რამდენ ხანს გასტანს ფასების ზრდა და როდის უნდა ველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას - კვირის პალიტრა

რამდენ ხანს გასტანს ფასების ზრდა და როდის უნდა ველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას

კოვიდისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პარალელურად, ეკონომიკურადაც გვიწევს "წელის გაწვრილება". ქამრის შემოჭერას ვინ ჩივის, ფასები უკვე მწარედ იკბინება. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასი გაიზარდა. მათგან 139-ის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ორნიშნაა, ორის - სამნიშნა. რამდენ ხანს გასტანს ფასების ზრდა, რამ გამოიწვია ეს და როდის უნდა ველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას? გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

- პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ მაინც ვერ გადაფარა ის რეზონანსი და დის-კომფორტი, რაც ფასების ზრდასა და ინფლაციას მოჰყვა, რადგან ის ეხება საზოგადოების ყველა ფენას, განსაკუთრებით მწვავედ კი - ფიქსირებულ და დაბალშე-მოსავლიანი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ფართო თვალსაწიერიდან თუ შევხედავთ, ინფლაცია ფულადი ურთიერთობისა და საბაზრო ეკონომიკის თანამდევი პროცესია, ვერც ერთი ქვეყანა ვერ აირიდებს, მაგრამ, როგორც იტყვიან, წამალსა და საწამლავს მხოლოდ დოზა განასხვავებს. ინფლაციის მასშტაბი უნდა იყოს მისაღები, ნორმალური, რომ მან ხელი არ შეუშალოს ეკონომიკის ზრდასა და კეთილდღეობას, თორემ, მაგალითად, ამერიკაში ბოლო 100 წელიწადში (1921-2021 წწ) ფასები დაახლოებით 16-ჯერ გაიზარდა, ხოლო თუ შევადარებთ 1913 წელს, ანუ პირველ მსოფლიო ომამდე მდგომარეობას - 27-ჯერ. ანუ ეს ახალი არ არის, ამიტომ ნებისმიერი სახელმწიფოს ხელისუფლების სტრატეგია არის და უნდა იყოს, რომ მოსახლეობის შემოსავლების ზრდა უსწრებდეს ფასების ზრდას. როცა ასეა, მაშინ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ანუ ფულადი მასა, რომელიც მოსახლეობის ხელთაა, მეტი საქონლის შეძენის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში აშშ-ში შინამეურნეობის საშუალო შემოსავლები გაიზარდა 100%-ით, ხოლო ფასები - 70%-ით. გამოდის, რომ რეალური შემოსავალი ამერიკულ ოჯახს 18%-ით გაეზარდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფასები კი იზრდება, მაგრამ ფასების ზრდას წინ უსწრებს შემოსავლების ზრდა. სტრატეგია სწორედ ასეთი უნდა იყოს.

- ეს - აშშ-ში. ჩვენთან? - ციფრებით ახლა ხელფასიც იზრდება, პენსიაც, მაგრამ იმის გამო, რომ ფასები მერყეობს, ცალკეულ პროდუქტზე ფასების ზრდამ ხელფასის ზრდას გაუსწრო. ეს ყველაფერი კონიუნქტურას ან საარჩევნო წელს რომ არ დავაბრალოთ, ავიღე ხუთწლიანი პერიოდი. ამ პერიოდში საშუალო ხელფასი დაახლოებით 44%-ით გაიზარდა, საშუალო (საბაზისო, მაღალმთიანეთისა და დანამატის გარეშე) პენსია - 33%-ით, მაგრამ საქონლის ხორცი გაძვირდა 52%-ით, პური - 35%-ით, შაქარი - 72%-ით, ზეთი - 103%-ით, ბენზინი - 77%-ით... ანუ ხორცის, შაქრის, ზეთისა და ბენზინის ფასი საშუალო ხელფასზე მეტად გაიზარდა, პურისა და დენის - ნაკლებად. გამოდის, რომ ამჟამად საშუალო ხელფასით ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით 6%-ით ნაკლები ხორცის, 17%-ით ნაკლები შაქრის, 30%-ით ნაკლები ზეთისა და 20%-ით ნაკლები ბენზინის შეძენა.

- ეს მაშინ, თუ საშუალო ხელფასს ვიღებთ, მაგრამ სოციალურად დაუცველი ბევრი გვყავს და 6%-ით ნაკლები კი არა, ხორცი საერთოდ სანატრელი აქვთ... - დიახ, ეს რაოდენობა მაინც ხელფასზეა ნაანგარიშევი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შინამეურნეობათა რაოდენობა, ეს სხვაობა უფრო გაზრდება. საქართველოში 1 100 000-მდე ოჯახია, ხელფასს დაახლოებით 800 ათასი იღებს და რომ გადავიანგარიშოთ, ძალიან მოკრძალებულ რიცხვს მივიღებთ, ამიტომ პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ შემოსავლების გაზრდა შევძლოთ.

მსოფლიოს ბაზარზე ბევრი პროდუქტი გაძვირდა, მაგალითად, შარშანდელი რაოდენობის შესაძენად წლეულს ნავთობში სულ ცოტა 300 მილიონი დოლარით ზედმეტის გადახდა მოგვიწევს. შარშან, წლის მეორე ნახევარში, ბარელის ფასი 52 დოლარი იყო, ბოლო მონაცემებით კი 80 დოლარს ასცდა. მარცვლეულის ფასი გაზრდილია ერთი მესამედით, შაქარი - 1,5-ჯერ, ზეთი - 1,6-ჯერ. მარტო ამ სამი დასახელების პროდუქტზე ფასების ზრდა დაახლოებით 35%-ია და სწორედ ამ სამ პროდუქტზე მოდის აგროსასურსათო პროდუქტის იმპორტის თითქმის ერთი მეხუთედი. მთლიანად იმპორტი რომ ავიღოთ, ქართულ მხარეს იმავე რაოდენობის საყიდლად 600-650 მილიონი დოლარით მეტის გადახდა უწევს. ეს თითოეულ მოსახლეზე დიდ ციფრს შეადგენს: ერთ სულზე - დაახლოებით 160 დოლარს, ანუ თითქმის 500 ლარს. როცა იმპორტში ასეთი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა, ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს თავიდან ვერ ავიცილებთ. მართალია, ვაჭრობის გარეშე პროგრესი შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ბევრი ისეთი პროდუქტი შემოგვაქვს, რომელთა ადგილზე წარმოების რესურსიც გვაქვს. დიდი იმპორტის გამო, ნაკლებად ვართ დაცული გარე ნეგატიური ფაქტორებისგან, ამ შემთხვევაში - მსოფლიოს ბაზარზე ფასების ზრდისგან. ეს არის ინფლაციის ეგზოგენური, ანუ გარე ფაქტორი.

შიდა ფაქტორებსაც რომ გადავხედოთ, ფართომასშტაბიანს - არა, მაგრამ მოსახლეობის სახელფასო შემოსავლების ზრდა გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. დასაქმება გაიზარდა, სამუშაო ადგილები შეიქმნა, სამუშაო ადგილების შექმნას კი დამატებითი შემოსავალი მოაქვს. წლეულს, შარშანდელთან შედარებით, მოსახლეობის შემოსავლის სიდიდე დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარით მეტი იქნება, რაც გადახდისუნარიან მოთხოვნას ზრდის. ეს ფაქტორიც, ცხადია, ფასების შემცირებისკენ კი არა, არამედ ზრდისკენ არის მიმართული.

არის მესამე ფაქტორიც, რომელსაც შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ეს არის პოლიტიკური მდგენელი, ანუ როცა ქვეყანაში არის პოლიტიკური დაპირისპირება, ნებისმიერი მწარმოებელი, ადგილობრივი იქნება თუ იმპორტდამოკიდებული, ცდილობს შექმნას ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რათა ქვეყანაში არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში მაქსიმალურად დაიცვას თავისი აქტივები, კაპიტალი გაუფასურების ან სხვა რისკებისგან. ეს ფაქტორიც მოქმედებს ინფლაციის ზრდაზე და ვფიქრობ, მისი წილი ინფლაციაში სულ ცოტა 3-4% მაინც არის. სხვათა შორის, საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტების მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შეფასებისას ეს ფაქტორი გათვალისწინებულია.

- რა გაქვთ მხედველობაში? - 5 ნოემბერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, რამდენიმე დღით ადრე კი სავალუტო ფონდმა, გამოაქვეყნეს 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. "იბიარდი" ამბობს, რომ ეკონომიკა გაიზრდება 7,5%-ით, სავალუტო ფონდი ამბობს, რომ - 7,7%-ით, მაშინ, როცა ცხრა თვეში ჩვენი ეკონომიკური ზრდა 11,3%-ია. ამხელა სხვაობაა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წლის მიწურულს მაინცდამაინც პოზიტიურ პროცესებს არ ელოდებიან. ამგვარი ფრთხილი დამოკიდებულება ეკონომიკური ზრდისადმი უკავშირდება სწორედ იმ პოლიტიკურ ვნებათაღელვას, რითაც დღეს გამოირჩევა ჩვენი რეალობა.

საერთოდ, არა მარტო ცალკეულ პიროვნებას, არამედ ერსაც გააჩნია სასრული ენერგია - კოსმოსურს დავარქმევთ მას თუ მატერიალურს, მნიშვნელობა არ აქვს - და როდესაც ამ ენერგიის დიდი ნაწილი იხარჯება ურთიერთობის გარკვევაში, ანუ მეორე მხარის დაკნინებაში, ნაკლები ენერგია რჩება აღმშენებლობისა და განვითარებისთვის.

როცა ქვეყნის ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა პოლიტიკური ურთიერთობის გარკვევას ცდილობს, მას ნაკლები დრო რჩება აღმშენებლობისა და კრეატიული პროექტების განხორციელებისთვის, ამიტომ საზოგადოების განვითარებას სჭირდება სტაბილურობა.

უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსის პირდაპირ თუ გადაკვრით ნათქვამი სიტყვა, არა მარტო პოზიტიურად, არამედ ძალზე ნეგატიურადაც მოქმედებს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე...

- ანუ პოლიტიკური ამინდი მნიშვნელოვანია. - რა თქმა უნდა! ამის გარეშე ეკონომიკური პროგრესი არ იქნება. უცხოელი ინ-ვესტორები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ. ამიტომ გვჭირდება სტაბილური მდგომარეობა, მდგრადი განვითარება, ის გარანტიები, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ბიზნესისთვის.

- დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ფასები კიდევ გაიზრდება, თუ რაღაც დონეზე გაჩერდება? - ეროვნული ბანკის რესურსი იმისთვის, რომ ფასების ზრდას ხელი შეუშალოს, თითქმის ამოწურულია.

მონეტარული განაკვეთი ისედაც მაღალ დონეზეა და მისი შემდგომი აწევა ნიშნავს, რომ ეკონომიკას ფულადი ანემია (სისხლნაკლულობა) გავუძლიეროთ და ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო შევანელოთ. ვფიქრობ, უნდა ვიზრუნოთ, რომ ინფლაციაზე მაღალი იყოს ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი.

ვერც ჩვენთან და ვერც მსოფლიოში ვერსად იქნება გარანტია, რომ ფასები არ გაიზრდება, მაგრამ გავიმეორებ - გააჩნია ზომას. დაბალი ინფლაცია მისაღებია და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს არა ინფლაციის საბოლოოდ დათრგუნვაზე, დეფლაციაზე, არამედ მის ზომიერ ჩარჩოებში მოქცევაზე. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი პოტენციალით, მისი რესურსების გათვალისწინებითა და იმ პერსპექტივით, რაც არსებობს ჩვენს ეკონომიკაში, დაახლოებით 5-6%-იანი ინფლაციის მიღწევა შესაძლებელია. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა. რა თქმა უნდა, საამისოდ ხელსაყრელ ვითარებას გარე ფაქტორებიც უნდა ქმნიდეს. ბოლო წლებში განხორციელებული ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, ადამიანთა სწრაფვა, თავიანთი შრომით შექმნან დოვლათი, აჩენს მოლოდინს, რომ ქვეყანას აქვს განვითარების საკმარისი რესურსი; მას შეუძლია თანდათან დასძლიოს არა მარტო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეკონომიკური ჩამორჩენაც. ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად და ამას სჭირდება სიმშვიდე და მუხლჩაუხრელი შრომა.

- ასეთ შემთხვევაში შედეგს რამდენ ხანში უნდა ველოდოთ? - ყველაზე პესიმისტური, მოკრძალებული შეფასებით, გაისად 5,6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეს მაშინ, როცა გასულ ათწლეულში, 2011-დან 2020 წლის ჩათვლით, საშუალო ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 3,6% იყო. მაღალი ზრდაა მოსალოდნელი მომდევნო წლებშიც და ეს მოგვცემს საშუალებას, უკვე 2030 წლისთვის შევძლოთ გაორმაგება, საგარეო ვაჭრობაში კი - გასამმაგება. ორიენტაცია უნდა ავიღოთ არა მარტო შიდა მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, არამედ გარე ბაზარზე მეტ ექსპანსიასა და მსოფლიო ვაჭრობაში უფრო სოლიდური ადგილის დაკავებაზე.

შარშანდელთან შედარებით მოსახლეობამ 1,6 მილიარდი ლარით მეტი შემოსავა-ლი მიიღო. მარტო წლეულს მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 85 ათასით გაიზარდა. მთავარია, ეს პროცესი შეუქცევადი იყოს. ჩვენ გვინდა არა მარტო დასაქმებულთა ხელფასების, არამედ დასაქმებულთა კონტინგენტის ზრდაც. ტენდენცია ნამდვილად არის, თანდათან კი შედეგიც გამოჩნდება. ეკონომიკაში მაღალია ინერციის როლი და წილი, ანუ შავი ცილინდრიდან ყურებით ბაჭიის უეცრად ამოყვანა ეკონომიკაში შეუძლებელია, ამას სჭირდება დრო, რომელიც ცალკეული დარგების მიხედვით დაახლოებით 4-6 თვიდან 1,5 წლამდე მერყეობს. საშუალოდ ეს პერიოდი სჭირდება თვალსაჩინო შედეგების მიღებას.

წლიური ინფლაცია 13%-ია

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში წლიური ინფლაცია თითქმის 13%-ია. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ყველაზე მეტად, 43%-ით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული. მას მოსდევს ზეთი და ცხიმი (+31,6%) და პური და პურპროდუქტები (+19,4%).

წლის განმავლობაში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19,6%-ით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში - 11,9%-ით და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში - 8,4%-ით.