"ყველა ამ ფეხბურთელის თამაში მინახავს!" - კვირის პალიტრა

"ყველა ამ ფეხბურთელის თამაში მინახავს!"

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 11 მოთამაშის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ცხადია, დასახელდა საქართველოს ყველა დროის "ოცნების ნაკრებიც", რომელსაც ფეხბურთის ქართველ ქომაგებს შორის არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ჩამონათვალში ამა თუ იმ მოთამაშის არყოფნის გამო. ქართულ ფეხბურთს არაერთი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყოლია და ცხადია, გუნდში, სადაც მხოლოდ 11 ადგილია, ყველა ვერ მოხვდებოდა. IFFHS-ის გუნდის შეფასება ვთხოვეთ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, ვისთვისაც ფეხბურთი დღემდე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვისაც არა მარტო მომდევნო თაობების ვარსკვლავების - ბორის პაიჭაძის თამაშიც კარგად ახსოვს!

- საფეხბურთო მატჩებზე დასწრება 1946 წლიდან დავიწყე. ასე რომ, ყველა ამ მოთამაშის თამაში მინახავს! სხვათა შორის, მეც მაქვს შედგენილი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების გუნდი, ოღონდ საერთაშორისო ფედერაციის "ნაკრებისგან" სამი მოთამაშით განსხვავდება: სერგო კოტრიკაძე, ავთანდილ ღოღობერიძე და გივი ჩოხელი!

- თუმცა დღეს IFFHS-ის გუნდის შეფასება უნდა გთხოვოთ. მეკარით დავიწყოთ: - ახალგაზრდა კავაზაშვილს, ფაქტობრივად, არ უწევდა თბილისის "დინამოში" თამაში, რადგან კოტრიკაძე მაგარ ფორმაში იყო. 1960 წელს ანზორი რუსეთში გადაბარგდა: ერთი წელი ლენინგრადის "ზენიტში" იყო, მოგვიანებით მოსკოვის "ტორპედოსა" და "სპარტაკში", ძალიან კარგად თამაშობდა. ჩემი აზრით, საქართველოს "სიმბოლურ ნაკრებში" კოტრიკაძე უნდა შეეყვანათ. გაბელიაც ძალიან კარგი მეკარე იყო, მაგრამ, ალბათ, მაინც კოტრიკაძე... იმასაც გავიხსენებ, რომ მოსკოვის "დინამო" საერთაშორისო მატჩებში ვლადიმერ მარღანიას ათამაშებდა ხოლმე: ხომიჩი უკვე აღარ თამაშობდა, ვალტერ სანაიაც ასაკოვანი იყო, იაშინი - ჯერ ძალიან სუსტი. ამიტომ მოსკოვური კლუბი მარღანიას იმატებდა!

- მცველებზე გადავიდეთ: რევაზ ძოძუაშვილზე რას იტყვით? - რეზო მაგარი მცველი იყო - ძალიან საიმედო, პერსონალური მეურვეობის ნამდვილი დიდოსტატი, მოწინააღმდეგე იშვიათად თუ დაუძვრებოდა ხელიდან. რამდენჯერმე დაასახელეს სსრკ-ის საუკეთესო მარჯვენა მცველად, საბჭოეთის ნაკრებში ორმოცდაათამდე მატჩი აქვს ნათამაშები.

- მურთაზ ხურცილავა! - მურთაზი უმაღლესი დონის, მოწინააღმდეგისთვის, ფაქტობრივად, გაუვალი მცველი იყო, მაგრამ მხოლოდ დაცვაში არ ყოფილა სასარგებლო - საოცარი დარტყმაც ჰქონდა! ამპლუით მცველს, "დინამოს" მაისურით 15 ბურთი აქვს გატანილი, სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი იყო და გადამწყვეტი გოლებიც გაუტანია... ეს დღეს აღარ გვიკვირს მცველების შეტევაში წასვლა და გოლები, თორემ მაშინ სად იყო ამდენი? სხვათა შორის, ამ მხრივ ვოვა ელოშვილიც გამოირჩეოდა - ოთხი ბურთი აქვს გატანილი. ამიტომაც, როცა ინგლისის მუნდიალზე შეტევაში წასულ მცველებს ვხედავდით, აღარ გვიკვირდა - ელოშვილი იმავეს ჯერ კიდევ 1950-იან წლებში რომ აკეთებდა, გოლებიც გაჰქონდა.

სხვათა შორის, როცა გამელოტდა, მურთაზ ხურცილავა ძალიან დამემსგავსა. 2015 წლის უეფას სუპერთასის წინ ატეხილი აჟიოტაჟის დროს სტადიონთან რამდენჯერმე გამაჩერეს - ბატონო მურთაზ, ბილეთები გვაშოვნინეთო. არა ვარ ხურცილავა, "დინამო, დინამო"-ვარ-მეთქი.

- ალექსანდრე ჩივაძე - თბილისის "დინამოს" და სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი! - გუნდის სული და გული, არაერთი გოლის ავტორი. ბეკენბაუერივით თამაშობდა, ისიც შემტევი ტიპის მცველი იყო. სხვათა შორის, საშა ნახევარდაცვაში თამაშობდა და მცველის პოზიციაზე ნოდარ ახალკაცმა დასწია. ჩივაძისთვის სიმღერაც მაქვს მიძღვნილი: ალექსანდრე ჟღენტმა მთხოვა თავისი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისთვის "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს". ფილმში არის კადრი: დაღლილი ჩივაძე გასახდელში შედის, ჯდება და ფიქრობს... რეჟისორს ამ მომენტისთვის სჭირდებოდა სიმღერა კაპიტანზე. დავწერე და დიდებულადაც შეასრულა უდიდესმა მომღერალმა და კაცმა თემურ წიკლაურმა. კაპიტანზეა სიმღერა, მაგრამ პერსონალურად ალექსანდრე ჩივაძეს ეძღვნება!

- კახა კალაძე მარცხენა მცველად. - კახა საიმედო მცველი იყო, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, წლების განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა "მილანის" შემადგენლობაში და, ბუნებრივია, რომ საუკეთესოთა შორის დასახელდა. ძლიერი მცველები იყვნენ შოთა ხინჩაგაშვილი, გელა კეტაშვილი და სხვები, მაგრამ ნაკლებად გაუმართლათ. ამას წინათ, გოგი თორაძემ გამომიგზავნა გელა კეტაშვილზე გადაღებული ფილმი. გული მწყდება, რომ როცა საუკეთესო წლები უნდა ჰქონოდა, გელამ მაშინ დაანება თავი ფეხბურთს. ფეხბურთში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს და რა დაშავდებოდა, სხვაგან რომ წასულიყო სათამაშოდ? კიევის "დინამოში" იწვევდნენ, მაგრამ ერთი ამბავი ატეხეს ვაიპატრიოტებმა, ლამის ერის მოღალატედ გამოაცხადეს.

მესმის, რომ 11-კაციან სიაში ადგილები შეზღუდულია, მაგრამ ვფიქრობ, ჩამონათვალში მოხვედრას იმსახურებდა გივი ჩოხელიც, რომელსაც დაცვის ხაზის ნებისმიერ ადგილას შეეძლო თამაში.

- IFFHS-ის ვერსიით, საქართველოს საუკეთესო ნახევარმცველების სამეული ასეთია: სულაქველიძე, ყიფიანი, დარასელია. - თენგიზ სულაქველიძე თამაშში სულს და გულს დებდა და გულშემატკივარი განსაკუთრებულად აფასებდა. "ჭომა" (სულაქველიძის მეტსახელია. - რ.შ.) უნივერსალური შესაძლებლობების მოთამაშე იყო - საყრდენის მოვალეობასაც ასრულებდა და შეტევაშიც დიდი სარგებელი მოჰქონდა. "ფეიენოორდთან" თბილისურ მატჩში სულაქველიძემ დუბლი შეასრულა და 3:0 გავიმარჯვეთ. შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი გოლები იყო, რადგან განმეორებითი მატჩისას როტერდამში 2:3 დავმარცხდით საშინლად მიკერძოებული მსაჯობის გამო.

- დავით ყიფიანი! - დათო გენიოსი იყო, ნამდვილი "დირიჟორი"! ისევე ათამაშებდა გუნდს, როგორც ინიესტა "ბარსელონას". დიუსელდორფში გამართულ ფინალს მეც დავესწარი და კარგად მახსოვს, რომ გადამწყვეტი გოლის დროს შეტევა დათომ წამოიწყო: რამდენჯერმე დატრიალდა, სანამ მცველებს შორის სივრცეს შენიშნავდა, დაინახა თუ არა ცარიელი ადგილი, დარასელიას მაშინვე გაუგორა ბურთი. კაკილაშვილმა მცველი გადაკეტა, ვიტალიმ ჯერ ერთი მეტოქე მოატყუა, მერე მეორე და დიდებული გოლით გაგვახარა. ყიფიანს ხშირად ადარებენ ზიდანს, მაგრამ დათოს განსაკუთრებული ღირსებები ჰქონდა. საოცარი პასები და გოლები გვაჩუქა. ფეხი რომ არ მოეტეხათ, კიდევ ითამაშებდა უმაღლეს დონეზე!

- დარასელიას გოლი ახსენეთ: საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა შორის ოჩამჩირელი ბიჭის გვარიც არის. - ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ დარასელიას გოლს უკავშირდება. ნოდარ ახალკაცი დიდ იმედს ამყარებდა მასზე და დარასელია აუცილებლად გაუმართლებდა კიდეც, მაგრამ... სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ვიტალიმ საბჭოეთის ნაკრებშიც მოასწრო ოცზე მეტი თამაშის გამართვა და სამი ბურთიც გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის კარგი შედეგია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ნახევარმცველებიდან მანუჩარ მაჩაიძესაც ძალიან ბევრი გოლი აქვს გატანილი. მანუჩარი ძალიან მაგარი მოთამაშე იყო, ნამდვილი კაპიტანი, ფეხბურთელი, რომელსაც ბურთს ვერაფრით წაართმევდი! შედარებით ნელ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ასე პაიჭაძეზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ. არადა, ისეთი ნიჭიერები იყვნენ, ნებისმიერ ფეხბურთს ითამაშებდნენ! თუნდაც გაიოზ ჯეჯელავა გავიხსენოთ - საოცარი ტექნიკისა და სისწრაფის პატრონი, საცირკო სანახაობას აჩვენებდა მოედანზე, აპამპულავებდა ხოლმე მცველებს. თუ არ ვცდები, 1938 წელს დაასახელეს საბჭოეთის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის, ევტუშენკომ ლექსიც მიუძღვნა.

- დაბოლოს, ლეგენდარულ თავდამსხმელთა ტრიო: მეტრეველი-პაიჭაძე-მესხი!

- სლავა მეტრეველი საოცარი გარემარბი იყო. ფლანგზე ფანტასტიკურად თამაშობდა, მაგრამ იმისთვის, რომ დათუნაშვილის შესაძლებლობები გამოეყენებინა, გავრილ კაჩალინმა მეტრეველი ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანა და სლავამ იქაც მაგრად ითამაშა! ქურციკივით სწრაფი იყო, ფილიგრანული ტექნიკა ჰქონდა და უამრავი გოლიც აქვს გატანილი. გუცაევიც ძალიან მაგარი თავდამსხმელი იყო, ვოვა ჩემი მეგობარია, მაგრამ სლავა მეტრეველი ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა ყოფილიყო!

- "მოხეტიალე ფორვარდი" კი შეარქვეს, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელი იყო ბორის პაიჭაძე! - ფენომენური ფეხბურთელი! მარცხენა მხრიდან დაიწყებდა ხოლმე მეტოქეების ერთმანეთის მიყოლებით მოტყუებას და ბოლოს გოლიც თავად გაჰქონდა. ტრავმის შემდეგ "ძველი ბორია" აღარ იყო, მაგრამ მანამდე - საუკეთესო გახლდათ მათ შორის, ვისი თამაშიც მინახავს! თამაშის დროს ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, მცველები წონასწორობას კარგავდნენ. საოცარი "აბვოდი" ჰქონდა, მინიმუმ ორი მცველი უნდა მდგარიყო მის სიახლოვეს, რაღაცნაირად რომ შეეჩერებინათ! მაქვს 1940-იან წლებში დაბეჭდილი შარჟების წიგნი, სადაც ბორიას კარიკატურაც არის: ორი მცველი ტრუსზე ექაჩება, მაგრამ პაიჭაძეს მაინც გააქვს გოლი. ვმეგობრობდი მასთან და ჩემი სიმღერების ჩანაწერიც ვაჩუქე წარწერით "ფეხბურთის კარუზოს!"

- დარჩა საუკეთესო თერთმეტეულის ბოლო წევრი - მიხეილ მესხი! - მიშაზე ახალი რა უნდა ვთქვა?! არც გამიგია, რომელიმე სხვა ფეხბურთელის გამო გულშემატკივარი ერთი ტრიბუნიდან მეორეზე გადასულიყოს... კი, ზოგჯერ "დადგებოდა" ხოლმე. ერთხელ პონომარიოვმა "ამოკეტა" კიდეც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიშას შეჩერება შეუძლებელი იყო! არტისტული, ფენომენური ნიჭის პატრონი გახლდათ. საოცრად ტექნიკური: მხოლოდ "მესხის ფინტით" კი არ გამოირჩეოდა, მრავალფეროვანი ტექნიკური არსენალის პატრონი გახლდათ, გოლებიც ხშირად გაჰქონდა.

- გვესმის, რომ "ოცნების გუნდში" სამზე მეტ თავდამსხმელს ვერ დაასახელებდნენ, მაგრამ მესხი-მეტრეველი-პაიჭაძის გარდა, კიდევ ვინ იმსახურებდა საქართველოს საუკეთესო ფორვარდების ჩამონათვალში ყოფნას? - გუცაევი უკვე ვახსენეთ, საოცარი ფორვარდი იყო გაიოზ ჯეჯელავაც, ნამდვილი ბომბარდირი გახლდათ რამაზ შენგელია - ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ორჯერ დასახელდა საბჭოეთის წლის საუკეთესო მოთამაშედ! გოლის საოცარი ალღო ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ყიფიანი წავიდა და მისი პასები მოაკლდა, რამაზის შედეგიანობამ შედარებით იკლო.