"ხალხის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია "ნაცმოძრაობა" და რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის სამოქალაქო ომი" - კვირის პალიტრა

"ხალხის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია "ნაცმოძრაობა" და რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის სამოქალაქო ომი"

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილის შიმშილობა იმიტაციის შთაბეჭდილებას ქმნის და შიშობს, რომ ამ ყველაფერს ერთი ჯგუფი დესტაბილიზაციისთვის იყენებს. როგორ აფასებს ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმს და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამ საკითხებზე მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ:

- 6 ნოემბრის აქცია "ნაცმოძრაობის" "ტრადიციული აქცია" იყო თავისი აგრესიით, რადიკალური მოთხოვნებით, ფსიქოლოგიური დატვირთვითა და შედეგებით, როდესაც ადამიანები ცუდად ხდებიან... ეს მაღალი ფსიქოზური მდგომარეობაა, მუდმივ სტრესში ვამყოფებთ ხალხს, სახელმწიფოს მშენებლობა კი შეჩერებულია...

- თუ სააკაშვილს კერძო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ოპოზიცია ისევ აქციებით იმუქრება... არის შანსი, რომ ხელისუფლებამ ძალის გამოყენება სცადოს? - სიმშვიდის შენარჩუნება ხელისუფლებისა და ხალხის იმ ნაწილის სიმტკიცეზეა დამოკიდებული, ვისთვისაც მიუღებელია "ნაცმოძრაობა". მაგრამ მე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

ყველგან წარწერები მხვდება: "თავისუფლება მიშას", პრეზიდენტი კვდება და ა.შ. ჯერ ერთი, პრეზიდენტი არ არის, ყოფილი პრეზიდენტია; და მეორე - ხომ გამოაშკარავდა რაღაც ფაქტები; მესამე - დღეში მასთან შედის 4-5 მნახველი მაინც და ისინი საკანში ხომ არ შედიან, მიშა გამოდის საკნიდან, გაივლის ასიოდე მეტრს, რომ პაემნების ოთახში შეხვდეს და ეს დღეში რამდენჯერმე ხდება. ვერ წარმომიდგენია მოშიმშილე ადამიანი, რომელსაც 35-ე თუ მე-40 დღეზე შეეძლოს დღეში რამდენჯერმე ამ მარშრუტის გავლა. ჩვენ ახლა სპექტაკლის მონაწილე ვართ. იმას, რომ ხინკალს ჭამს, მწვადს და ბოზბაშს-მეთქი, რასაკვირველია, არ ვამბობ, მაგრამ შიმშილობაც არის და შიმშილობაც. არის შიმშილობა მშრალი, არის შიმშილობა, როდესაც სასმელს იღებენ, და არის შიმშილობა, როდესაც იმიტაციას ქმნიან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს შიმშილობის იმიტაციაა. ხომ არ შეიძლება ყველაფერი ფარსი იყოს? მე მოშიმშილე პატიმრებიც მინახავს და არაპატიმრებიც, თავად "ნაცმოძრაობის" წევრები მინახავს, რომლებიც მართლა შიმშილობდნენ შევარდნაძის პერიოდში და რამდენიმე დღეში ცუდად ხდებოდნენ. "ნაცმოძრაობამ" ისეთი დღის წესრიგი შექმნა, ვითომ სააკაშვილის გარშემო კატასტროფული გარემოა. მეც მაქვს ინფორმაცია სამედიცინო წრეებიდან, იმ წრეებიდან, რომლებიც ცდილობენ ობიექტური იყვნენ.

- რას ამბობენ? - პრაქტიკულად, არ არის შიმშილობა. მათ სიტყვებს ვიმეორებ - ეს არ არის შიმშილობა, ეს არის მკაცრი დიეტა, რომელიც მისი ორგანიზმისთვის არ არის მისაღები მიზეზთა გამო, მაგრამ დიეტაა.

- ასეთ ვითარებაში ხელისუფლების ჩანაწერის ჩვენება რამდენად სწორი იყო? - რასაკვირველია, კანონით ამის ჩვენების უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ რასაც მეორე მხარე აკეთებს, ესეც კანონის დარღვევაა. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არის თუ არა კანონის დარღვევა?

- რა თქმა უნდა, არის. - მორჩა! სახელმწიფომ კანონი არ უნდა დაარღვიოს, ეს ცალსახაა, მაგრამ ჩვენთან ხომ სახელმწიფო ასეა მოწყობილი, კანონი უბრალო ადამიანისთვის კანონობს, პოლიტიკური ელიტისთვის კი, არა. ასეთ ვითარებაში ვცხოვრობთ და ამიტომ ვერაფრით ვიქეცით სახელმწიფოდ და დავრჩებით ქვეყნად.

- უსაფრთხოების სამსახურის ვერსია რევოლუციის შესახებ რამდენად დამაჯერებელია? - მცდელობა რომ იქნება, წყალი არ გაუვა. არ გვინახავს რევოლუციის თუ დესტაბილიზაციის მოსაწყობად მცდელობა თუ რა?! ამიტომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუშვებს, თორემ ამ ჯგუფის მოწყობილიც ვნახეთ და მცდელობაც. 20 ივნისს პარლამენტში შეჭრა არ სცადეს? წარმოიდგინეთ, ეს რომ გამოსვლოდათ - ეს ხომ რევოლუციური სცენარის ნაწილია.

- როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? - ვიმეორებ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კატეგორიული იქნება ერთი მხარე რევანშისა და ძალაუფლების ასაღებად და რამდენად დაუთმობს მეორე მხარე. ხალხის ძალიან დიდი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელია "ნაციონალები" და აქედან გამომდინარე, რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის სამოქალაქო ომი, რაც ჩვენ ერთხელ გავიარეთ და დავანგრიეთ ქვეყანა.

- ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში რევოლუციური ვითარება არ არის, რომ ეს ვერ მოხდება. - რასაკვირველია, ხალხში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ მუხტის გაძლიერება ისე ნელ-ნელა ხდება, რომ საბოლოოდ მოქალაქეებს შორის გაჩნდება აგრესია. რევოლუცია მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ წყობა შევცვალოთ. ნიშნავს იმას, რომ ხალხში არის დიდი აგრესია, რაც სამოქალაქო დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს და მერე ამას გინდა რევოლუცია დაარქვი და გინდა სხვა რამ.

რუსა მაჩაიძე