"ძალიან დიდ დროს გავატარებ წალენჯიხაში, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ" - კვირის პალიტრა

"ძალიან დიდ დროს გავატარებ წალენჯიხაში, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ"

"მე ვსაუბრობ რევოლუციაზე, რომელიც ხდება ადამიანის გულსა და გონებაში"

"პოლიტიკური ვენდეტა უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა მივიღოთ სამართლიანი სასამართლო... სააკაშვილთან დაპირისპირება მქონდა, სისხლის სამართლის საქმეც ჰქონდა აღძრული ჩემს წინააღმდეგ, ის სისტემა მეც მართმევდა ქონებას, მაგრამ როგორც ქართველი კაცი, ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმსახურებს ზუსტად ისეთივე სამედიცინო მომსახურებას, როგორიც დაიმსახურა 600-მა პატიმარმა", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. როგორ ესახება პოლიტიკური ვენდეტის დასრულება მაშინ, როცა მასთან კოალიციაში მყოფი "ნაცმოძრაობა" რევოლუციას აანონსებს, ამ და სხვა საკითხებზე მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება:

- მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც უსამართლობას ებრძვიან. დიახ, მე სხვა პარტიას წარმოვადგენ, ნიკა მელია - სხვა პარტიას. ვერავინ დამაკომპლექსებს, იქ რატომ დგახარ, აქ რატომ დგახარო.

- რას ფიქრობთ სუს-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? - წარმოუდგენელია, რომ საკანში, კამერების 24-საათიან მეთვალყურეობაში, სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალება დაეგეგმა. თუ ნამდვილად ასეა, ფაქტებით დაგვიდასტურონ. რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ ხელისუფლება სააკაშვილს უარს ეუბნება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, რათა დაძაბულობის კერა შექმნას.

- თქვენ ვენდეტის დასრულებაზე საუბრობთ, "ნაცმოძრაობა" კი რევოლუციას აანონსებს... - მე ვსაუბრობ რევოლუციაზე, რომელიც ხდება ადამიანის გულსა და გონებაში. ჩვენ რევოლუციაში ჭაობიდან მშვიდობიანად ამოსვლას ვგულისხმობთ. დამთავრდა ტოტალური სახელმწიფო და ეს წალენჯიხაში დაიწყო...

- რა არის საპროტესტო აქციის მიზანი? - გაყალბებული არჩევნები და სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა. ამას ვითხოვთ იმისთვის, რომ დაძაბულობა მოიხსნას. თავად "ოცნებას" რა სურს? მას სურს ქვეყანაში გამუდმებით დაძაბულობა იყოს და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება... არჩევნების გაყალბებაა ყველა სიავის სათავე. ჩვენ ვიცით, რა მოხდა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში... როგორც ჩანს, წალენჯიხაში ისეთი დიდი პროტესტი იყო, რომ გაყალბება ვეღარ მოახერხეს.

- თქვენ გაყალბებაზე საუბრობდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც. მმართველი გუნდი არგუმენტებს გთხოვდათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამჯერად თუ შეგიძლიათ არგუმენტირებული ფაქტების მოყვანა? - მეტი ფაქტი რაღა გინდათ, პირდაპირ ეთერში იხილეთ მაგიდის ქვეშ შემძვრალი ქალები და შტაბების წინ გამართული ფულის დისტრიბუცია. გაყალბება მხოლოდ არჩევნების დღეს ხომ არ ხდება? ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად ემთხვევა იმ ხმების რაოდენობას, რამდენიც ოპოზიციას დააკლდა. ნახეთ დასავლელი პარტნიორების შეფასებები. ვინ დაიჯერებს, რომ ერთი ან ორი პროცენტით მოუგო ხელისუფლებამ ოპოზიციას?!

- დასავლელმა პარტნიორებმა კრიტიკული შეფასებები კი გააკეთეს, მაგრამ ფაქტია, ძველებური აქტიურობით აღარ ერევიან პროცესებში. - ეს არის "ოცნების" გამიზნული პოლიტიკის შედეგი. ოცნების" ლიდერები მათ გამუდმებით შეურაცხყოფენ და ამა თუ იმ საკითხზე ხშირად მიუთითებენ, რომ მათი საქმე არ არის. ამ პატარა ქვეყანამ ყველა სტრატეგიული პარტნიორი დაღალა.

- დასავლელი პარტნიორების კრიტიკა არც "ნაცმოძრაობას" მოსწონთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარტნიორები სააკაშვილის არაპროგნოზირებადი ნაბიჯებით გადაიღალნენ. - კი ბატონო, ასეა. ამ დიქოტომიიდან უნდა გამოვიდეთ და "ლელო" სწორედ ამას ცდილობს. გვინდა ახალი პოლიტიკა, ახალი ძალა და რეალობა შემოვიტანოთ ამ ქვეყნის ცხოვრებაში. თუ სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირებიდან არ გამოვედით, ქვეყანა უფსკრულში გადაგვეჩეხება.

- ახალი რეალობის შესაქმნელად, ალბათ, ახალი ტიპის კოალიციის შექმნა უფრო უპრიანი იქნებოდა. რატომ აირჩიეთ ძველი გზის გავლა "ნაციონალებთან" ერთად? - ჩვენ კოალიცია შევქმენით ნიკა მელიასთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძესთან. ეს იყო პირველი კონკრეტული ნაბიჯი დაკავშირებული ქალაქის მერების არჩევნებთან. მაგალითად, წალენჯიხაში ვიცე-მერი იქნება "ლელოს" წარმომადგენელი თამარ ბელქანია, ქუთაისში ანა ნაცვლიშვილი უნდა ყოფილიყო ვიცე-მერი. იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩამოგითვალეთ, ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ხოლო თუ რომელიმე ძველი ლიდერი რამეს იტყვის, ეს არ ნიშნავს, რომ კოალიცია ყველაფერს გაიზიარებს. "ნაცმოძრაობის" ნახევარი მილიონი ამომრჩეველი მხოლოდ იმიტომ არ უნდა უგულებელვყოთ, რომ მათმა ძველმა ლიდერებმა ადრე შეცდომები დაუშვეს.

- სააკაშვილის პოზიციას არ გაიზიარებთ, თუ თქვენთვის მისაღები არ იქნება? - სააკაშვილის კი არა, მამაჩემის პოზიციას არ გავითვალისწინებ, თუ ჩემთვის მისაღები არ იქნება. ნახეთ როგორი კომპლექსი შექმნა "ოცნებამ" - თუ ოპოზიციურ აზრს გამოთქვამ, "ნაციონალი" ხარ, უფრო მეტიც, სააკაშვილის მსახური. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, სააკაშვილსაც გავაკრიტიკებ და ივანიშვილსაც.

- საინტერესო აღმოჩნდა თქვენი ინიციატივა, მართლა გადასახლდებით წალენჯიხაში? - ძალიან დიდ დროს გავატარებ წალენჯიხაში, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ. უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება საქმის კეთება. უნდა გვახსოვდეს, რომ წალენჯიხა აფხაზეთის მოსაზღვრე ქალაქია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი აყვავება. ანალოგიური მიზნები მქონდა ანაკლიაშიც. ორად ორი ადგილია - ანაკლია და წალენჯიხა, საიდანაც შეგვიძლია განსხვავება დავანახოთ აფხაზებს.

- სოცქსელში ბევრმა დაგისვათ შეკითხვა, თუ რატომ არ მოინდომეთ წალენჯიხის ან სხვა რომელიმე რეგიონის აყვავება დღემდე?

- იმიტომ, რომ წალენჯიხაში "ოცნების" ხელისუფლება იყო და გასაქანს არ მომცემდნენ, ისევე როგორც არ მომცეს გასაქანი ანაკლიაში. არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუ როგორ მოუწყო "ოცნების" ხელისუფლებამ ტერორი ამა თუ იმ ბიზნესს მხოლოდ იმიტომ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ დამფუძნებლები. წალენჯიხა ერთადერთი ადგილია, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ბიზნესმენებს საქმის კეთების საშუალება მიეცემათ. გაიხსენეთ ღარიბაშვილის განცხადება, რომც მოიგონ ადგილობრივი არჩევნები, ჩვენ გარეშე მაინც ვერაფერს გააკეთებენო. ეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერია?!

ხათუნა ბახტურიძე