მე მაინტერესებს, აქვს უფლება საზოგადოებას სიმართლე იცოდეს? თუ ყველა ოპოზიციის ბულინგს უნდა ვექვემდებარებოდეთ?!
მმართველი გუნდის ლიდერები ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ დაპირისპირებას წერტილი დაესმებოდა და როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე საპარლამენტო გუნდი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დაიწყებდნენ მუშაობას, როგორიც არის გეოპოლიტიკური პროცესები, დეოკუპაცია, ეკონომიკა და სოციალური პრობლემები. თუმცა დღეს დღის წესრიგს მაინც დაპირისპირება, საპროტესტო აქციები, ფარული ჩანაწერების გავრცელება და შეთქმულების თეორიები განაპირობებს. რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკოსები ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ორიენტირებას, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე გვესაუბრება:
- პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვა მხოლოდ მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული. დღის წესრიგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ საზოგადოების ინტერესები და მედია. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ სიმძიმის ცენტრი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიტანოთ.
- დღეს ჩვენი სურვილისდა მიუხედავად, პოლიტიკური დღის წესრიგი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კვების რაციონზეა აგებული. შეიძლებოდა თუ არა ამ თემის ნაწილობრივ დახურვა მაინც, თუ "ნაციონალების" მოთხოვნას გაითვალისწინებდით და სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანდით? - "ნაცმოძრაობა" არც გულწრფელია და არც კეთილსინდისიერი, როდესაც ამას მოითხოვს. არა მგონია, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით პრობლემა ამოიწუროს. ისეთივე უაზრო ახალ მოთხოვნას დააყენებენ, როგორიც ეს არის. რატომ არის უაზრო? სასჯელაღსრულების სისტემაში არის სპეციალური დეპარტამენტი, სადაც ერთდროულად უზრუნველყოფილია ჯანდაცვის სერვისის მიწოდება და უსაფრთხოების დაცვაც. პირველ ეტაპზე სამედიცინო სერვისის მიწოდება ხდება ციხეში არსებული მედპუნქტის მეშვეობით. თუ ეს საკმარისი არ არის, საქმეში ჩაერთვება ციხის საავადმყოფო. იმ შემთხვევაში, თუ ესეც არ იქნება საკმარისი, პატიმარი უკვე სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავთ. თუმცა ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან ასეთ დროს პატიმრის უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
- საუბარია იმაზე, რომ ციხის საავადმყოფოში არ არის კატეს აპარატი და ამასთან, რისკები არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. - დავიწყოთ უსაფრთხოებით. სააკაშვილის ამბავი უბრალო შემთხვევა არ არის. ვიცით, რომ მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს ხელს სააკაშვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.
ოპოზიცია სურათს ისე ხატავს, თითქოს სააკაშვილს დერეფანში გავლა მოუწევს, სადაც ცხაურებიდან პატიმრების გამოყოფილი ხელები დახვდება. რაც შეეხება კატეს აპარატს, ამ შემთხვევაში საუბარია ჰიპოთეზურ რისკებზე. კატეს აპარატი ახლა კი არ სჭირდება სააკაშვილს, შეიძლება ოდესმე დასჭირდეს. ასე გვიხსნის სამედიცინო პერსონალი, რომლისგანაც ვიღებთ კონსულტაციებს. მათი თქმით, თუ მოულოდნელად რეანიმაციული ღონისძიება შეიქნა საჭირო, ამ მომენტისთვის ყველაფერი მობილიზებულია ციხის საავადმყოფოში. კატე არ არის საჭირო სასიცოცხლო პარამეტრების უზრუნველსაყოფად. ეს არის გამოკვლევისთვის საჭირო აპარატი, რომელიც ან დასჭირდება, ან არა.
- ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებით მისი უფლება დაარღვიეთ. - ოპოზიციის ლოგიკას დააკვირდით - მათ აქვთ უფლება მთელი საქართველო მოატყუონ, ცრემლნარევი, აკანკალებული ხმით ილაპარაკონ, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, და შემდეგ უსაყვედურონ მათ, ვინც ჭეშმარიტებას ფარდა ახადა. იტყუებიან, რომ ამბობენ, ეს იყო განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური სამედიცინო ინფორმაციაო. თქვენ რაც ჩანაწერში იხილეთ, სამედიცინო ინფორმაცია არ არის. ქართული, და არა მარტო ქართული, ნორმების მიხედვით, პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გარკვეული შემთხვევების ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება არსებობდეს, თანხმობის არარსებობის მიუხედავადაც კი. რა ქნას პენიტენციარულმა სამსახურმა, რისკის ქვეშ ამყოფოს საკუთარი რეპუტაცია და არ იზრუნოს საკუთარ იმიჯზე? როდესაც ოპოზიცია ასაჯაროებს საჯარო მოხელეების პერსონალურ მონაცემებს, რას ამბობს ხოლმე? მაღალია საზოგადოებრივი ინტერესიო, ხომ? ამ შემთხვევაშიც ასეთ ინტერესთან და უწყების რეპუტაციის გადარჩენასთან გვაქვს საქმე.
ამასთან, მე მაინტერესებს, აქვს უფლება საზოგადოებას სიმართლე იცოდეს? თუ ყველა ოპოზიციის ბულინგს უნდა ვექვემდებარებოდეთ?!
- ხალხის ნაწილმა არ დაიჯერა სუს-ის ინფორმაცია სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. კიდევ ერთხელ გაიხსენეს "საბურავების" საქმე... ამჯერად გამოძიება მოახერხებს არგუმენტირებული კომპრომატების დადებას? - სუს-ს არც ახლა მოუტანია ეს განცხადება ჰაერიდან და არც წარსულში. ასეთი ვარაუდისთვის საკმარისზე მეტი ფაქტია. ოპოზიციას განზრახული აქვს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით, ხალხის ნების გარეშე ხელში ჩაგდება. ასეთია მათი გეგმა, რადგან იციან, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მათ ხელისუფლებაში მოსვლის ლეგიტიმური შესაძლებლობა არა აქვთ... სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება აბსოლუტურად კორექტულია. ჯერ ერთი, ასეთ განცხადებებში პერსონალურად არავის ასახელებენ, თუ კონკრეტული ფაქტები არ გაასაჯაროეს. ამის გარდა, გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რეზულტატი უნდა დაიდოს. გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს მაშინ, როდესაც დიდი ალბათობით დანაშაულთან გვაქვს საქმე. დანაშაულია, როდესაც არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ასეთი სუნი რომ ასდის ყველაფერს, ცხადია. სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა კარგად იციან, რას ემსახურება ეს ყბადაღებული შიმშილობა, მოულოდნელი ჩამოსვლა და ა.შ. ვფიქრობ, სუს-ის განცხადება სწორია, სულ მცირე, იმიტომ მაინც, რომ გათვლილია პრევენციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაითვისოს - იყვნენ ფრთხილად და ემოციის კარნახით არ გადადგან არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რაც სამართალთან კონფლიქტში მოაქცევთ. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად არსებობს საფუძველი იმისა, რომ ვისაუბროთ კონკრეტულ დანაშაულებზე. მაგალითისთვის შეგახსენებთ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში გაკეთებულ ჩანაწერს. ხუთასი ავტომობილით გზის ჩახერგვა და პენიტენციარული სამსახურისთვის ხელის შეშლა სამართლებრივი მეთოდია?! გამართლება არ აქვს იმ გეგმებს, რომლებზეც ბიბლიოთეკაში შეკრებილები საუბრობდნენ.
ხათუნა ბახტურიძე