რა იცვლება კონსტიტუციაში და ვის აწყობს ახალი რეალობა - კვირის პალიტრა

რა იცვლება კონსტიტუციაში და ვის აწყობს ახალი რეალობა

პარლამენტში განიხილავენ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნებამდე მეორე მოსმენით მიღებასაც ითხოვდა, რათა მისი დამტკიცება პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და ახლა ყველაფერი ისევ მმართველი პარტიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩავარდნა, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, "ნაციონალურ მოძრაობასაც" აწყობს, რადგან ამით შენარჩუნდება 5%-იანი ბარიერი, რომლის გადალახვაც, დღევანდელი მოცემულობით, პარტიების უდიდეს ნაწილს არ შეუძლია.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო და განმარტებით ბარათში პროექტის მიღების მიზეზად ზუსტად ეს იყო დასახელებული. შესაბამისად, ამ შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გამოსვლის შემდეგ კონსტიტუციის შეცვლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ამ დაპირებას შეასრულებდა და კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. მიღება-არმიღების საკითხი ხელახლა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ოპოზიციის ნაწილმა, სააკაშვილის შიმშილობის ფონზე, პარლამენტის ბოიკოტი დააანონსა. საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად პარლამენტართა 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. მხოლოდ ერთი ოპოზიციური ფრაქციის ბოიკოტი, თუნდაც ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი "ნაციონალური მოძრაობა" იყოს, 113 ხმის მოგროვებას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ჩნდება საფრთხე, რომ მმართველმა პარტიამ ეს საბაბად გამოიყენოს და ჩააგდოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა იცვლება კონსტიტუციაში და როგორ რეალობას მივიღებთ.

იმის გამო, რომ კონსტიტუციის პროექტის მომზადება მიშელის შეთანხმებით არის განპირობებული, პროექტში ორი - პარლამენტისა და გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხებია ასახული.

დღეს მოქმედი კონსტიტუციის გარდამავალი დებულებით განსაზღვრულია, რომ 2024 წელს რიგგარეშე არჩევნები ვერ ჩატარდება. ეს დათქმა უქმდება, რაც ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 2024 წლის განმავლობაში, კონსტიტუციით განსაზღვრულ თარიღამდეც იქნება შესაძლებელი.

ცვლილება ეხება საარჩევნო ბარიერსაც. მოქმედი ჩანაწერით, ბარიერად განსაზღვრულია 5%, პროექტით კი ბარიერი პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნებისთვის 2% იქნება. ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მანდატების განაწილების წესი არ იცვლება. შესაბამისად, გამოსათვლელად ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმები მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა ბარიერგადალახული პარტიის ხმებზე... ცხადია, მიღებული ხმები მთელი რიცხვი არ არის და შესაბამისად, ხმების განაწილების ფორმულის გამოყენებისას ყოველთვის რჩება ნაშთი, ანუ გაუნაწილებელი რჩება მანდატების განსაზღვრული რაოდენობა. ამ დარჩენილი მანდატების განაწილებისთვის, დღეს მოქმედი კონსტიტუციით, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. პროექტით კი სწორედ ეს "უკეთესი შედეგის" კრიტერიუმი იცვლება "უდიდესი ნაშთით" - ანუ დამატებით მანდატს აპრიორი პირველ ადგილზე გასული პარტია კი არა, ის მიიღებს, რომელსაც პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა ექნება დარჩენილი.

ცვლილება ეხება პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მანდატებს. მოქმედი კონსტიტუციით, ფრაქციის შექმნისთვის 7 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. თუმცა მოქმედ პარლამენტში ეს წესი გარკვეული პირობით შეიცვალა - 4 პარლამენტარს შეუძლია შექმნას ე.წ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ფრაქცია არ ჰქვია, მაგრამ დაახლოებით იგივე უფლებები და ფუნქციები აქვს. ცვლილებების პროექტით კი 2024 წლამდე და 2024 წელს არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 წევრით.

ასევე იცვლება გენპროკურორის არჩევის წესი - მოქმედი კონსტიტუციით, გენპროკურორის კანდიდატურას პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საპროკურორო საბჭო და მის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. ცვლილებების პროექტით კი განსაზღვრულია, რომ გენპროკურორს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ანუ 90 ხმით. თუმცა პროექტში საპროკურორი საბჭოს წარდგენის ვალდებულება უცვლელი რჩება და გათვალისწინებულია დამატებითი პირობები. თუკი არ მოგროვდა 90 ხმა, იმავე კანდიდატის კენჭისყრა სამჯერ შეიძლება გაიმართოს. მეორე კენჭისყრაზე, პირველის მსგავსად, 90 დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო, მესამეზე კი - 76-ის. თუმცა 76 ხმით არჩევის შემთხვევაში არა 6 წლით, არამედ 1 წლის ვადით დაინიშნება.

რუსა მაჩაიძე