"თუ ჩვენ ერთად ვდგებით მიზნის მისაღწევად, პოლიტიკოსებმაც ერთობლივად სცადონ ქვეყნის მოვლა"
"გამარჯვება განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელია. ამაყი ხარ, რომ ეს შეძელი... ამ ბავშვების თვალებში ხედავ ძალას და შემართებას, გრძნობ, რომ წინაპრების სისხლმა იყივლა. ამ დროს ემოციის გაკონტროლება ძალიან ძნელია"
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან საუბარი დღევანდელობით დავიწყეთ, თუმცა ინტერვიუ ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ გარდასულ დღეთა ამბებიც გავიხსენეთ.
- ძალიან დატვირთული თვე დაგვეწყო, ძალოსნობის შეკრებაზე ვარ ბათუმში. გუნდი ემზადება და ელოდება ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატს. არის პატარ-პატარა ტრავმები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ჯანმრთელი გვყავდეს. პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება...
- ე. ი. მხოლოდ სპორტით ხართ დაინტერესებული და არა - პოლიტიკით? - პოლიტიკა ჩემთვის არის: მივედი, შემოვხაზე, ჩავაგდე, გამოვედი.
- შემოხაზვის მერე რა მოხდა? - სულ ვამბობ, რომ თუ ყველამ ჩვენი საქმე არ ვაკეთეთ და ერთმანეთს გვერდით არ დავუდექით, არაფერი გამოვა. დღეს ყველა ამბობს, რა არ უნდა, მაგრამ გვითხრან, რა უნდათ. ბათუმს გავყურებ და რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. ასეა თბილისიც, ქუთაისიც... დღეს საჭიროა, ერთმანეთს მოვუსმინოთ.
ჩემთვის პოლიტიკა არის სამშობლოს სიყვარული, მაგრამ დღეს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს იქცა უარყოფით ენერგიად, რომელიც უნდა ამოაფრქვიო ვიღაცის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვიცით, რომ გამარჯვება ქვეყანას და გულშემატკივარს უნდა მივუძღვნათ. ოლიმპიადაზე გამარჯვებამ ყველა გააერთიანა. ასე უნდა მოხდეს პოლიტიკაშიც. ღვარძლიანი განცხადებებით და ერთმანეთის მტრობით ვერაფერს მოვიგებთ.
- ყველა ჩემპიონატის სიმბოლოდ იქცევა ხოლმე თქვენი ცრემლმორეული ფოტოები... - არადა, 13 წელიწადში ერთხელ ვტირი. ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ვიცი, ბევრია ჩასაფრებული და ამ დროს გამარჯვება განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელია. ამაყი ხარ, რომ ეს შეძელი... ამ ბავშვების თვალებში ხედავ ძალას და შემართებას, გრძნობ, რომ წინაპრების სისხლმა იყივლა. ამ დროს ემოციის გაკონტროლება ძალიან ძნელია. თუ ჩვენ ერთად ვდგებით მიზნის მისაღწევად, პოლიტიკოსებმაც კეთილი ინებონ და ერთობლივად სცადონ ქვეყნის მოვლა. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც იცის. რაც არ გამოსდის, იმ საქმეში ასპარეზი სხვას უნდა დაუთმოს. სპორტში მთვარია, ბავშვები სწორად, ჯანსაღად აღვზარდოთ. უნდა გაჩნდეს მიზნობრივი პროგრამები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაც. მართლია, ყველა ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გახდება, მაგრამ სამაგიეროდ იქნებიან ჯანმრთელები, შრომისმოყვარეები, კეთილსინდისიერები, ექნებათ ჯანსაღი სული. ასეთი ადამიანი პოლიტიკაშიც სწორად მოიქცევა და აღარ გვექნება ისეთი საშინელი დაპირისპირება, როგორიც დღეს გვაქვს.
ხანდახან ვფიქრობ, ეს უცხოეთიდან ხომ არ მოდის? სპეციალურად ხომ არ ეძებენ ისეთ ხალხს, რომლებიც მერე ასე იქცევიან? რატომ უნდა იყოს ასეთი აგრესია თუნდაც ჟურნალისტებისგან? რატომ უნდა ცდილობდეს ჟურნალისტი, აბსურდული კითხვებით ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანოს?! ჩასაფრებულის პოზა და ყოველთვის ყველაფრის დაწუნება საზიანოა. კი ბატონო, თქვი, რაც არ მოგწონს, მაგრამ ისიც მითხარი, ამის მაგივრად რა ივარგებს.
ერთმანეთს გამოცდილება უნდა გავუზიაროთ ყველა სფეროში, მაგრამ რაც არ გამოგვდის, ის სხვას უნდა გადავაბაროთ. ამით საერთო საქმე მოიგებს. მთელმა მსოფლიომ იცოდა და დაინახა ბექაურის ტრავმა, ამიტომ უნდა გვეთქვა, როგორ მოვუარეთ ამ პრობლემას. უნდა აღიაროს მსოფლიომ, რომ საქართველოში მედიცინა მაღალ დონეზეა, მაგრამ მხოლოდ მედიცინა საკმარისი არ არის. ჩვენი დაპირისპირება და გაუტანლობაც ყველას თვალში ხვდება. ყველა ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას, ასე კი საქმე არ გამოვა.
- ოჯახზე მიამბეთ... - ოთხი შვილი მყავს: ორი ბიჭი და ორი გოგო. უფროსი 28 წლისაა, ნაბოლორა - 12-ის. ვარჯიშობს სროლაში, კრივში, ძიუდოში. მერე თვითიონ აირჩიოს, რაც მოეწონება. დიდი სპორტსმენი რომ გამოვიდეს, ამას რეჟიმი და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. უფროსები დამოუკიდებლები არიან, საკუთარი საქმე აქვთ და მიხარია, რომ მამას ტელეფონის ფულს არ სთხოვენ. ყველაფერს თავისით მიაღწიეს. ხანდახან ვფიქრობ, რა გავაკეთე მათთვის? მეტი შემეძლო, მაგრამ მეორე ოჯახი - დიდი სპორტული ოჯახი - უფრო წინ დავაყენე.
- სპორტში თქვენი დამსახურებით ბევრი ქვეყანა მოიარეთ. რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი? - ალბათ, 120 ქვეყანაში. ახლა იაპონიაში ვიყავი ერთი თვე და ვერაფერი ვნახე. კოვიდინფექციის გამო დარბაზისა და ოლიმპიური სოფლის გარდა ვერსად გადიხარ. იმედია, მალე სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდებით და აღარ შეგვეშინდება მისალმების, სტუმრობის, ჩახუტების. მგონია, რომ ხალხი ჩაიკეტა. ურთიერთობა მარტო მოკითხვა არ არის. თუ არ შეხვდი, არ დაელაპარაკე, თვალებში თუ არ ჩახედე ადამიანს, ეს რა ურთიერთობაა?
- სანამ ჩვენც მოგვეცემა მოგზაურობის საშუალება, მანამდე გაგვიზიარეთ სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული მძაფრი შთაბეჭდილებები. - გამოვყოფდი სამ ქვეყანას: ურუგვაის, ბრაზილიას, არგენტინას. ჩავედი ფეხბურთის აურის შესასწავლად და მივხვდი, რომ ეს ის მხარეა, სადაც სწორედ ამისთვის იბადებიან და არა - მხოლოდ სამბას ცეკვისთვის. იქ მთელი ქვეყანა გეთამაშება. მთელი ქვეყანა ჩართულია ამ პროცესში.
ჩავფრინდით, რათა არგენტინას დავხვედროდით, როგორც მსოფლიო ჩემპიონს, მაგრამ, სამწუხაროდ, მეოთხედფინალში გერმანიასთან დამარცხდნენ და ქალაქში გლოვა იყო. დროშები დაუშვეს, მაისურებსაც აღარ ყიდდნენ - ჩუქნიდნენ. აღარავის უნდოდა, რადგან მთელი არგენტინა ფეხბურთთან ასოცირდება.
ბრაზილიამ გამაოცა თავისი სილამაზით, ისტორიით, ცეკვებით, სიყვარულით და ფეხბურთით. რამდენჯერაც უნდა ჩახვიდე, პირველად ადიხარ კორკოვადოს მთაზე, რომელზეც ქრისტეს უდიდესი ქანდაკებაა აღმართული. რიო ორად არის გაყოფილი. ერთია წარმტაცი, თანამედროვე, მეორე კი - ბარაკული ტიპის დასახლებებით მოფენილი, რომელთაც ფაველები ჰქვია. სწორედ ფაველებში იზრდებიან მომავალი მსოფლიოს ჩემპიონები. იქ გაიზარდნენ რონალდო, რობინიო, რონალდინიო.
აფრიკის ქვეყნებიდან უფრო ცივილიზებულის შთაბეჭდილება სამხრეთ აფრიკამ დატოვა. ბურებმა ტურიზმისა და ცივილიზაციის სამყარო შექმნეს. მეგობრებმა დამპატიჟეს სანადიროდ. ძალიან მაღალი დონის ტურებს მართვენ: დახვედრა, დისკავერის ჯიპები, სპეცფორმა, გიდი, სუვენირები... ამ ტურის დროს მონადირეებმა საჩუქრად გადმომცეს სუვენირი, რომელზეც გამოსახულია ხუთი ცხოველი: სპილო, მარტორქა, გარეული კამეჩი (ბუფალო), იაგური და ლომი. ამიხსნეს, მსოფლიოში საუკეთესო მონადირედ რომ გაღიარონ, ეს ხუთი ცხოველი უნდა გყავდეს მოკლულიო.
- ევროპაში გადმოვინაცვლოთ... - რომი, პარიზი ჩემი მეორე მშობლიური ქალაქებია. დაახლოებით ისეთივე განცდა გეუფლება კოლიზეუმთან, როგორიც ეგვიპტის პირამიდებთან. რომი სასწაულია! თანაც გლადიატორისსამოსიანმა იტალიელებმა ზუსტად იციან ტურისტის ფსიქიკა, აკეთებენ იმას, რაც გიზიდავს. გადაუხადე 5-10 ევრო და თუ გინდა, თავს დაგაკვლევინებენ. სასწაული აურაა!..
მინდოდა მომენახულებინა პიერ დე კუბერტენის საფლავი. ვიცოდი, დაკრძალული იყო შვეიცარიაში, ლოზანაში, მისი გული კი ოლიმპოს მთაზე, მისივე ანდერძის თანახმად. არავინ გამომყვა და მარტო წავედი.
სასაფლაოზე მხოლოდ ერთი მეეზოვე ქალბატონი დამხვდა. გაუკვირდა, როდესაც შეიტყო, რომ პიერ დე კუბერტენის საფლავს ვეძებდი. შენი ვინ არისო, მკითხა. პაპაა, რომელმაც სპორტი შემაყვარა და პროფესია მაპოვნინა-მეთქი, გავეხუმრე. მაშინ პაპის საფლავსაც გაჩვენებ და ბებიისასაცო - ხუმრობას მიმიხვდა.
- ბებიაში ვინ იგულისხმა? - კოკო შანელი, რომლის საფლავიც იქვე იყო. შანელის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. თუ ვინმეს რამეს ვჩუქნი, ვცდილობ, შანელის პროდუქციიდან იყოს...
ევროპაში დიდხანს არ დავრჩები და თქვენს ყურადღებას მონღოლეთზე შევაჩერებ. მონღოლებმა წაგვიყვანეს იქ, საიდანაც ჩინგიზ-ხანმა დიდი სვლა დაიწყო; გვაჩვენეს ადგილი, სადაც, გადმოცემის თანახმად, მან იპოვა ოქროს მათრახი და ჰქონდა ხილვა, რომ ამ მათრახით უნდა გაეწვრთნა ჯარი, რომლითაც მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა. იმ სტეპებში ცხენზე ამხედრებული ჩინგიზ-ხანის უზარმაზარი ძეგლი დგას. იმხელაა, რომ ცხენსა და მხედარს შორის ლიფტი მოძრაობს. მონღოლები გულიანად გაგვიმასპინძლდნენ.
სხვათა შორის, კარგად იცოდნენ ისტორია. სუფრასთან წარსულზე შევკამათდით კიდეც. თქვენ მეტნი იყავით, თორემ ვერაფერს გვიზამდითო, ვუთხარით. ქართველები მაინც კაცურად დაგვხვდნენო, გვიპასუხეს. საუბრისას ერთმანეთზე უფრო ბევრი გავიგეთ. ვუთხარი, ჩინგიზ-ხანის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია, არადა, ამბობენ, რომ დიდძალი განძი ინახება მის სამარხში-მეთქი. პარლამენტის სპიკერმა მოკრძალებით მითხრა, არ შეიძლება მისი სულის შეწუხება, თორემ შეიძლება კვლავ ომი დაიწყოს, ჰქონდეს ის განძი მასო. აბსოლუტური სერიოზულობით ამბობდა. მონღოლები დღესაც ჩინგიზ-ხანის აურით ცხოვრობენ.
დიდ პატივს ვცემ იაპონიას. მე ხომ ქართველი ვარ და ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ რომ მკითხონ, მეორე ვინ არისო, იაპონელებს დავასახელებდი. საოცარი ერია. მათი ისტორია სამურაებზე, ჩასაცმელი, დახვეწილი მანერები, ჭამისა და ქცევის კულტურა, უფროსის პატივისცემა, მორჩილება არაჩვეულებრივია.
- ყველაზე სპორტული ადამიანები სად ცხოვრობენ? - სკანდინავიის ქვეყნებში.
- რა არის მთავარი ცხოვრებაში? - მთავარია, გიყვარდეს შენი ქვეყანა და ამ ქვეყნის სიყვარულში ეძიო შენთვის თავისუფალი ნიშა.