"ბევრი ჟღალი დადის თბილისში, უამრავი მწეველი გყავთ, ქართველები შეუპოვრებიც არიან - ეს ხასიათი ქალაქში იგრძნობა"
"34 ქალაქში ვიყავი, თბილისი 35-ეა და ასეთი ლამაზი, თბილი და კეთილგანწობილი არც ერთი ქალაქი არ ყოფილა"
მინდი ლანდერსს, მექსიკელ ქოუჩს (ქოუჩინგი - პროფესიული პარტნიორობა კლიენტთან, რომელიც ორიენტირებულია მის ცხოვრებაში განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე) შეხვედრა რუსთაველზე დავუთქვი, "მაკდონალდსთან". ტურისტი, მკვლევარი, მენტორი და მეწარმე ქალი საქართველოთი ამერიკულ მედიაარხ თედ ტალკ-ზე საქართველოს შესახებ გადაცემის ნახვის შემდეგ დაინტერესდა. სტუმარმასპინძლობაა მთავარი მიზეზი, რამაც მინდი საქართველოში ჩამოიყვანა, რადგან თვლის, რომ ბიზნესში წარმატების გასაღები, საუკეთესო ხარისხთან ერთად, გამასპინძლების კულტურაა, რაც ქართველებს ასეთი საოცარი გაქვთო. მე და მინდიმ გეზი ორბელიანის სკვერისკენ ავიღეთ. თბილისი წინადღეს მოინახულა და ქართული კერძებიც გასინჯა. სანამ ორბელიანების ბაღისკენ გავეშურებოდით, რუსთაველის #54-ში შევასეირნე ჩემი სტუმარი და თბილისის მშვენება - კორნელი ტატიშჩევის 1897 წელს აგებული მაქმანებიანი სახლი ვაჩვენე. აღფრთოვანებულმა დაწვრილებით გამომკითხა სახლის ისტორია, შემდეგ კი რუსთაველის გამზირს გავუყევით.
- მგონია, რომ თბილისი ძალიან მეგობრული ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჩამოვედი. აეროპორტშივე იგრძნობა კეთილგანწყობა, - მეუბნება მინდი, - ვიღაც უცნობი მამაკაცი ისე გულისხმიერად მომექცა! აქ მდგომ ტაქსიში არ ჩაჯდე, ძვირს გამოგართმევსო, მითხრა, გამაჩერებინა სრულიად სხვა მანქანა და ბარგიც ჩამალაგებინა. მე თანხას ვთავაზობდი ამ დახმარების სანაცვლოდ, მაგრამ არ აიღო, თავაზიანად დამაბინავა და გამომიშვა. აღფრთოვანებული დავრჩი მისი გალანტურობით.
თბილისის არქიტექტურით მონუსხული მექსიკელი ტურისტი გზაში მეუბნება:
- უნდა გამოგიტყდე, მექსიკელებიც ისე გადადიან ქუჩაზე, როგორც ქართველები - და იცინის.
ორბელიანის ბაღის შემდეგ გეზი განახლებული გუდიაშვილის მოედნისკენ ავიღეთ. ამ დროს ჩემს მობილურზე პატრულის ზარი გაისმა - საპარკინგე ადგილიდან მანქანის გაყვანას მთხოვდა, რადგან იმ ტერიტორიაზე აქცია იმართებოდა. მინდი ისე გააოცა პარტულის თავაზიანმა ზარმა, რომ რამდენჯერმე მკითხა, ნამდვილად არ გაჯარიმებსო? რომ ვუთხარი, არა, მხოლოდ მანქანის სხვა ადგილზე გადაყენება მთხოვა-მეთქი, ჩაილაპარაკა, ამას მექსიკელი პატრული არასოდეს გააკეთებდაო.
ჩემი ტურისტი კიდევ ერთხელ გაოცდა, როდესაც გაიგო, რომ თბილისის ისტორიული უბნებისა და სახლების რეაბილიტაციას ქალაქის მერია ახორციელებს.
- მინდა ჩემთანაც ასე იყოს. ბებია-ბაბუის სახლი მაქვს გარეუბანში, სადაც ძველი ისტორიული სახლებია. მათი რეაბილიტაცია ჩემი ოცნებაა, მაგრამ ამისთვის კარგი ინვესტორი მჭირდება.
ჩემმა სტუმარმა ჩვენი შეხვედრისას მითხრა, ხინკალზე გადავირიე, ქართულ ღვინოზე კი ვიცი, რომ უბადლოა, თან როგორც ინტერნეტით გავიგე, ღვინის სამშობლოში ვარო. გადავწყვიტე, მექსიკელ სტუმარს ჭიქა საფერავით" გავმასპინძლებოდი. ძველი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დავსხედით, სადაც ინტერვიუსთვის იდეალური გარემო აღმოჩნდა.
- მაინც რამ ჩამოგიყვანათ პანდემიის დროს თბილისში? - უკვე ოთხი კვირაა, ვმოგზაურობ. 34 ქალაქში ვიყავი, თბილისი 35-ეა და ასეთი ლამაზი, თბილი და კეთილგანწობილი არც ერთი ქალაქი არ ყოფილა. ვმოგზაურობ და მასალებს ვაგროვებ ჩემი წიგნისთვის. მე, როგორც ლათინოამერიკელ მეწარმე ქალს, მეგონა, რომ მხოლოდ ამერიკა, ევროპა და აზია არსებობდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია კავკასიის რეგიონზე, სანამ ჟურნალისტ ანა დოლჩეს გადაცემა არ ვნახე. ანა საქართველოზე ჰყვებოდა. ასე შევიტყვე თქვენი ქვეყნის შესახებ. თბილისი მშვენიერი "სუნამოა", რომელსაც შემთხვევით აღმოაჩენ. აქ ისტორია მომავალს ერწყმის.
- ყველაზე მეტად რამ მიიქცია თქვენი ყურადღება? - წითელთმიანმა გოგონებმა - ბევრი ჟღალი დადის ამ ქალაქში. კიდევ უამრავი მწეველი გყავთ და საუკეთესო ლუდი გაქვთ - წუხელ გავსინჯე. ღვინოზე აღარაფერს ვამბობ - ნამდვილი სასწაულია. მოხიბლული ვარ ქართული კერძებით. იცით, კიდევ რას გეტყვით ქართველებს? მამაცი ხალხი ხართ. არაჩვეულებრივ გამასპინძლებასთან ერთად, ვფიქრობ, ქართველები შეუპოვრებიც არიან. ეს ხასიათი ქალაქში იგრძნობა. როდესაც აქ გადავწყვიტე ჩამოსვლა, მეგობრები გაოცდნენ. მეუბნებოდნენ, წადი საფრანგეთში ან შვეიცარიაში, საუკეთესო სკოლებია, სადაც გამასპინძლების კულტურას ასწავლიანო, თუმცა ჩემი არჩევანი სრულიად სხვა და ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდა. ჩემს პროფესიაში ძალიან მეხმარება სტუმართმოყვარეობის ასპექტები. ეს ზრდის ჩემს და ჩემი კლიენტების შემოსავალს, ანუ იმ ხალხის, ვისაც ვასწავლი, რომ სერვისთან ერთად სტუმართმოყვარეობა აუცილებელია.
- ძალიან საინტერესო პროფესია გაქვთ. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ეხმარებით წარმატების მიღწევაში. - საკუთარ თავზე ვიტყოდი, რომ "ბედის ექსპერტი" ვარ. მე ვეხმარები იმ ადამიანებს, ვინც 18 თვის განმავლობაში მზად არის, იცხოვროს ჩემი რჩევებით. ეს გულისხმობს პიროვნულ ტრანსფორმაციას და ფინანსური შესაძლებლობების ზრდას. ეს პროცესი აიოლებს კლიენტის მიზნისკენ სვლას და ხელს უწყობს მის განვითარებას. მომსახურების ტარიფი თვეში 250 დოლარიდან 5.000 დოლარამდე მერყეობს. ტარიფი დამოკიდებულია დროსა და კლიენტის საჭიროებაზე.
- ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც თქვენი ქოუჩინგის სერვისი დასჭირდათ? - მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ცნობილ ადამიანთან მიმუშავია. რამდენიმე მათგანს დავასახელებ: სესარ კაიკოია გომესი, რომელიც ბილბაოში ცნობილი გუგენჰეიმის მუზეუმის კონსტრუქტორ-მენეჯერი იყო; მიმუშავია ჰიდეკი იამაგუისიხისთან, რომელიც არგენტინიდან ალასკაზე ველოსიპედით გაემგზავრა. ეს იყო ორწლიანი მოგზაურობა; ასევე ჩემი კლიენტები იყვნენ Mary Kay-ს და Coca Cola-ს ტოპმენეჯერები.
- ყველაზე ხშირად რა აწუხებთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც შორიდან ძალიან დალხინებული ჩანს? - ყოფითი პრობლემები, უსიამოვნებები მეუღლესთან, დედასთან, ნათესავებთან. ასეთ ადამიანებს ხშირად პრობლემები მოუცლელობის გამო აქვთ. საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ჩემი დაარსებულია, ადამიანის ცხოვრების ოთხ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს: ეს არის ჯანმრთელობა, დრო, ფული და სასიყვარულო ურთიერთობები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დილით საკუთარ თავს უთხრათ: "დიახ, მე საუკეთესო ვარ!
ნინო წიფურია