"მღვდლობა" შევიფერე და როლსაც მშვენივრად მოვერგე" - კვირის პალიტრა

"მღვდლობა" შევიფერე და როლსაც მშვენივრად მოვერგე"

"ფილმში სასულიერო პირის როლს ვასრულებდი: სასულიერო პირის სამოსი მეცვა, ჯვარი მეკეთა და ხალხს მოძღვარი ვეგონე. პორტის თანამშრომლები მოდიოდნენ და დიდი მოწიწებით კურთხევას მთხოვდნენ. ბატონი რეზო ამის გამო ბევრს მეხუმრებოდა და მაგულიანებდა. ჰოდა, მეც უარს არ ვამბობდი და ყველას ვლოცავდი..."

განუმეორებელ რეჟისორს რეზო ჩხეიძეს მხოლოდ "ჯარისკაცის მამა" ან "ღიმილის ბიჭები" რომ გადაეღო, მაინც შევიდოდა ქართული კინოს ისტორიაში. შეუდარებელია მისი ფილმები: "მაგდანას ლურჯა", "ჩვენი ეზო", "მაია წყნეთელი", "ზღვის ბილიკი", "ნერგები"... რეზო ჩხეიძე კარგა ხანს იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი და უამრავი კარგი საქმის ინიციატორი. ჩვენი რუბრიკის სტუმარია მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, რომელიც რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაღებული უცნობი ფოტოს ისტორიას გვიამბობს:

- ჩემს ფოტოარქივში ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია ფოტოსურათებს, რომელიც 2004 წელს რეზო ჩხეიძესთან ერთად მაქვს გადაღებული. გუშინდელივით მახსოვს: ბათუმის პორტში ვიყავით და ბატონ რეზოს მოულოდნელად შევთავაზე, გადავიღოთ-მეთქი. ფოტოგრაფი ვინ იყო, არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი - ეს ფოტოსურათი ბატონ რეზოსაც ძალიან უყვარდა. ალბათ, იმიტომ, რომ მის უკანასკნელ ნამუშევარს ვიღებდით - ფილმს, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდა და ვერ დაასრულა. ამ ფილმს "მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი" ჰქვია. მე პატარა ეპიზოდს ვთამაშობდი. ფილმი შვედი მწერლის სელმა ლაგერლოფის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. მისი მთავარი გმირი მსახიობია, რომელიც იერუსალიმში კინოფესტივალზე მიდის. იქ გადაწყვეტს, რომ სამშობლოში ჩაიტანოს სანთელი, რომელიც მის ქვეყანას ბედნიერებას და სიმშვიდეს მოუტანს. ამ ფილმში მთავარ როლს ქეთი დოლიძის ვაჟი, მსახიობი თორნიკე ბზიავა ასრულებს.

- რატომ არის ეს ფილმი თქვენთვის დაუვიწყარი? - უპირველესად იმით, რომ რეზოსთან მუშაობის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა. მე ამ ფილმში სასულიერო პირის როლს ვასრულებდი: სასულიერო პირის სამოსი მეცვა, ჯვარი მეკეთა და ხალხს მოძღვარი ვეგონე. პორტის თანამშრომლები მოდიოდნენ და დიდი მოწიწებით კურთხევას მთხოვდნენ. ბატონი რეზო ამის გამო ბევრს მეხუმრებოდა და მაგულიანებდა. ჰოდა, მეც უარს არ ვამბობდი და ყველას ვლოცავდი.

სხვათა შორის, თავის დროზე დიდი სურვილი მქონდა მღვდელი გავმხდარიყავი: როცა სასულიერო აკადემია გაიხსნა, ზღვარზე ვიყავი, რომ იქ ჩამებარებინა. როგორც ჩანს, ეს არ იყო ჩემი გზა და ბოლოს, მსახიობის პროფესია ავირჩიე.

მოკლედ, ამ როლის შესრულება არ გამჭირვებია, "მღვდლობა" შევიფერე და როლი მშვენივრად მოვირგე. რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს: ახალგაზრდას, რომელსაც იერუსალიმიდან ანთებული სანთელი მოაქვს, უდაბნოში ვხვდები და ვეხმარები, რომ საქართველოში დაბრუნდეს. ამ ფილმში გივი ბერიკაშვილიც მონაწილეობს, გემის კაპიტნის როლს კი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებს.

- ეს ფოტო სად არის გადაღებული? - ბათუმის პორტში, საიდანაც მთავარ გმირს "ვაცილებდი"... მახსენდება, როგორ ავედი გემზე და იქ ვიღაც "არაბი" კაპიტანი დამხვდა, თურმე ოთარი იყო და ისეთი გრიმი ჰქონდა გაკეთებული, რომ ვერ ვიცანი. მიხარია, რომ ასეთ დიდბუნებოვან ადამიანსა და საუკეთესო მსახიობს ვიცნობდი. ჩემი აზრით, თუ მსოფლიოში ვინმე დიდი მსახიობია, მათ შორის ოთარ მეღვინეთუხუცესი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ კორიფეებთან ვმუშაობდი.

რეზო ჩემთვის მეგობარი უფრო იყო, ვიდრე რეჟისორი. ახლაც ნათლად მახსოვს 1988 წლის საღამო, როცა ამ დიდმა რეჟისორმა დამირეკა და მითხრა, ხვალ მოხვალ და კინომსახიობთა თეატრში ითამაშებო. თავის დროზე სწორედ მან შეასრულა დიდი როლი, რომ მევლუდის როლზე დავემტკიცებინე ფილმში "მევლუდი": აჭარელი კაცია და ამ როლს ყველაზე უკეთ ითამაშებსო, ამბობდა. ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მასთან ერთად გადაღებული ფილმი კი არა, მცირე ეპიზოდიც საინტერესო და სამახსოვრო იყო. ბევრმა არ იცის, რომ რეზო დიდი ქველმოქმედი იყო. ქართული ეკლესიის და ჩვენი პატრიარქის მიმართ დიდი მოწიწება ჰქონდა. სიკეთეს არავის დაუკარგავდა და წყენა არ ამახსოვრდებოდა. რამდენჯერმე უთქვამს: წყენის დავიწყება რთულია, მაგრამ თავს ძალას ვატან, რომ დავივიწყოო. საუბედუროდ, შუღლი, მტრობა და ინტრიგები მასაც შეეხო, მაგრამ არ გაბოროტებულა - მაშინაც კი, როცა კინოსტუდია დაატოვებინეს. ზოგჯერ ისეთ ადამიანს შეაქებდა, რომ მიკვირდა, ვერ ვიჯერებდი... მასთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიხარულიც იყო და პასუხისმგებლობაც. დღემდე მეამაყება, რომ ბედმა ამ საოცარ რეჟისორსა და კარგ ადამიანს შემახვედრა.

ხათუნა ჩიგოგიძე