"დედას ვუთხარი, ცალი ფეხითაც რომ დავრჩე, კლდეზე ცოცვას გავაგრძელებ-მეთქი" - კვირის პალიტრა

"დედას ვუთხარი, ცალი ფეხითაც რომ დავრჩე, კლდეზე ცოცვას გავაგრძელებ-მეთქი"

"ძალიან ძლიერი ხასიათი მაქვს, ფიზიკურ ძალაზე რომ არაფერი ვთქვა. შესაძლოა ხასიათში სიხისტე მთამაც შეიტანა. საქართველოში ძლიერი და განათლებული ქალების ეშინიათ. არაერთხელ უთქვამთ ხუმრობით, შენ ვინ გაგიძლებსო..."

29 წლის მარიამ იოსელიანი მეკლდეურობაში ევროპის ერთადერთი ქართველი პრიზიორია. ბავშვობიდან სიმაღლეზე ცოცვას არ უშინდებოდა, რის გამოც "მაუგლი" შეარქვეს. ზოგი მის გატაცებას ამრეზითაც უყურებდა, მაგრამ ამას არ შეუშინებია, საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს დაუმტკიცა, რომ "არ არსებობს ქალის და კაცის საქმე", არსებობს საქმის სიყვარული და მონდომება, რომელიც ბარიერებს არ ცნობს. სვანეთში, მულახის თემის სოფელ ჟაბეჯში, საბჭოთა კავშირის პრიზიორ ავღან ნავერიანის მეზობლად ცხოვრობს და ვარჯიშიც მან დააწყებინა. 4 წლის იყო, რკინის ბოძზე რომ აცოცდა და სახლის სახურავზე ავიდა.

- უჩვეულო არაფერია, რადგან პირველი ბავშვი არ ვიყავი, ვინც მთიან სოფელში ცხოვრობს და სიმაღლეებს ებღაუჭება. მთის ბავშვები შეზღუდული არ არიან, სულ სადღაც მიიწევენ, თავგადასავლებს ეძებენ. მეც ასე ვიყავი - ხეებსა და სახლის სახურავებზე დავცოცავდი. ბებიას გამორჩეულად ვუყვარდი და მეც ვცდილობდი მისი იმედი გამემართლებინა, რას არ ვაკეთებდი, ტემპი რომ არ დამეგდო...

როგორც კი ოჯახის წევრებს შინიდან გასულს დავიგულებდი, ხეებზე ცოცვას, სახურავსა და მაღალ ღობეზე ძრომიალს ვიწყებდი. რისკიანი ვიყავი, მაგრამ მაინც ვფრთხილობდი. ახლაც ასე ვარ, ხელს რომ ვკიდებ ქვას თუ კლდის წვეტს, უკვე ვგრძნობ, ტანის აზიდვას შევძლებ თუ არა.

"მაუგლის" მეძახდნენ. ყოფილმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონმა და პრიზიორმა ავღან ნავერიანმა რამდენჯერმე ნახა, როგორ ვცოცავდი და მირჩია, იქნებ ვცადოთ, ვნახოთ, რა გამოგვივაო. მან მასწავლა ბევრი რამ, თოკის ჩაბმა, ჩემს დაცვას უზრუნველყოფდა. დამაყენებდა კედელთან და მეკითხებოდა, როგორ გავივლიდი მითითებულ მანძილს. ასე დავიწყე ვარჯიში. პირველივე დღეს დარწმუნდა, რომ ღირდა გუნდის ჩამოყალიბება, ოთხი გოგონა, ამდენივე ბიჭი შეგვკრიბა და სვანეთის გუნდიც ჩამოყალიბდა... ჩემს მშობლებს ეუბნებოდნენ, რაში სჭირდება ეს სპორტი, გოგოს საქმე არ არისო. პატარა ვიყავი, მაგრამ პროტესტის გრძნობა მაინც მქონდა, ჩემთვის ძალიან პირადულს, ძვირფასსა და მნიშვნელოვანს ეხებოდნენ და ჩამოცილებას ცდილობდნენ, ოღონდ ვერ ვხვდებოდი, რატომ... ეს ერთგვარი მოტივაცია გახდა, რათა ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ უაზროდ არ ვშრომობდი და ჩემს ძალისხმევას აზრიც ჰქონდა და შედეგიც.

- პირველი შეჯიბრება სად გქონდათ? - 2004 წელს, 12 წლის ვიყავი, ჭიათურაში ახალგაზრდულ ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა. იმ დროს "კალოშების პერიოდს" ვეძახდი. არავითარი აღჭურვილობა.

ერთი სიტყვით, სამ სხვადასხვა დონეში ავიღე თასი - რთულ, სწრაფ ცოცვასა და დიდების ჯგუფში. მახსოვს, დიდების ჯგუფში დრო მეწურებოდა, მაგრამ ძალა ისევ მქონდა. მოკლედ, თასი მომცეს, ოღონდ პატარა ვიყავი და ვერც ვხვდებოდი მის მნიშვნელობას. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი გამარჯვებით ისეთი გახარებული შემხვდნენ, მივხვდი, რომ წარმატებას მივაღწიე...

თბილისში ერთთვიანი გადამზადების შემდეგ ბულგარეთში წავედი, თუმცა ის დრო ცუდად მახსოვს.

- რატომ? - ვარჯიშის დროს კედლიდან ჩამომაგდეს, ოღონდ ეს შემთხვევით არ მომხდარა. რთული იყო, სახიფათო რელიეფებზე დავცოცავდი, ფეხის დადგმის საშუალება არ მქონდა, ხელებით ვეკიდებოდი და მაჯების გათიშვის საფრთხეს ვგრძნობდი. უკვე ათ მეტრზე ვიყავი და შეშინებულმა ჩემს დამხმარე სპორტსმენს ვუთხარი, ხელებს ვეღარ ვგრძნობ, მოვწყდები, ყურადღებით იყავი-მეთქი, ქათმის წონა გაქვს, შენს დაჭერას რა უნდაო. არაერთხელ გავაფრთხილე, მაგრამ მაინც გამიშვა ხელი, სიმაღლიდან მთელი სისწრაფით წამოვედი და ძირს დავენარცხე. ვიგრძენი, თოკი რომ მომხსნა, გონება დაკარგული მქონდა, ყველაფერი აკრიფა და არც დაინტერესებულა, ცოცხალი ვიყავი თუ არა, დარბაზიდან გავიდა. ახლაც არ ვიცი, რატომ მომექცა ასე 12 წლის ბავშვს...

გადავრჩი, ძალიან ჯანმრთელი ვიყავი, ღვთის წყალობით გონზეც მოვედი და გამოვძვერი. ამდენი წლის შემდეგაც მახრჩობს ბრაზი, რატომ მომექცა ასე. ალბათ, იმიტომ, რომ ეგონა, მკვდარი ვიყავი, დაიბნა და გაიქცა. მეორე დღეს ბულგარეთში ერთად მივდიოდით, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.

იმ შემთხვევის გამო ხუთი დღე გაუნძრევლად ვიწექი, მაგრამ მედიკამენტების გარეშე, ვარჯიშის დამსახურებით, შინაგანი ძალით, რომ გამარჯვება უნდა მომეპოვებინა, ფეხზე დავდექი და მეექვსე დღეს ტრავმიანმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი ავიღე. არადა, რომ არ ჩამოვეგდე, პირველი ადგილი გარანტირებული მექნებოდა.

ამ გამარჯვებამ იმდენად გადაწონა ყველაფერი, რომ სამართლებრივადაც არ მიუდგნენ. ხერხემალი რომ დამზიანებოდა ან სხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიმეღო, ალბათ, არ შეარჩენდნენ, მაგრამ იმ სიხარულმა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იყო, ყველაფერი გადაწონა. იქიდან დაბრუნების შემდეგ სპორტი დატოვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე არ ჩამოშორებია...

- რა არის თქვენი მიზანი? - სანამ ხელის გაშლა შემეძლება, აუცილებლად გავაგრძელებ მეკლდეურობას. ერთხელ დედაჩემს ვუთხარი, ცალი ფეხითაც რომ დავრჩე, კლდეზე ცოცვას გავაგრძელებ-მეთქი. ეს ახსოვს დედას და ამას წინათ მითხრა, ისე გიყვარს შენი საქმე, როგორ აგიკრძალავო. ვარჯიშს ვაგრძელებ. მეკლდეურობა უკვე ოლიმპიური სახეობა გახდა და ყველაფერი წინ მაქვს, მთავარია, სპონსორი ვიპოვო. 2022 წლის მარტიდან საქართველოს ჩემპიონატები, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეჯიბრებები იწყება. პანდემიის გამო დიდი დრო გაგვიცდა, მაგრამ ტემპი არ დამიგდია.

- სცენაზეც მოსინჯეთ ძალა, არა? - დიახ, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მსახიობი ვარ. თეატრის დირექტორმა გეგი ფალიანმა მიმიწვია სპექტაკლში "ბეთქილი", მთავარ როლს ვთამაშობ. გვაქვს სპექტაკლები სხვადასხვა თეატრში.

- ალბათ, თქვენს კუთხეში ძალიან პოპულარული ხართ... - თაყვანისმცემლებს თუ გულისხმობთ, არ მყავს... არ მცალია, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ხანგრძლივ ურთიერთობაზე არ ვფიქრობ. ძალიან ძლიერი ხასიათი მაქვს, ფიზიკურ ძალაზე რომ არაფერი ვთქვა. შესაძლოა ხასიათში სიხისტე მთამაც შეიტანა. ჯერჯერობით საქართველოში ძლიერი და განათლებული ქალების ეშინიათ. არაერთხელ უთქვამთ ხუმრობით, შენ ვინ გაგიძლებსო. ჩემზე სუსტი რაში მჭირდება?

ხუთი დედმამიშვილი ვართ და ერთის გარდა, რომელიც უფრო წიგნის მოყვარულია, მეკლდეურები ვართ. უმცროსი ძმა მუდმივად საქართველოს ახალგაზრდა მეკლდეურთა სამეულშია, თუმცა უსახსრობის გამო ცოტა გულაცრუებულია. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია, მაგრამ ახლა ფედერაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და იმედია, საყვარელ საქმეს არ მოსწყდება. უფროსი ძმა სვანეთის სამთო-სამაშველო სამსახურში მუშაობს, ექსტრემალური გამოცდილება გამოადგა. რაც შეეხება კიდევ ერთ დას, ის ჩემი ძლიერი კონკურენტი იყო, შემდეგ მკლავჭიდზე გადაერთო, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, თუმცა მიზეზთა გამო საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა და ჩემმა დამ ბრძოლა წესების გარეშე აირჩია. ერთი შეხედვით თითქოს ნაზია, მაგრამ ძალიან ძლიერია და მწვრთნელები ეუბნებიან, რომ კარგი მომავალი აქვს.

ლალი პაპასკირი