"ამ ხალხის უმრავლესობამ მიშას დროს დატოვა საქართველო და კიდევ "მიშა, მიშას" გაჰყვირიან. ან რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი?" - კვირის პალიტრა

"ამ ხალხის უმრავლესობამ მიშას დროს დატოვა საქართველო და კიდევ "მიშა, მიშას" გაჰყვირიან. ან რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი?"

"სააკაშვილი ნიუ-იორკში რომ ჩამოვიდა, ემიგრანტებმა რესტორანში მოუწყვეს შეხვედრა და დიდი ყუთი ასდოლარიანებით გაუვსეს. ალბათ, გულში დასცინოდა კიდეც ამ ადამიანებს. საშინელებაა ფანატიზმი. ბართლომეს ღამეც ფანატიკოსებმა მოაწყვეს. გული მწყდება, რომ ჩემს პატარა ქვეყანაში ადამიანები ორ დაპირისპირებულ ბანაკად აქციეს. მხოლოდ აგრესია და ლანძღვა-გინება ისმის..."

მწერალი ირმა ბეგლარიშვილი ბევრ იმ სხვა ქართველთან ერთად აღმოჩნდა, ვინც ოჯახის გადასარჩენად იძულებული გახდა, სამშობლო და შვილები დაეტოვებინა. უკვე ათი წიგნის ავტორია. მათგან ორი - რომანი "მარტოობის კუნძული" და ლექსების კრებული "მე გავლითა ვარ დედამიწაზე" - 2021 წელს დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 22 წელია, ამერიკაში ცხოვრობს, ყოველთვის საქართველოს მოჭირისუფლეა.""ჩვენ უკვე იმ ნავენახარს დაგვამსგავსეს, ვაზიც რომ არ დატოვეს. ყველა ფესვებიანად ამოგვგლიჯეს და დედამიწაზე მიმოგვფანტეს. ყოველ წელს ვცოტავდებით და ვცოტავდებით, ბოლოს, ალბათ, გავქრებით კიდეც", - გეუბნება და გრძნობ, როგორ წუხს და როგორ სტკივა სამშობლო.…

- პირველად მოთხრობა რომ დავწერე, ათი წლის ვიყავი. მერე მოვიდა ლექსიც. მხოლოდ ის მახსოვს, თოვდა და პირველი თოვლის სითეთრემ და სიფაქიზემ დამაწერინა პირველი ლექსი... გაზეთში ჩემი მოთხრობაც დაიბეჭდა, რომელსაც "პატარა, ჭრელი კალმახი" ერქვა. ოთხმოცამდე წერილი მომივიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და სიხარულით დავფრინავდი.

უკვე ათი წიგნი მაქვს გამოცემული. სხვათა შორის, ქართველი კრიტიკოსი და მწერალი ბატონი ლერი ალიმონაკია რედაქტორი ჩემი ლექსების კრებულისა "მე გავლითა ვარ დედამიწაზე"...

ჩემს შემოქმედებაში მთავარი ადამიანის სულია, მის შრეებში დალექილი განცდები, სისუსტეები, უსახელო ტკივილი. 2021 წელს ჩემი რომანი "მარტოობის კუნძული" დაიბეჭდა საქართველოში. ამ წიგნში ერთი უბრალო ქალის ცხოვრებით ვამბობ ჩემს სათქმელს. ამ წიგნით იქნებ არაფერს ვამბობ ახალს, მაგრამ იმას კი ვეუბნები ადამიანებს, რომ სიკვდილი არ არის დასასრული, დასასრული დავიწყებაა...

- ერთი ლექსი წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელისთვის მიგიძღვნიათ: "ჩემი გურამი ვნახე გუშინ სიზმრად წასულმა!/ ბავშვი ტირილით ხელგაშლილი ჩემკენ მორბოდა,/ ჩემი გურამი ცრემლიანი მეხუტებოდა,/ წამიყვანეო, დაჩოქილი მევედრებოდა". - საკუთარი თავის ძიებამ 80-იან წლებში წყნეთის ბავშვთა სახლში მიმიყვანა. რუსულ ჯგუფში ვმუშაობდი ძიძად, ორ განაკვეთზე, ხელფასს კი ერთი განაკვეთისას მაძლევდნენ - ორი არ შეიძლებაო, მაგრამ ისე მინდოდა ბავშვებთან, რომ ამას არაფრად ვაგდებდი. ყველა მიყვარდა, მაგრამ გურამი ჩემს გულთან ძალიან ახლოს მოვიდა. ალბათ, მხოლოდ საკუთარ პირმშოს იყვარებენ ისე, როგორც მე ის მიყვარდა. ქირით ვცხოვრობდი, არც ოჯახი მყავდა, რომ შვილად აყვანაზე მეფიქრა. საოცარი ბიჭუნა იყო, უჩემოდ არ იძინებდა. პატარა საწოლში გვერდით ვუწვებოდი. ჩემს ხელს გულში იხუტებდა და ისე იძინებდა. დედას მეძახდა, მაგრამ როგორც იქნა, დავაჯერე, რომ დედა არ ვიყავი და მხოლოდ ირმა დეიდა ვიყავი. სულ მეხვეწებოდა, წამიყვანე აქედანო. მართლა მინდოდა მისი შვილად აყვანა, მაგრამ მაშინ არაფერი მქონდა: არც ქმარი მყავდა, არც სახლი მქონდა და ბავშვს არავინ მომცემდა. ველოდებოდი დირექტორის დაბრუნებას, დეკრეტულ შვებულებაში იყო და მან იცოდა ჩვენი სიყვარულის შესახებ. იქნებ ის დაგვხმარებოდა კიდეც, მაგრამ ერთხელ, შვებულებიდან დაბრუნებულს, გურამი ბავშვთა სახლში აღარ დამხვდა - გააშვილეს... ამ ამბიდან მალე სამსახურიდანაც წამოვედი. გურამის გარეშე სასჯელი იყო ჩემი იქ ყოფნა. ეს ლექსიც და რადენიმე მოთხრობაც გურამზეა დაწერილი... წლების მერე ვიპოვე გურამი, მაგრამ სულ ის პატარა ბიჭუნა მენატრება, მე რომ მელოდებოდა...

- სევდიანი ამბავია... როგორ ვამაყობდი ჩემი ქართველებით და რას დაამსგავსეს ქვეყანაო, წერდით. როგორია პატრიოტიზმის თქვენეული აღქმა? - უცხოობაში ვარსებობ 22 წელია, არადა, აქ მხოლოდ ორი წლით ჩამოვედი. პატრიოტიზმი რა არისო, მეკითხებით. სამშობლო დედასავითაა. სანამ ცოცხალი გყავს, ბედნიერი ხარ; როდესაც გიკვდება, ცარიელდები. ვხედავ, როგორ მიკლავენ სამშობლოს და იგივე შეგრძნება მაქვს, რაც დედის სიკვდილის დროს. მის სიყვარულს სწავლა არ უნდა, ის დაბადებიდან შენში უნდა იყოს. მახსოვს, ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკაში. წლის და ათი თვის ბავშვი დავტოვე და თვალზე ცრემლი არ მაშრებოდა. უმუშევარს საარსებო ფულიც არ მქონდა და იძულებული ვიყავი, ებრაელებთან დალაგებას დავთანხმებოდი.

დიასახლისმა მთელი დღე გაზქურასთან დამაყენა ყურის საწმენდი ჩხირებით და მაწმენდინა. მაშინ არც ინგლისური ვიცოდი და იქამდე მისასვლელი ფულიც ვისესხე. რომ მეგონა, მოვრჩი-მეთქი, ისევ გაზქურასთან მაბრუნებდა, გადაბმის ადგილებს სინჯავდა და თუ ბამბა ფერს შეიცვლიდა, ისევ მაგრძელებინებდა. საღამომდე იმ გაზქურასთან ვიდექი, ჩხირების შვიდი კოლოფი დამჭირდა. გამოქცევა მინდოდა, მაგრამ გზის ფული არ მქონდა. ბოლოს გარეთ გამოვვარდი, მივაყარე ეს ჩხირები და ტირილი ამივარდა. ვქვითინებდი და სიცარიელეს ვეკითხებოდი, სადა ხარ, ჩემო ღმერთო-მეთქი. ვერ ვპატიობდი სამშობლოს ჩვენს გამეტებას.

დედინაცვალივით რატომ მოგვექცა სამშობლო თავის შვილებს-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სამშობლოსაც ჩვენსავით უჭირდა, მასაც ჩვენსავით ექცეოდნენ. ბევრია, ვისაც რცხვენია ქართველობის. ალბათ, რამხელა ადამიანიც ხარ, იმხელაა შენში შენი ფესვების ძალაც.

ვინ არიან პატრიოტები? ვინც გულით ატარებს თავისი მიწის სიყვარულს, როგორც დედის სიყვარულს. არ აქვს მნიშვნელობა, ქარი რომელ მხარეს წაიღებს. მთავარია, გულს გითბობდეს მისი სიყვარული, რომ დედასავით მოგიარა, დაგაფრთიანა და სიყვარული შეგაძლებინა. სამშობლოს სიყვარულს არ სჭირდება ყვირილი და მკერდში მჯიღის ცემა, ის ჩვენი ქცევით მტკიცდება.

- ემიგრანტები დაუფარავად გამოხატავენ თავიანთ პოზიციასაც პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ, რაც საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. - სამწუხაროდ, ცუდი ყოველთვის ყვირის და ასე არიან "ნაციონალების" მოყვარული ფანატიკოსებიც ამერიკაში. შორიდან ისე ჩანს, თითქოს ემიგრაციაში ყველას მიშას დაბრუნება უნდა, მაგრამ ასე არ არის. ამერიკაში 400 000 ემიგრანტია და ნიუ-იორკში 50 კაცი თუ შეიკრიბა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირად ფიქრობს.

სულ ვცდილობ ამოვხსნა, რა კატეგორიის ფენომენთან გვაქვს საქმე, მაგრამ მიჭირს. ამ ხალხის უმრავლესობამ მიშას დროს დატოვა საქართველო და კიდევ "მიშა, მიშას" გაჰყვირიან. ან რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი? ვფიქრობ, ეს ადამიანები თავიანთ უარყოფით ენერგიას ამ გზით ავლენენ.

სააკაშვილი ნიუ-იორკში რომ ჩამოვიდა, ემიგრანტებმა რესტორანში მოუწყვეს შეხვედრა და დიდი ყუთი ასდოლარიანებით გაუვსეს. ალბათ, გულში დასცინოდა კიდეც ამ ადამიანებს. საშინელებაა ფანატიზმი. ბართლომეს ღამეც ფანატიკოსებმა მოაწყვეს. გული მწყდება, რომ ჩემს პატარა ქვეყანაში ადამიანები ორ დაპირისპირებულ ბანაკად აქციეს. მხოლოდ აგრესია და ლანძღვა-გინება ისმის... ყალბ საზოგადოებას გმირებიც ყალბი ჰყავს!

სულელი უნდა იყო, ვერ მიხვდე, საით მიექანება კაცობრიობა. იმდენი სიყალბეა, რომ სიმართლის გარჩევა ჭირს. ჩვენ ვიბადებით სიცრუეში, გვაცხოვრებენ სიცრუეში და ვკვდებით სიცრუეში. ბოროტება სიკეთეზე ძლიერია. ბოროტებით განადგურებულს ყოველთვის სიკეთით ვერ ააშენებ. დაგვათითოკაცეს და ასე ცალ-ცალკე მტერსაც არ გაუჭირდება ჩვენი განადგურება.

ჩვენი თაობა სხვა სიყვარულით გავიზარდეთ. იმ ავბედით 90-იანებშიც, მიუხედავად სიცივისა და სიბნელისა, ხალხს მაინც უყვარდა ერთმანეთი, ახლა კი იმხელა აგრესიაა... სწორედ ეს დაგვღუპავს. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი საქართველოთი. ახლაც, ტკივილთან ერთად, ამაყი ვარ, მაგრამ სამშობლოც ცოცხალი ადამიანივითაა - თუ დააუძლურე, არ უწამლე, მოკვდება! მე მინდა ჩემი ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას რომ თავისი საქმე ეკეთებინა, იქნებ ამ დღეში არც ჩავცვენილიყავით... როდესაც პოლიტიკოსობა მხოლოდ ფულის კეთების საშუალებაა, სამშობლოსა და ხალხზე არავინ ფიქრობს, მე კი მინდა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ შეგვრისხონ ამ გულგრილობის, დუმილისა და თვალის არიდებისთვის. მე მინდა დავბრუნდე, მაგრამ დამხვდება კი საქართველო?

ნინო ჯავახიშვილი