"აფხაზეთის ანექსია კრემლისთვის არარეალური სცენარია"
"ნათელია, რომ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთმა, ასე ვთქვათ, იაფად ჩაიგდო ხელში"
13 წელი კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებიდან საკმარისი პერიოდია იმის გასაანალიზებლად, რად დაუჯდათ ეს ნაბიჯი როგორც საქართველოსა და რუსეთს, ასევე - თვითგამოცხადებულ რეჟიმებს, სადაც რუსეთთან ინტეგრაციის შეუქცეველი პროცესის ფონზე ისმის კითხვა - რა მომავალი ელოდება "დამოუკიდებელ სოხუმსა და ცხინვალს? ამ საკითხებზე რუსეთის და თვითგამოცხადებული რეჟიმების მკვლევარს, პლატფორმის - Russland Verstehen ("გავიაზროთ რუსეთი") - რედაქტორს, ნიკოლაუს ფონ ტვიკელს ვესაუბრეთ.
- ისტორიული რაკურსით დავიწყოთ... დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კრემლის ერთ-ერთი მთავარი კოზირია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადების გასამართლებლად. მყარია ეს არგუმენტი?
- ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ეს მხოლოდ მოსახერხებელი საბაბია, რათა საკუთარი ქმედება გაამართლოს. რუსეთი პრაგმატულია - როცა სჭირდებათ, ისინი ამას იყენებენ, როცა არ სჭირდებათ, ამას არ აკეთებენ, როგორც დონეცკსა და ლუგანსკში.
- თქვენ ხართ Russland Verstehen ("გავიაზროთ რუსეთი") პლატფორმის რედაქტორი. რა არის კრემლისა და პუტინის მთავარი მოტივაცია, მუდმივ დოტაციაზე ჰყავდეს და, ფაქტობრივად, არჩინოს ეს რეგიონები? - მთელ მსოფლიოში კრემლის დამკვირვებლებს შორის არის კონსენსუსი, რომ პუტინი თავს ნაკლებად იწუხებს გრძელვადიანი სტრატეგიებით - ის ტაქტიკოსია, დღეს დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, მაგრამ შესაძლოა ხვალ თავისი გეგმა შეცვალოს. სწორედ ამის მაგალითი ვნახეთ, როდესაც კრემლი, აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოცწლიანი არაღიარებიდან აღიარებაზე გადავიდა. ეს იყო ტაქტიკური და არა სტრატეგიული ნაბიჯი. უკრაინაში ამ პოლიტიკის განახლებული ვერსია შემოგვთავაზეს. ახლა ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ არა მხოლოდ აღიარებაზე, არამედ ანექსიაზე, როგორც ყირიმში მოხდა. საგულისხმოა, რომ ყირიმშიც ანექსიას აღიარება უსწრებდა წინ - ჯერ დამოუკიდებლად აღიარეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი რეფერენდუმი ჩაატარეს.
- უნდა ველოდოთ თუ არა, რომ კრემლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც იმავე ნაბიჯს გადადგამს? - ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, აღვნიშნოთ განსხვავებები ქართულ და უკრაინულ სცენარებს შორის. დონეცკსა და ლუგანსკში საქმე გვაქვს კლასიკურ მარიონეტულ რეჟიმებთან. ადგილობრივ სეპარატისტულ ლიდერშიპს ძალიან პატარა სივრცე აქვს მანევრირებისა და საკუთარი პოლიტიკის წარმართვისთვის. მათთან შედარებით აფხაზეთი სულ სხვა პლანეტაზეა. სოხუმში არსებობს სეპარატისტული ელიტა, რომელსაც ძალაუფლება აქვს ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული. მათ გაცილებით მეტი დრო ჰქონდათ დასაფიქრებლად იმაზე, რა სურთ და როგორ მიაღწიონ მიზანს და ისინი ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ სურთ იყვნენ აფხაზეთი და არა აფხაზეთის ოლქი ან მსგავსი რამ. ისინი დამოუკიდებლობის სცენარს არ გადაუხვევენ და მე ვფიქრობ, აფხაზეთის ანექსია კრემლისთვის არარეალური სცენარია. ამის საპირწონედ, სამხრეთ ოსეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული სცენარი. იქ ელიტა აქტიურად ცდილობს მიაღწიოს ანექსიას, ან, როგორც ამას თავად მონათლავდნენ, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. რუსეთმა ეს კარგად იცის, მაგრამ ისიც იცის, რომ მეტი ტერიტორიის ანექსია მეტ თავის ტკივილს მოუტანს, მათ შორის, მეტ სანქციას, ასე რომ, ძალიან ფრთხილად არიან. რუსებმა რამდენჯერმე უარი უთხრეს ცხინვალს, როდესაც იქ სცადეს ამ საკითხის აქტიურად წამოწევა. საგულისხმოა ისიც, რომ თუ რუსეთი მართლაც მოაბამს თავს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულ ანექსიას, სავარაუდოდ, ცხინვალში ძალიან უბედურები იქნებიან, რომ იგივე "წყალობა" მათაც არ ერგოთ.
- სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის ფონზე რამდენად ძვირი დაუჯდა რუსეთს საკუთარი ექსპანსიური ავანტიურა საქართველოში? - ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთმა, ასე ვთქვათ, იაფად ჩაიგდო ხელში. დონბასი იღებს ბევრად მეტ რესურსს რუსეთისგან, განსაკუთრებით - ფულს. რუსეთის ბიუჯეტიდან აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში დასახარჯი თანხა ახლოსაც ვერ მოვა იმასთან, რასაც ისინი დონეცკსა და ლუგანსკში ხარჯავენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმიც - ის ითხოვს უზარმაზარ თანხას, ალბათ, იმაზე მეტს, ვიდრე დონბასი და ლუგანსკი ერთად, ასე რომ, უკრაინის განზომილების დამატებამ გაზარდა ამ ახალი იმპერიული პოლიტიკის ღირებულება.
კრემლის გადმოსახედიდან, ფინანსური თვალსაზრისით, სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი, უბრალოდ, ჯუჯები არიან უკრაინასთან შედარებით.
- სხვა კუთხიდანაც შევხედოთ... ერთია, რა უჯდება კრემლს ფინანსურად ამ რეგიონების რჩენა და მეორე - რა პოლიტიკური ფასის გადახდამ მოუწია მას ამისთვის. მხედველობაში მაქვს დასავლეთის რეაქცია 2008 წელს და შემდგომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. უნდა ყოფილიყო თუ არა ეს ფასი უფრო მაღალი? - დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოში, დასავლეთის გადმოსახედიდან, ყირიმთან შედარებით სიტუაცია უფრო ბუნდოვანი იყო. აქ აშკარა ანექსია არ მომხდარა. ამას ემატება გაუთავებელი კამათი იმის შესახებ, ვინ მიმართა პირველად სამხედრო აგრესიას. უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ყველანაირად ცდილობს, თავი გარე აქტორად წარმოაჩინოს, სხვა სიტუაციაა.
დასავლეთის პოლიტიკური ელიტა თანხმდება, რომ სწორედ რუსეთი იყო თავდაპირველი აგრესორი და ამის გამო უნდა დაისაჯოს. ეს უფრო ძლიერი არგუმენტია, ვიდრე დასავლეთს ჰქონდა 2008 წელს. რა თქმა უნდა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ 2014 წლისთვის დასავლეთს უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ რუსეთი მსგავს ქმედებებს არ შეწყვეტდა, ამიტომ ჩამოყალიბდა ერთგვარი კონსენსუსი რუსეთის რაობასთან დაკავშირებით, 2008 წელს კი ისევ პრეზიდენტ მედვედევს ვესაუბრებოდით, მაშინ აქტიურად განიხილებოდა სხვადასხვაგვარი მიდგომა რუსეთთან და კიდევ არსებობდა იმედი, რომ რუსეთი უფრო ლიბერალური გახდებოდა, შორეულ მომავალში მაინც. ახლა მსგავსი ილუზიები აღარ არსებობს. შესაბამისად, კრემლისთვის სანქციების დაწესებაც ერთმნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა.
- დავუბრუნდეთ აღიარებისა და ანექსიის პოლიტიკას. ამბობთ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლობის გზას არ გადაუხვევს. მაგრამ მეორე მხრივ, ის, რაც აფხაზეთში ხდება, რა შეუქცევად ნაბიჯებსაც დგამს რუსეთი ინტეგრაციის ეგიდით (იქნება ეს თავდაცვის, ეკონომიკური თუ ფინანსური სექტორები), რა არის ეს, თუ არა ფასადური დამოუკიდებლობა? - სწორი შენიშვნაა. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის რუსეთზე დამოკიდებულების დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე აღმოსავლეთ უკრაინის, ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე აფხაზეთში სიტუაცია დრამატულად განსხვავებული იქნებოდა.
საქმე ის არის, რომ აფხაზეთში, საკუთარი ოაზისური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დღემდე სწამთ, რომ ერთ დღეს სანაოსნო ერად იქცევიან, რომელიც სოხუმის პორტიდან მთელ მსოფლიოსთან ივაჭრებს. ბოლო 30-მა წელმა დაგვანახა, რომ ეს აფხაზეთისთვის რეალური ალტერნატივა არ არის, მაგრამ ერთ საინტერესო ანომალიას ააშკარავებს. სხვა მსგავსი რეგიონებისთვის - დნესტრისპირეთი იქნება ეს, ცხინვალი თუ დონბასი - არჩევანი მკაფიოა: რუსეთი ან არარსებობა! ისინი ცხადად აცნობიერებენ, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებენ. აფხაზეთი, ვფიქრობ, ერთადერთი გამონაკლისია, სადაც სჯერათ, რომ გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით შეუძლიათ თანამედროვე სამყაროში რუსეთისგან დამოუკიდებლადაც იარსებონ.
- რეალპოლიტიკის გადმოსახედიდან მსგავსი სცენარი რეალურია? შეიძლება მართლაც ასე მოხდეს? - არა მგონია. დასავლეთი ამას მხარს არ დაუჭერს, პრინციპის გამოც კი. რეალისტები ვიყოთ - დასავლეთში ამ ეტაპზე საქართველოს პრობლემატიკით მაინცდამაინც არ არიან დაინტერესებული. ნატოში გაწევრებაზე მიმდინარე პროცესებშიც ცხადად გამოჩნდა, რომ საქართველოს მხარდაჭერას ლიმიტი აქვს, მაგრამ აფხაზეთის აღიარებას დასავლეთი არ განიხილავს, იმიტომ, რომ ეს: ა) მიუღებელია, როგორც სახიფათო პრეცედენტი და ბ) მიუღებელია ის გზა, რომლითაც აფხაზეთი დამოუკიდებლობას მიაღწევდა.
ვაჟა თავბერიძე
ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში