ბოთლის საცობებისგან შექმნილი შემოქმედება
"სასიამოვნო და ამავე დროს შრომატევადი სამუშაოა. ვაკეთებ ჯერ კარკასს, უმეტესწილად მუყაოსაგან, ვხარშავ საცობებს, ასე უფრო ადვილად იჭრება, არ იფშვნება და ვიწყებ გამოქანდაკებას, ფორმას ვძენ და შემდეგ საკანცელარიო დანის მეშვეობით ვათლი ზედმეტს", - გვითხრა ირაკლი მახარაძემ, რომელიც ბოთლის თავსახურავებით შექმნილ თავის განსაცვიფრებელ ნამუშევრებს გაგვაცნობს...
- რაც თავი მახსოვს, სულ ვძერწავდი. ბავშვობაში ყოფილ პიონერთა სასახლეში ქანდაკების წრეში დავდიოდი. ჩემთან ერთად სწავლობდნენ ამჯერად ცნობილი მოქანდაკეები ლევან ვარდოსანიძე და დათო მინდორაშვილი... მერე ეს სურვილი გამინელდა, თუმცა ძერწვას განვაგრძობდი. შემდეგ ტვინი ამომიტრიალდა, რეჟისორობა გადავწყვიტე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს შეცდომად მიმაჩნია, მაგრამ მატარებელმა უკვე ჩაიარა.
- როგორ დაიწყეთ ბოთლის თავსახურავებისგან ასეთი ქანდაკებების შექმნა? - წლების განმავლობაში ვმუშაობდი კომპანია "ქართულ ტელეფილმში", ვიღებდი დოკუმენტურ ფილმებს "გურული მხედრები ამერიკაში", "გურული ფირალები", "ვინც მოვიდა, გაუმარჯოს"! "სახლი ლხინისა" და ა.შ. თუმცა ჩემი გატაცება არ დამვიწყებია. დროდადრო მომეძალებოდა და ვიწყებდი გამალებულ მუშაობას, რაც ჩემთვის საუკეთესო დამამშვიდებელია. თუ თითო ჭიქა ღვინოსაც დაამატებ... ერთხელაც ბოთლის საცობებისაგან გავაკეთე ქანდაკება - გურული მხედრის პორტრეტი. ასე გამოვხატე პატივი გურული მოჯირითეებისადმი, რომლებიც კაზაკების სახელით ამერიკის შოუებსა და ცირკებში გამოდიოდნენ. მათ შესახებ ფილმიც მაქვს გადაღებული და რამდენი წიგნია დაწერილი, ერთი ამერიკაშიც არის გამოცემული. გურულს მოჰყვა ბაფალო ბილი, შოუს მეპატრონე, შემდეგ ინდიელის პორტრეტი და გავაჭენე... სასიამოვნო და ამავე დროს შრომატევადი სამუშაოა - ჯერ კარკასს ვაკეთებ, უმეტესწილად მუყაოსაგან, ვხარშავ საცობებს წყალში, ასე უფრო ადვილად იჭრება და ვიწყებ გამოქანდაკებას, რაღაც ფორმას ვძენ და შემდეგ საკანცელარიო დანით ვათლი ზედმეტს - როდენივით მიმყავს ქანდაკება ბოლომდე... ადვილი ნამდვილად არ არის, განსკუთრებით ძნელია თვალების, ყურების გამოქანდაკება...
- მსგავსი ნამუშევრები ამ მასალით ვინმეს შეუქმნია? - ინტერნეტში მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ საცობებისაგან პორტრეტებს თითო-ოროლა თუ აკეთებს. პორტრეტების გარდა, ვაქანდაკებ სხვადასხვა ფიგურას, ცხენებს და უმეტესწილად ვინმეს ვჩუქნი. ახლა ქალის პორტრეტზე ვმუშაობ. ამის გარდა პლასტილინითაც ვმუშაობ, დასამთავრებელი მაქვს ბაბუაჩემის, კირილე მახარაძის, ოთხგზის გიორგის ჯვრის სრული კავალრის პორტრეტი.