და ყველაზე თავისუფალ პატიმარს მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში, ის აუცილებლად გათავისუფლდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია იმართება.
როგორც უდუმაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ქართველ ხალხს ყველაზე მთავარს - თავისუფლებას ართმევენ.
"დღეს, თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ქვეყნის ჯარისკაცები. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ისტორიის ნათელი მხარეა. ისტორიის ნათელი მხარე არის აქ, იქნება თბილისში, იქნება ზუგდიდში, იქნება ბათუმში, ყველგან, სადაც პროტესტის ხმა ისმის იმიტომ, რომ დღეს არ არის დრო ტელევიზორთან ვისხდეთ და ისე ვუყურებდეთ მოვლენებს რა ხდება ქვეყანაში. არჩევნები წაგვართვეს, ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ - დავთმობთ ჩვენ ამ ყველაფერს?" - მიმართა უდუმაშვილმა აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას, რომლისგანაც პასუხად მიიღო - "არა"!
"მაშინ თითოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ, უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს. საქართველო ყოველთვის ებრძოდა ტირანიებს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის თავისუფლება შეეზღუდათ. დღეს ჩვენ გვართმევენ ყველაზე ძვირფასს - თავისუფლებას! ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი. გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს! ერთმანეთს და ყველაზე თავისუფალ პატიმარს მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში, ის აუცილებლად გათავისუფლდება. ჩვენ ერთად გამოვიყვანთ ქვეყანას სინელიდან, რომელშიც ივანიშვილმა ჩააგდო. თავისუფლება მიშას! რიგგარეშე არჩევნები!" - განაცხადა უდუმაშვილმა.
იხილეთ ვიდეო