"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს რუსეთის პირისპირ არ დატოვებენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს რუსეთის პირისპირ არ დატოვებენ"

როგორ აღიქვამს საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებს დასავლეთი და შესაძლებელია თუ არა პოლარიზებამ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს, ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე გვესაუბრება.

- ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სხვაგვარად ჩანს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ პოლარიზაცია უკიდურესად ცუდი მოვლენაა და ეს პრობლემა არ შეიქმნებოდა, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები რომ არსებობდეს, რომლებიც დაძაბულობას დააბალანსებდნენ. არის ქვეყნები, სადაც პოლარიზებული პოლიტიკა ცხოვრების ჩვეულებრივი წესია. მაგალითად, აშშ-ში, ბრიტანეთში ან ავსტრალიაში ორპარტიული პოლიტიკა მიღებულია. არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც პოლარიზებულ ვითარებაშიც კი გადაწყვეტილებას პოლიტიკური ზეწოლით კი არა, დამოუკიდებლად იღებენ.

საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვქონდეს, არჩევნების შედეგის მიღების პრობლემა არ იქნებოდა. ხელისუფლება ამბობს, წესები არ დამირღვევიაო, რაზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ მან ძალაუფლება მიიტაცა და არჩევნების შედეგი საზოგადოების ნებას არ გამოხატავს. ქვეყანაში თავისუფალი და არაკონტროლირებადი სასამართლო რომ არსებობდეს, გაირკვეოდა მტყუან-მართალი, მაგრამ ის კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს. ამაში ოპოზიციის ნაწილსაც მიუძღვის ბრალი და ამას დასავლეთიც ხედავს. ამიტომ გვეუბნებიან, რომ სასამართლოს რეფორმირება აუცილებელია. ამას ადასტურებს აშშ-ის საელჩოსა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკული განცხადებებიც. ასევე გვეუბნებიან, რომ მეორე გამოსავალი პროპორციული სისტემაა, რომლისთვისაც პოლიტიკურმა სპექტრმაც იბრძოლა და დასავლეთმაც, მაგრამ ჯერ ვერ მივედით შედეგამდე. ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა ესმოდეს, რომ არეული საქართველო ძალიან მოსწონს რუსეთს. მეტიც, ყველა გზით ეცდება ვითარების უფრო გამწვავებასა და გახანგრძლივებას. სულ რაღაც ხუთი წლის წინ საქართველო კავკასიასა და აღმოსავლეთპარტნიორობის გაერთიანებაში დემოკრატიულობით ლიდერობდა, ახლა კი ლამის აუტსაიდერია. ჩვენზე წინ უკრაინა და სომხეთია. საქართველო, როგორც სახელმწიფო, თვალსა და ხელს შუა უკან იხევს და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ხედავენ. არჩევნების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგრძნობა ავტორიტარიზმის ელემენტები, ამიტომაც არის ყოველი არჩევნების შემდეგ რევოლუციაზე საუბარი. ხალხი ხედავს, რომ წინ ვერ წავედით, მუდმივად ერთ წრეზე ვტრიალებთ. ასე იქნება მანამ, სანამ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ გახდება. ამიტომაც იხსენებს ზოგიერთი პრეზიდენტ ჯონ კენედის ცნობილ ფრაზას, როდესაც მთავრობა შეუძლებელს ხდის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას, ის აუცილებელს ხდის რევოლუციასო.

- მართალია, ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ საქართველოს ხშირად სტუმრობენ მაღალი რანგის უცხოელები. - საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირს სტრატეგიული ინტერესები აქვთ და ხელისუფლებას, ეს იქნება თუ სხვა, განიხილავენ როგორც ქვეყნის სათავეში დროებით მყოფ გუნდს. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ის, დემოკრატიული თუ დიქტატორული, არ სურთ სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება და არც ხალხისთვის იმედის გაცრუება. ამიტომ თან არ გაწყვეტენ საქართველოსთან ურთიერთობას და თან თავიანთი გეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებას შეეცდებიან, პარალელურად საქართველოს დემოკრატიული ლიანდაგიდან გადახვევის უფლებას არ მისცემენ და არც რუსეთის პირისპირ დატოვებენ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სამხრეთ კავკასიაში დომინანტობისა და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის სამი ძლიერი სახელმწიფო, რუსეთი, თურქეთი და ირანი, სხვადასხვა გზით იბრძვის. მით უმეტეს, ამ ვითარებაში არ შეიძლება საქართველოს მიტოვება, თუმცა ჩვენი ხელისუფლების მმართველობის სტილი არ მოსწონთ. ბრიუსელსა და ვაშინგტონში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ორივე ამოცანის გეგმურად შესრულება - ვგულისხმობ გეოპოლიტიკურ მიმართულებასა და საქართველოს დემოკრატიული გზით სვლას - საშუალოვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი.

ამიტომაც თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტს, რბილად რომ ვთქვათ, "ცუდად ექცევა". ამაზე დასავლეთში დაუფარავად ლაპარაკობენ. ამერიკის საელჩოს განცხადებებშიც ჩანს, რამდენად უკმაყოფილო არიან ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების მუშაობით, მაგრამ იმის გამო, რომ "ქართული ოცნება" უამრავ შეცდომას უშვებს, მათი სტრატეგიული ინტერესი არ შენელებულა. საბოლოოდ, ორივეს, ჩვენც და დასავლეთსაც, ერთი ამოცანა გვაქვს - მჯერა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას სურს, არ გავცდეთ დემოკრატიულ სივრცესა და ევროატლანტიკური ურთიერთობის გზას.

- არაერთი შეფასებით, ქვეყნის რეპუტაციისთვის ქვეყნის პირველი პირის პატიმრობა საზიანოა. - დიახ, მით უფრო, რომ სასამართლოს სამართლიანობაზე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კორუფციაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ციხეში არავის ჩაუგდია, გაასამართლეს და შინაპატიმრობაშია, მაგრამ საფრანგეთის მართლმსაჯულებაზე არავინ ეჭვობს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით იყო მოტივირებული.

- საქართველოს პრეზიდენტს კორუფციაზე მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული. - დიახ, ის ქართულმა სასამართლომ გაასამართლა კიდეც, მაგრამ თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში. იქ არავინ ამბობს, რომ პრეზიდენტობისას დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ეს კარგად უნდა გააცნობიეროს და დამატებითი თავსატეხი არ უნდა გაიჩინოს. საქართველოს მართლმსაჯულებაზე დასავლეთსა და აშშ-ში უამრავი კითხვა აქვთ და მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰგავს. გვირჩიეს კიდეც, სტრასბურგში წაგვეღო საქმე, მაგრამ ამაზე რატომღაც არც მისი თანაგუნდელები თანხმდებიან და არც ხელისუფლება.

ლალი პაპასკირი