"ერეკლეს ცხედარი მხოლოდ დასნებოვნებულებმა შეაცილეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში" - კვირის პალიტრა

"ერეკლეს ცხედარი მხოლოდ დასნებოვნებულებმა შეაცილეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში"

გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოსცა წიგნი "საქართველოში ეპიდემიის გავრცელების ისტორიიდან", რომელშიც საინტერესო ინფორმაციაა თავმოყრილი. მოპოვებული ცნობების შესახებ ავტორი გვესაუბრა:

- თავდაპირველად რუსულ წყაროში წავაწყდი ინფორმაციას, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლში როგორ დასნებოვნდა ოსი ქალი - მას შავი ჭირი დაუდასტურდა და დაავადება მასპინძელ ოჯახს გადასდო. ამ ცნობის ნახვის შემდეგ საკმაოდ ვრცელი მასალა აღმოვაჩინე. ჯერ სტატია მოვამზადე და შემდეგ წიგნის დაწერის იდეაც დაიბადა.

არსებობს კათოლიკე მისიონერების ჩანაწერებიც, ქართული დოკუმენტური მასალა, ნარატიული წყაროები, სხვადასხვა მემუარული ლიტერატურა, ეპისტოლარული ჟანრის წყაროები... მე-18 საუკუნის დამდეგიდან უკვე რუსულენოვანი წყაროებია ჩართული, მათ შორის კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში დაცული მასალა, რომელიც ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის საქართველოში ეპიდემოლოგიური ვითარების შესახებ.

შავი ჭირის პანდემია პერიოდულად, სხვადასხვა დროს იჩენდა თავს - ჩაცხრებოდა ერთი ტალღა, იწყებოდა სხვა და ასე გრძელდებოდა ათეული წლების განმავლობაში.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში შავი ჭირი ძალიან იყო მოდებული აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისსა და მცხეთაში. როცა ერეკლე მეორე გარდაიცვალა და მცხეთაში გადმოასვენეს, ცხედარს ტაძარში ვერ შეჰყვნენ ვერც კახეთიდან წამოსული და ვერც სამეფო ოჯახის წევრები, მცხეთელმა დასნებოვნებულებმა შეაცილეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ეს მოწმობს რამდენად უმძიმესი ვითარება იყო.

- რა იყო ყველაზე გავრცელებული წესები, მოსახლეობას რომ ვერაგი სახადისგან თავი დაეცვა? - კათოლიკე მისიონერების ჩანაწერების მიხედვით, მოსახლეობის ერთადერთი გადარჩენის გზა ხალხმრავალი ადგილებიდან გახიზვნა იყო შედარებით უსაფრთხო ადგილას. უფრო მოგვიანებით ხალხში ცრურწმენა გავრცელდა - თუ ვინმეს სენი შეეყრებოდა, მის სახლს თოფს ესროდნენ, თითქოს ამით დაავადებას კლავდნენ. ალექსანდრე ამილახვრის გადმოცემით, ერთ-ერთი ევანგელისტის სახლში თავი იჩინა სენმა, მოსახლეობამ სახლს თოფი ესროლა და შემდეგ დაწვეს. მე-18 საუკუნის ბოლოს შავი ჭირის განმაქარვებლად, შემაჩერებლად, ქრისტეს ლახვარი ითვლებოდა. ქრისტეს ლახვარი ჯერ ერეკლე მეორემ, შემდეგ კი გიორგი მეთორმეტემ ჩამოაბრძანეს ეჩმიაძინის მონასტრიდან და სიონში დააბრძანეს. ქრისტიანულ სამყაროში, განსაკუთრებით კი საქართველოში, ითვლებოდა, რომ ეპიდემიის შეჩერება და ხალხის დაცვა მხოლოდ მას შეეძლო. მოსახლეობა ქრისტეს ლახვარს ემთხვეოდა და სწამდა, რომ შავი ჭირისგან თავს გადაირჩენდა.

- ყველა რომ ემთხვეოდა, ხომ შეიძლებოდა პანდემია უფრო გავრცელებულიყო? - ამის შესახებ ქართულ წყაროებში არაფერია თქმული. მოსახლეობის დიდი ნაწილი პანდემიას ცოდვების გამო ღვთის რისხვად მიიჩნევდა და ხსნას ისევ მისგან ელოდა.

- იმ დროს რამე წამალი არსებობდა? - მე არ შემხვედრია ინფორმაცია წამლის შესახებ. ვიცი, რომ გიორგი მეთორმეტის მითითებით შემოტანილი ტვირთების დეზინფიცირება ხდებოდა. ასევე გამოიყენებოდა ნაცარი და ძმარი როგორც ძლიერი ანტისეპტიკური საშუალება.

ამონარიდები წიგნიდან:

"სოფელ ერედვში დაავადება ერთმა ოსმა ქალმა შეიტანა, რომელიც ქვემო ნიქოზის დასნებოვნებული ოჯახიდან ერედვში გადავიდა. აქ მან ერთ-ერთ ოჯახში რამდენიმე საათი დაჰყო, ხოლო ღამე სხვა ოჯახში გაათენა. ამის შემდეგ ოსური სოფლებისკენ გაემართა. დაავადება მომდევნო დღეს ორივე ოჯახში გამოვლინდა. ერედვში ერთ სახლში შავი ჭირისგან სამი გარდაცვლილი აღმოჩნდა. ვინაიდან მათ დასაფლავებაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს, გარდაცვლილთა გვამები, სახლი და ქონების ნაწილი ცეცხლს მიეცა. ამ ორ ოჯახში 12 ადამიანი გარდაიცვალა, 2 ქალი ავადაა და 5-ის მდგომარეობა საეჭვოა..."

"ახლომდებარე სოფლების ყველა მცხოვრებს მიეცეს უმკაცრესი გაფრთხილება არ იქონიონ მიმოსვლა ოსებთან და შეწყდეს სხვადასხვა დანიშნულების ნივთების თუ ბამბის მარილზე გაცვლითი ვაჭრობა... ოსებთან მახლობლად მდებარე სოფლებში ნაკელით ან შეშით მოეწყოს შესაკვამლები და აიკრძალოს სოფლებიდან შორს საქონლის საძოვრად გარეკვა. საქონლები იყოლიონ სოფლების მახლობლად და ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს პირუტყვი გაატარონ შესაკვამლებში."

"1796 წელს იულონ ბატონიშვილმა ოთარ ამილახვარს მისწერა: "ხუმრობა არ არის, გორში არავინ შეუშვათ ქალაქში ნამყოფი ხალხი, ან ნათესავი, ან მეგობარი, თორემ ჩვენს მესისხლეთ მოვიკითხავთ მანდედამ. ან პურს არ დაუწყონ ძლევა, ან ღვინოს და ან მეგობრობით არავინ გაიაფდეს და არავინ ნახოთ და თუ შეუტყოთ ვისმე, ნურც იმას შემოუშვებთ და სახლით და კარით აიკელით, სიფრთხილით მოიქეცით... ღვთის გულისათვის ამაზე გაფრთხილდით, თუ შემოსულიყოს ვინმე ქალაქის ხალხი, ისე გარეკეთ, ახლო არსად დააყენოთ. უფლისციხის ზეით ნუ დააყენებთ, ძალიან გაფრთხილდით".