"კლანმა შეიძლება მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყოს ხელისუფლებას და სააკაშვილი გაამართლოს"
"არ ვამბობ, რომ სააკაშვილი ანგელოზი და უდანაშაულოა. მანაც უნდა აგოს პასუხი, მაგრამ იმ პირებთან ერთად, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი ბრძანებების შესრულებაში", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" იურისტი ლია მუხაშავრია.
- ძალიან მძიმე ვითარებაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არავინ ცდილობს გამოსავლის ძიებას. სააკაშვილი უკან არ იხევს, ჯიუტობს ხელისუფლებაც და ქვეყანა მიდის კოლაფსისკენ.
- რაში ხედავთ გამოსავალს? - გამოსავალი ის იქნებოდა, ხელისუფლებას ნაწილობრივ მაინც შეესრულებინა სააკაშვილის მოთხოვნები: დაენიშნა სასამართლო განხილვა მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, თუნდაც ტელევიზიით გადაცემულიყო. ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი შეწყვეტდა შიმშილობას, იმიტომ, რომ მას პროცესში მონაწილეობა სჭირდება. ეს ბევრად გაანეიტრალებდა კოლაფსურ სიტუაციას.
- რატომ არ ჩქარობენ, პროცესის დანიშვნას? - იმიტომ, რომ პოლიტპატიმარია. მისი განაჩენი, სავარაუდოდ, შეთითხნილია, თუ პროცესი დაინიშნა, ეს ცხადი გახდა.
- ამ პროცესში კლანმა რა როლი შეიძლება შეასრულოს? - კლანი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რის გამოც სასამართლო განხილვა არ იწყება. კლანმა შეიძლება მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყოს ხელისუფლებას და სააკაშვილი გაამართლოს, ეს კი მძიმე დარტყმას მიაყენებს ივანიშვილსა და მის გუნდს.
- ხომ არ გათამამდა ეს კლანი "ნაციონალური მოძრაობის" "დაწინაურებით"? - გამიჭირდება კლანის შავბნელი გეგმის განჭვრეტა, მაგრამ ეს არის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერს სიურპრიზი გაუკეთოს, მათ შორის "ოცნებასაც" საკუთარი ინტერესების გასამყარებლად. მან სწორედ ამგვარად მოიპოვა განუსაზღვრელი ძალაუფლება და შესაძლებელია უფრო განმტკიცება სურთ.
- რას უპირებს "ოცნება" სააკაშვილს? იქნებ უკრაინაში დეპორტაცია მოახდინონ? - თუ ამას აპირებდნენ, აქამდეც იზამდნენ.
- რატომ დუმს ევროპა? შიმშილობს ყოფილი პრეზიდენტი და ეს საკმარისი არ არის ევროპის აღშფოთებისთვის? - სანამ სააკაშვილის ადვოკატები არ მიმართავენ საერთაშორისო სასამართლოს, მანამდე ეს იქნება საქართველოს საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევა და ევროპაში ეს მიღებული არ არის. ევროპა დუმს, თავიანთი ინიციატივით არა მგონია რაიმე გააკეთონ. სააკაშვილის დედამ მიმართა უკრაინას თხოვნით - ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღოს.
- ადვოკატებს უფლება აქვთ მიმართონ ევროპის სასამართლოს მაშინ, როდესაც საქართველოში არ არის პროცესი დანიშნული? - აქვთ უფლებაც და შესაძლებლობაც, მაგრამ რატომ არ გზავნიან, არ ვიცი.
- ანუ სააკაშვილს არ სურს მისი საქმე სტრასბურგმა განიხილოს? - უკვე ორი კვირაა ამაზე ვსაუბრობ. რას ელოდებიან? გაგზავნონ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში...
- პრეზიდენტი უარს ამბობს სააკაშვილის შეწყალებაზე... - ნამდვილად განუჭვრეტელია სალომე ზურაბიშვილის ქმედებები... ეს არ არის ის საკითხი, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ნუსხაში შედის. ასეთი რამ არ ხდება პროცესუალურად. სააკაშვილი არის პატიმარი და არა მგონია, ეს საკითხი პოლიტიკურად გადაწყდეს, თუ კულუარებში, ფარდის უკან არ განიხილეს.
- ანუ საქმის შეკერვას გულისხმობთ, რითაც შეიძლება სააკაშვილი გაათავისუფლონ? - დიახ.
- მაგრამ არის ასევე სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებულთა არმიაც. მათ რა პასუხს გასცემს "ქართული ოცნება"? - მიკვირს, როცა ისინი ითხოვენ, არ გათავისუფლდეს სააკაშვილი. საკმარისზე მეტი დრო გავიდა, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში სამართლიანობა აღმდგარიყო. ახლა ამაზე ფათიფუთი აშკარად პოლიტიკურ სარჩულს ატარებს.
- ზოგიერთზე ხომ აღდგა ნაწილობრივ სამართალი? - ავიღოთ მოლაშვილის საქმე. სააკაშვილამდე ხომ იყვნენ პირები, ვინც კონკრეტული ქმედებები ჩაიდინეს. სააკაშვილი ორგანიზატორი იყო. ვინ აწამა, ვინ დაუწვა ზურგი სიგარეტით, ვინ ამყოფა არაადამიანურ პირობებში?! ეს პირები ხომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული? თავის დროზე მოლაშვილი ვინახულე "რეზბალნიცაში" და ვიცი მისი საქმის დეტალები. მოსამართლე, რომელმაც მას პატიმრობა მიუსაჯა, გამომძიებელი, რომელმაც შეთითხნა საქმე, არიან პასუხისგებაში მიცემული?! არა და ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ ეს პირები უნდა დაისაჯონ.
- გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ უნდა დაეჭირათ? - რანაირად მიადგები სააკაშვილს, თუ მანამდე არ მიადგები პროკურორს, რომელსაც კანონით ევალება საქმის ზედამხედველობა, ან მოსამართლეს, რომელმაც გამოუტანა განაჩენი, უზენაესის ჩათვლით. სხვათა შორის, უზენაესის წევრი 3 მოსამართლიდან ერთ-ერთი იყო ნუნუ კვანტალიანი, რომელმაც ხელი არ მოაწერა განჩინებას. სააკაშვილამდე გრძელი გზაა გასავლელი, არაერთი პირია პასუხისგებაში მისაცემი. სწორედ ამიტომაც აქვს სააკაშვილს პოლიტიკური სტატუსი მინიჭებული, რაც ლოგიკურია... ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს და ახლა რატომ ლაპარაკობენ ამაზე? 2013 წლიდან ხელისუფლებაში არიან და ბოლომდე გამოეძიათ საქმე.
- წლებია სააკაშვილი იძებნება... - მაპატიეთ, მაგრამ სააკაშვილმა პირადად ურტყა გელაშვილს თავში?
- ამ ლოგიკით მაშინ სააკაშვილს პირადად არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენია და გამოდის, არ უნდა გასამართლდეს? - არ ვამბობ, რომ სააკაშვილი ანგელოზი და უდანაშაულოა. მანაც უნდა აგოს პასუხი, მაგრამ იმ პირებთან ერთად, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი ბრძანებების შესრულებაში. თორემ მე პირადად სააკაშვილს სტრასბურგში არაერთ საქმეზე ვუჩივლე და მოვუგე კიდეც.
ქვეყნის სირცხვილია, რომ სააკაშვილი, ოქრუაშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრებად მოგვევლინენ. ჩვენი სირცხვილია, რომ მთავრობას მივეცით განუსაზღვრელი უფლებები და კრიმინალებისგან პოლიტპატიმრებს ქმნიან.
თიკო ოსმანოვა