"ცვლილებების მისაღწევად ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ"
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს პარტიულ პოლიტიკურ დანაყოფს წარმოადგენს, ჩვეულებრივი პოლიტიკური პოლიციაა და ქვეყნის უსაფრთხოებზე ზრუნვის ნაცვლად პარტიულ დავალებებს ახმოვანებს. შესაბამისად, მას არანაირი ნდობა არ გააჩნია", - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას გეგმავდა. სხვადასხვა ოპოზიციურ ლიდერს დირექტივებს პენიტენციარულ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით აძლევდა. "სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებაში. ოპოზიციის დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე შესაძლო რევოლუციურ სცენარზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:
- პროტესტის გამოხატვას ვერანაირი მიზეზით ვერ აკრძალავენ. გზების გადაკეტვა და პარლამენტის პიკეტირება კონსტიტუციით მონიჭებული პროტესტის ფორმაა, რომელსაც ჩვენ 20 ივლისის მოვლენების შემდეგაც მივმართავდით. სამწუხაროა, რომ ამ მოვლენების შემდეგ დაწყებული კრიზისი ყოველდღიურად ღრმავდება. ხელისუფლების არაადეკვატური პასუხი ვითარებას უფრო ართულებს, ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყნის განვითარებას... ამ ქაოსში ფულს ვინ ჩადებს? რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ჩამოყალიბდა ძალმომრეობითი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მიღმა არ იყურება, არ ცდილობს კომპრომისზე წასვლას. დღეს დიალოგზე არავინ საუბრობს, იმიტომ, რომ აზრი არა აქვს. რაც უფრო გაღრმავდება კრიზისი, მით უფრო მძიმე იქნება პროცესის დასასრული.
- მმართველი გუნდი კრიზისს არ აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანას პრობლემებს ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, ანუ მუდმივი საპროტესტო აქციები უქმნის. - "ოცნება" გავიდა მიშელის შეთანხმებიდან და გაოცებული დატოვა დასავლური სამყარო. მანამდე იყო 8 მარტის შეთანხმება და შემდეგ ისევ მოტყუება. ასევე არ შეასრულეს 20 ივლისის მოვლენების შემდეგ გაცემული პირობა. ახლა გეკითხებით, ვინ არის დესტრუქციული? როდესაც რაღაც წესებზე მითანხმდები, სამოქმედო გეგმას ადგენ და ამ ყველაფრის შემდეგ მაგიდას მიყირავებ, დესტრუქციული მე კი არა, შენ ხარ! მოდი, სიმართლე ვთქვათ, ოპოზიციას ალტერნატიული გზაც აღარ დაგვიტოვეს, გარდა იმისა, რომ პროტესტის სხვადასხვა ფორმა გამოვიყენოთ.
- ბოლო დროს აქტიურად აღარ ჩანხართ. თქვენი ბოლო განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "შარლ მიშელის "რეფორმების ჯგუფისთვის" სახელის შეცვლას უკავშირდება. რას გეგმავს ფრაქცია "რეფორმების ჯგუფი"? - საქართველოში არ ვიყავი, ჩამოვედი და "კოვიდი" დამემართა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში გადავრჩი და ახლა დამემართა. არჩევნების მეორე ტურზე ჩვენმა ფრაქციამ აქტიურად იმუშავა ამომრჩევლის მობილიზებისთვის და ხმების დასაცავად. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ საბოლოოდ ეს შედეგი მივიღეთ.
- რაში ხედავთ მთავარ შეცდომას? - "ოცნებას" აქვს ახალი "ნოუ-ჰაუ" - აქამდე მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე ვსაუბრობდით, ამ არჩევნებზე ოპოზიციის მხარდამჭერთა პასპორტების შესყიდვაც დაიწყეს. ეს იყო მთავარი კომპონენტი, რის შედეგადაც ორი თუ სამი პროცენტით მეტი ხმა მიიღეს. ახლა ოპოზიცია კარგად უნდა დავფიქრდეთ, სწორი სტრატეგია ავირჩიოთ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები როგორმე ბოლომდე მივიყვანოთ და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. შემდეგ საზოგადოებაში ისეთი ინტერესი უნდა გავაჩინოთ, რომ დიდი უპირატესობით მოვუგოთ "ოცნებას" და გაყალბება შეუძლებელი გავხადოთ.
- სწორ სტრატეგიას როგორ აირჩევთ, როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის დღის წესრიგი ისევ საპროტესტო აქციებია? - ცვლილებების მისაღწევად ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის საპარლამენტო, საპროტესტო, ასევე საერთაშორისო. ძალიან მალე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩამოდის და მათთან გვაქვს შეხვედრა დაგეგმილი. სიმართლე ვთქვათ, დღემდე საქართველოში პროტესტის გარეშე ვერაფერს მივაღწიეთ. "ოცნებას" პროტესტის გარეშე არაფერი ესმის.
- ეს აქციები უკვე აღქმულია რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობად. შეგახსენებთ სუს-ის განცხადებას, რომ რევოლუციური სცენარის თავიდან ასარიდებლად, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და დამნაშავეები უმკაცრესად აგებენ პასუხს. - სუს-ისთვის დანაშაულია, თუ პარტიას რამე საფრთხე დაემუქრება. არ გამიკვირდება, თუ რეპრესიებსაც დაიწყებენ და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასაც დააშინებენ, რათა მონაწილეობა არ მიიღოს საპროტესტო აქციებში.
ხათუნა ბახტურიძე