"სალომე ზურაბიშვილს ძალიან პატარა ასაკიდან ვიცნობ, საფრანგეთში მეწვია ქართული ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან ერთად. დაუვიწყარი დრო გავატარეთ ჩემს სამუშაო ატელიეში"
"ისეთ ჟურნალებთან ვითანამშრომლე, როგორიც არის "ელი", "ვოგი", "გრაცია"... მოდის სახლი "დიორი", "ივ-სენ ლორანი", - იხსენებს წარმოშობით ქართველი მხატვარი და არტისტი ანრი მაჭავარიანი. შთამბეჭდავია მისი კინოკარიერაც - გადასაღებ მოედანზე შეხვედრა ლეტიცია კასტასთან, ჟერარ დეპარდიესთან... როგორც ფოტოგრაფმა გადაიღო სალვადორ დალი და ჯეიმზ ბრაუნი... ანრი მაჭავარიანი პარიზიდან გვესაუბრა:
- თქვენ დახატეთ ქართული დროშა, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასია.
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვნახე დოკუმენტური ვიდეოფირი, როგორ გადაუდგნენ წინ რუსების ტანკებს ქართველი ბიჭები, წადით, უკან გაბრუნდითო... თვალებიდან არ ამომდიოდა ეს სცენა და როცა პარიზში მადლენის ეკლესიაში ქართველთა ასოციაციამ ომთან დაკავშირებული საღამო გამართა, ეს ნახატი საგანგებოდ ამ საღამოსთვის შევქმენი.

- გვიამბეთ, როდესაც პირველად ეწვიეთ საქართველოს, თქვენი შთაბეჭდილებები... - საქართველოში პირველად 52 წლის ასაკში, 1991 წლის 26 მაისს ჩამოვედი. ბევრი ემიგრანტი მოგვიწვიეს, არაჩვეულებრივი საღამო იყო... ვხედავდი ახალგაზრდებს, რომლებიც სავსე იყვნენ ცვლილებების სურვილით. ძალიან სასიამოვნოდ დარჩა ის დღე ჩემს მეხსიერებაში. დედა რუმინელი გახლდათ, მამა - ქართველი. ჩემს ოჯახში უფრო ქართული სული ტრიალებდა... საახლობლო საქართველოში მყავს და შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოვდივარ.
- როგორ იხსენებთ თქვენს ბავშვობას? - ჩემს ბავშვობაში კარს საკეტით არასოდეს ვკეტავდით, როგორც საქართველოშია, ისეთი გარემო გვქონდა პარიზშიც. ვისაც სურდა, ნებისმიერ დროს შეეძლო ჩვენს სახლში შემოსულიყო. დედაჩემი ძალიან ხშირად ამზადებდა ღომს, ხაჭაპურს, ლობიოს... ის დრო უტკბილესად მახსოვს.
- როგორც ვიცი, მამას სურდა ექიმი გამხდარიყავით... - მთელი ოჯახი მამას მხრიდან ექიმები იყვნენ და მამას ძალიან უნდოდა მეც ექიმი გავმხდარიყავი, მე კი მხატვრობის ნიჭი მქონდა და მშობლებისგან მალულად საბუთები სამხატვრო აკადემიაში შევიტანე. როდესაც გამოცდების ჩაბარების დრო დადგა და მამას ხელმოწერა იყო საჭირო, ხელი მის ნაცვლად მოვაწერე. პირველად დედას გავანდე, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე. დედამ თავში ხელი წაიშინა, მამაშენს როგორ ვუთხრათო. ვახშმის დროს, მამას საბუთები ვაჩვენე, შენ რომ გსურდა ექიმი გავმხდარიყავი, შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, შენს ნაცვლად ხელი მოვაწერე და ჩავაბარე-მეთქი. მამამ დემონსტრაციულად გასწია თეფში გვერდზე და დიდხანს იყო ჩაფიქრებული...
- თქვენ მოგიხდათ მსოფლიოს ლეგენდარულ დიზაინერებთან თანამშრომლობა... - დიახ. ხელმძღვანელები ჩემმა ნამუშევრებმა მოხიბლა და მთხოვეს მათი მოდის ჟურნალებისთვის ილუსტრაციები შემექმნა.
ჩემი კარიერა სარეკლამო სფეროში დაიწყო. რეკლამებს ვქმნიდი ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა "ლორეალი", "ლანკომი"... ჩემი სარეკლამო ფილმი კანის ფესტივალზე გავიდა და სახელიც მოიხვეჭა სარეკლამო სფეროს საერთაშორისო კონკურსზე. ადრე რეკლამები, ფაქტობრივად, ფილმს უტოლდებოდა, იმდენად ხარისხიანი იყო. მეორე, იუმორისტული ტიპის რეკლამამ, ნიუ-იორკში მიიღო ჯილდო. უზარმაზარ, ექვსმეტრიან აფიშებსაც ვაკეთებდი ისეთი ბრენდისთვის, როგორიცაა "სონი" და სხვა. 1985 წელს მივიღე ჯილდო როგორც საუკეთესო ილუსტრატორმა, საფრანგეთის ათეულში მეორე ადგილი დავიკავე.
- კინოში მოღვაწეობაზეც გვიამბეთ...
- პირველ ფილმში მოფარიკავეს როლი მქონდა, შემდეგ განვასახიერე ლეონარდო და ვინჩი. სცენარის მიხედვით მარცხენა ხელით უნდა დამეხატა, არადა, მარჯვენა ხელით ვხატავ და, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. ამ ფილმში ჟერარ დეპარდიეც მონაწილეობდა. მას კიდევ ერთხელ შევხვდი გადასაღებ მოედანზე ფილმში "გრაფი მონტე-კრისტო". 2019 წელს ვითამაშე რომან პოლანსკის ფილმში "სასამართლო", შემდეგ იყო "სიამოვნების ქუჩა", სადაც ლეტიცია კასტა თამაშობდა. სულ 31 ფილმში მაქვს სხვადასხვა როლი განსახიერებული. ერთ ფილმში გილიოტინაზეც გამიშვეს, წარმოიდგინეთ, ნამდვილი გილიოტინა იყო.
- გვიამბეთ, რომ გადაიღეთ სალვადორ დალი და ჯეიმზ ბრაუნი.
- 25 წლის ასაკში ფოტოგრაფიც ვიყავი... ცნობილი გამოცემისთვის გადავიღე ჯეიმზ ბრაუნის ფოტო, რომელიც ჯეიმზ ბრაუნმა დისკზე დააკრა, რაც დიდი პატივი იყო... ბრაუნი არაორდინარული პიროვნება იყო, დინამიტს ვეძახდით. სალვადორ დალიც გენიოსი, ექსცენტრიკული პიროვნება გახლდათ. სალვადორ დალი კონცერტზე მოვიდა და იმდენად განსხვავებული იყო სხვებისგან თავისი ჩაცმულობით, ქცევით, რომ შეურაცხადს ჰგავდა. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ის არაადეკვატურად აღიქმებოდა. მას ბევრი ფოტო გადავუღე.
- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებოდ გეწვიათ... - სალომე ზურაბიშვილს ძალიან პატარა ასაკიდან ვიცნობ, მე მასზე გაცილებით უფროსი ვარ. 2019 წელს საფრანგეთში მეწვია ქართული ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან ერთად. დაუვიწყარი დრო გავატარეთ ჩემს სამუშაო ატელიეში. ქალბატონმა სალომემ ნამუშევრები დაათვალიერა და კმაყოფილი დარჩა. სამი თვის შემდეგ ელისო ბოლქვაძის ორგანიზებით თავად ჩავიტანე ნამუშევრები ბათუმის მუზეუმში. ელისო იქ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ატარებდა. სალომე ზურაბიშვილი ამ გამოფენასაც დაესწრო.
- ვიცით, რომ პარიზში ქართველების რესტორანს "მაგდასთან" ხშირად სტუმრობთ... - ვგიჟდები ქართულ სამზარეულოზე. ცნობილი ჟურნალებიდან შევიტყვე, რომ ჩემს უბანში იყო საუკეთესო ქართული სამზარეულო და ბევრი ცნობილი ადამიანიც დავპატიჟე ქართული კერძების დასაგემოვნებლად. ახლაც შეკვეთილი მაქვს წვეულება მადლენ გობეილ-ნოელის პატივსაცემად. ის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა იუნესკოს ორგანიზაციაში (პარიზში).
- როგორია თქვენი დღევანდელობა? - ისევ ვხატავ, კალიგრაფიულ ნახატებს ვქმნი. ორიგინალური ნამუშევრებია, რომლებითაც იაპონელების მთავარი კალიგრაფისტი დაინტერესდა... მაქვს გამოფენები, ლექციები, მასტერკლასები, მყავს სტუდენტები. მოკლედ, ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს.