"დასავლეთი კარგავს საქართველოს როგორც პროდასავლურ ქვეყანას... ეს იქნება მათი იმიჯისთვის დამანგრეველი, რომ ასე გაწირა თავისი პარტნიორი"
პოლიტიკის ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძის აზრით, "დღეს დასავლეთი კარგავს საქართველოს როგორც პროდასავლურ ქვეყანას... ეს იქნება დასავლეთის იმიჯისთვის დამანგრეველი, რომ ასე გაწირა თავისი პარტნიორი".
- ახლა მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრებია და ჩვენ ვხედავთ დასავლეთის გავლენის შემცირებას მსოფლიოში. ის პროცესები, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ამის პირდაპირი გამოძახილია. დასავლეთისთვის გლობალური პროცესი, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცის დემოკრატიზაცია ერქვა, წარუმატებელი აღმოჩნდა... იმავდროულად, დასავლეთი, როგორც ერთიანი სხეული, კარგა ხანია, აღარ არსებობს. ამას დაემატა რუსული ფაქტორის გაძლიერება. რუსეთის ხელისუფლება უფრო ხერხემლიანი აღმოჩნდა, ვიდრე მთელი დასავლეთი და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ობამას პრეზიდენტობიდან დღემდე, როდესაც ამერიკის გავლენა სულ უფრო და უფრო სუსტდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ახლა ამის კულმინაციაა. რუსეთს ხელეწიფება ქაოსის შექმნა თავად აშშ-ისა და დასავლეთის სახელმწიფოებში, აღარაფერს ვამბობ გაზის ფასზე, რომელიც ასტრონომიულად გაზარდა, იმაზე, თუ როგორ მანიპულირებს არჩევნებით და სულ უფრო ძლიერდება პოსტსაბჭოთა სივრცეში. სწორედ ამ დღეებში რუსეთ-ბელორუსის ფაქტობრივად ერთიან სახელმწიფოს შექმნას მოეწერა ხელი, რაც საბჭოთა კავშირის აღდგენის საწყისი წერტილია და რუსეთი აქედან უკან არ დაიხევს, მით უფრო მაშინ, რაც ხდება თუნდაც კავკასიის რეგიონში - 3+3 ფორმატი რეალურად რეგიონის გადანაწილებას ნიშნავს რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის და სტრატეგიული მნიშვნელობის სავაჭრო გზების გაკონტროლებას. შედეგად, კავკასიის სამივე სახელმწიფო მეორეხარისხოვანი პარტნიორის როლში გამოვა. ამ ბრძოლების ეპიცენტრი არის საქართველო და ყველაფერი ის, რაც აქ ხდება, არათუ ამის გამოძახილია, არამედ პირდაპირი გაგრძელება - ანუ დასავლეთის უკან დახევის და რუსეთის შტურმის. რუსეთის შტურმი საქართველოში ბოლო წლებში გამოიხატებოდა იმ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომით, რომლის მიზანიც იყო მოსახლეობაში სახელმწიფო იდეის განდევნა, ერის კონსოლიდაციის ხელის შეშლა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, ნდობის დაკარგვა და ა.შ. ამ ყველაფერს უფრო აღრმავებს შიდაპოლიტიკური სპექტრის დაბერება და მისი განახლების უნარის მოჩლუნგება... ის, რომ პოლიტიკურ სპექტრს ხალხი უნდობლად ეკიდება, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ისეთი მხარდაჭერის მიღება, რომლის გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. ისმის კითხვა, 2012 წელს როგორ მოახერხა "ოცნებამ" ის, რაც მოახერხა, მაშინაც ხომ ძალიან დიდი წნეხი იყო ამომრჩეველზე? მოახერხა ორი ფაქტორის გამო: პირველი - გაცილებით მეტი ამომრჩეველი მიიყვანა არჩევნებზე, ვიდრე გაყალბების შესაძლებლობა იყო, და მეორე - დასავლეთის ფაქტორი. ყველას გვახსოვს, ბათუმში ჩამოსულმა კლინტონმა როგორ უთხრა სააკაშვილს, რომ ძალაუფლება უნდა გადაებარებინა. დღეს მსგავსი ხისტი მოწოდებები არ ისმის და რომც ისმოდეს, "ოცნება" ის ძალა არ არის, რომლისთვისაც დასავლეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ღირებულია და ამიტომაც მასთან მხოლოდ ლაპარაკით ვერაფერს გახდები.
დასავლეთის უხერხემლობა, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, შემცირებული ინტერესი და შიშზე აგებული პოლიტიკა განაპირობებს, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დასავლეთს ინტერესი შენელებული აქვს.
- ამ ფონზე ოპოზიციას სწორი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს? ვგულისხმობ სააკაშვილის ქვეყანაში მალულად შემოსვლას და შემდეგ შიმშილობას, არჩევნების ჯერ გაყალბებულად გამოცხადებას და შემდეგ ამ თემაზე საერთოდ გაჩუმებას, სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქციებს და ა.შ. - დავიწყებ ისევ დასავლეთის კონტექსტით, რადგან დასავლეთის ურეაქციობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში შიმშილობაზე ჩვენს მოქალაქეებში აჩენს ნიჰილიზმს. თუ დასავლეთი წაყრუებას გააგრძელებს, საქართველოს პროდასავლურ ამომრჩეველს ძალიან გაუცრუებს იმედს.
- სააკაშვილისა და ოპოზიციის ქმედებები აძლევს დასავლეთს მხარდაჭერის საშუალებას? ჩამოსვლამდე ეუბნებოდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა, რათა დესტაბილიზაცია არ გამოეწვია. ჩამოვიდა საზღვრის დარღვევით და ა.შ. - დასავლეთს არ სურს საქართველოში დესტაბილიზაცია. საქართველოში სტატუს-კვოს შეცვლა არც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სურდა და არც ახლა სურს. მაშინ რომ არ უნდოდა, გასაგები იყო, რადგან ოპოზიცია უფრო დაქსაქსული იყო...
- ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა, რომ არჩევნები გაყალბდა. - კი, ეს იყო წინა არჩევნებზე, მაგრამ მეორე ფაქტორია - დასავლეთი მოქმედებდა შეჩვეული ჭირის პრინციპით. იმდენად დაქსაქსული იყო ოპოზიცია, რომ ყველა სხვადასხვა მხარეს იქაჩებოდა. ამიტომ დასავლეთმა არჩია, რომ ისევ "ოცნებასთან" დაეჭირა საქმე. დღეს დასავლეთს აშინებს ისევ დესტაბილიზაციის ფაქტორი. თუმცა სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, დესტაბილიზაცია გამოირიცხება? დასავლეთი კარგავს საქართველოს როგორც პროდასავლურ ქვეყანას... ეს იქნება დასავლეთის იმიჯისთვის დამანგრეველი, რომ ასე გაწირა თავისი პარტნიორი. დასავლეთს აწყობს აქ სტაბილურობა, მაგრამ იმ ფორმით, რაც არის, ჩვენთვის ჭაობია. დასავლეთის ასეთი დუმილი დეესკალაციას არ უწყობს ხელს... ცხადია, სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ამას რუსეთი საკუთარ გამარჯვებად მიითვლის და ეს იქნება დასავლეთის კიდევ ერთი დიდი მარცხი, ხმა რომ არ ამოიღო, თორემ მერე ნეკროლოგები საკუთარ თავს უწერონ. ამის შემდეგ ისევ ის დომინოს პრინციპი ჩაირთვება, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომზე არასათანადო რეაგირების გამო.
- ხელისუფლება კომპრომისზე წავა? ან ოპოზიციამ რა უნდა დათმოს? - ოპოზიცია ერთსა და იმავე ნაღმზე აბიჯებს და თუ ტაქტიკა არ შეცვალა, თუ წინააღმდეგობის ახალი ფორმები არ მოიფიქრა, რომელთან გასამკლავებლადაც ხელისუფლებას რესურსი არ ეყოფა, და იმავდროულად, ვერ მოახერხებს საზოგადოების დიდი ნაწილის აყოლიებას, ეს ქმედებებიც განწირული სულისკვეთება იქნება...
რაც შეეხება ხელისუფლებას, ერთადერთი გამოსავალი იქნება ეროვნული შეთანხმება, ცხელი თავების გარდა, რაციონალურად მოაზროვნე და პოზიტივზე ორიენტირებული ადამიანების მონაწილეობით. ამ მხრივ სამაგალითოა კახა კუჭავას საქციელი, რომელმაც მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა. სწორედ ასეთი ადამიანები და ფაქტები აჩენს პერსპექტივის განცდას.
რუსა მაჩაიძე