ქიზიყური ვაშლის გემო
"ყველაზე მეტი მოვლა ვაშლს სჭირდება. ბაღს წვეთოვანი სისტემით ვრწყავთ, ვწამლავთ კონტაქტური საშუალებებით. უფრო კი ვცდილობთ ბაღს ბუნებრივად შევუწყოთ ხელი, რათა შესაწამლავი საშუალებები ნაკლებად დაგვჭირდეს"
მირზა ჭინჭარაული ახალგაზრდა ფერმერია, აგრობიზნესმენი, რომელმაც პარტნიორებთან ერთად ჯუგაანში ხილის ბაღი გააშენა. ეს მხარე უმეტესად ვაზის, ატმის, მარცვლეულის, საზამთროს, ბოსტნეულის მოსაყვანად არის საუკეთესო, თუმცა გაირკვა, რომ ის ზონა, რომელშიც მათი ბაღია, ვაშლისთვის, კარალიოკისა და ხურმისთვისაც სასურველი გარემოა. თუ რატომ და როგორ ხარობს ქიზიყში გემრიელი ვაშლი, ამას მირზა ჭინჭარაული გვიამბობს.
- თავიდან ფართობის გაყიდვას ვაპირებდით, გვინდოდა ქართველს ეყიდა და არა უცხოელს. თუმცა მანამდეც იყო იდეა, ბაღი გაშენებულიყო. საცდელად დარგულიც იყო სხვადასხვა ხეხილი. ყველაფერმა გაიხარა. მერე ნიადაგი შევისწავლეთ და არც ამ მხრივ აღმოჩნდა რამე ხელის შემშლელი. ვინაიდან ყველანაირი პირობა შეიქმნა უფრო დიდი ბაღის გასაშენებლად, უკან აღარ დაგვიხევია.

- ვაშლი ქართლის მხარის ხეხილია, თქვენ ის ქიზიყში გააშენეთ. რატომ? - კი, ოთხი ჯიშის ვაშლი გვაქვს. აქ კლიმატმა, გარემომ, ნიადაგმა მოგვცა საამისოდ ბიძგი. ადგილი მზიანია, სარწყავი წყალი სავსეა მინერალებით. ნერგებიც შევარჩიეთ, თურქეთიდან შემოვიტანეთ. ამასთან, ჩვენთან მოსავალი რამდენიმე კვირით ადრე მოდის, ვიდრე ქართლში. აქ სეტყვაც იშვიათია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ წლეულს 20 წლის განმავლობაში სეტყვა პირველად მოვიდა. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო დროს ალაზნის ველი ძალიან გაშენდა. ეტყობა, ბუნებას ადამიანის მეტისმეტი აქტიურობა "არ მოსწონს".
- თქვენი ბაღი რა ხნისაა? - 2016 წელს ჩავყარეთ. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ახალმა ნერგებმა ცოტ-ცოტა ნაყოფი მოგვცა, მაგრამ ყველაზე მეტი მოსავალი წელს ავიღეთ. ნაწილი სეტყვამ კი გააფუჭა, მაგრამ უკმაყოფილო არა ვართ, ოღონდ ექსპორტისთვის აღარ გამოდგა, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით.
- რამდენ ჰექტარზე გაქვთ ვაშლი გაშენებული? - 9 ჰექტარზე და 70-80 ტონა ავიღეთ. აქაური ნიადაგი მდიდარია მინერალებით და ეს ხარისხიანი მოსავლის ერთ-ერთი ხელშემწყობია. ამიტომ ვაშლი ძალიან გემრიელია.
- კარალიოკი და ხურმაც გქონიათ. - კი, მაგრამ მის გაშენებასაც წინ ცდები უძღოდა. ახლა კარალიოკიცა და ხურმაც ერთად 10 ჰექტარზეა დარგული. მცირე ფართობზე გვაქვს მსხალი, ქლიავი. ყველაფერი ერთად 20 ჰექტრამდეა.

- ბაღის აგროტექნიკური პროცედურებისთვის წლის განმავლობაში რა თანხა იხარჯება? - ყველაზე მეტი მოვლა მაინც ვაშლს სჭირდება. ვრწყავთ წვეთოვანი სისტემით, ვწამლავთ კონტაქტური საშუალებებით. უფრო კი ვცდილობთ ბაღს ბუნებრივად შევუწყოთ ხელი, რათა შესაწამლავი საშუალებები ნაკლებად დაგვჭირდეს. რაც შეეხება მუშახელს, პერიოდულად გვჭირდება, სეზონის მიხედვით - ზაფხულში უფრო მეტი სამუშაოა, შემოდგომაზე მოსავალია ასაღები.
რაც შეეხება აგროტექნიკურ სამუშაოს ხარჯს, რაც ბევრი ფაქტორის გამო მუდმივად იცვლება, ეს განპირობებულია ამინდით, ბაზრის ფასებით. დაახლოებით 150 ათასი ლარი მაინც არის საჭირო. ამაში ყველანაირი ხარჯი იგულისხმება.
- სამაცივრე სისტემასაც ამუშავებთ? - ნებისმიერი პროდუქტი, რაც უნდა გვიან მოკრიფო, მალე "ბერდება". ამიტომ სწრაფად უნდა გააგრილო და გააცივო "დაბერების" შესანელებლად, რათა ისეთივე კონდიციაში ამყოფო, როგორც ხეზე ბუნებრივად იქნებოდა. 100%-ით ვერა, მაგრამ პროდუქტის ხარისხის შენარჩუნება მაინც ხერხდება. მაცივარში შეიძლება ხილი ადგილობრივი ბაზრისთვისაც შეინახო.
- სახელმწიფო რაში დაგეხმარათ? - როცა გავაშენეთ, მაშინ ჰექტარზე 5 ათასი ლარის ოდენობის დახმარება იყო და სულ 100 ათასი ლარი მივიღეთ. დანარჩენი საკუთარი სახსრებით შევძელით. სახელმწიფო დაახლოებით 50%-ით დაგვეხმარა.
- თანამედროვე ბაღის გასაშენებლად რა მეთოდებს იყენებთ, თუ თქვენი ბაღი ძველი, ტრადიციული მეთოდით გაშენდა? - ბაღი ინტენსიური არ არის, ნერგები დაშორებულია...
ახლა ვცდილობ რამდენიმე დასახელების ხეხილი ერთად დავრგო ტყის მსგავსი მრავალფეროვანი გარემოს შესაქმნელად. ხეხილის გაშენების თანამედროვე მიდგომა, ალბათ, ეს იქნება... მსხალი, ქლიავი, ვაშლი შერეულად დაირგვება, ბუჩქებიც გაერევა როგორც ტყეში, იქნება მწვანე საფარიც, პარკოსნები... საჭირო იქნება შინაური ცხოველებიც - ხეხილს ბუნებრივი სასუქი ექნება, შინაურ ცხოველებს კი ბალახი... ამას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ძალიან მინდა ეს იდეა ბოლომდე მივიყვანო.

- ხილის გადამმუშავებელ საწარმოზე არ ფიქრობთ? - გვინდა გაისად გადამმუშავებელიც ავამოქმედოთ, ალბათ, უფრო საჩირე. სამაცივრესთან ერთად ერთი კომპლექსი იქნება. ჩვენი მიზანია პროდუქტის მოყვანა, შენახვა, გადამუშავება, პროდუქციის ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდება და ექსპორტით გატანაც.
- იმ გამოცდილებიდან რაც დაგიგროვდათ, რისი თქმა შეგიძლიათ მომავალი მებაღეებისთვის? - მიწაზე მუშაობის გამოცდილება მანამდეც გვქონდა - მოგვყავდა საზამთრო, ბოსტნეული, მარცვლეული, მაგრამ ხილის მოყვანის გამოცდილება არ მქონია. ამიტომ თან ვშრომობდით, თან ვსწავლობდით. ბაღის გაშენების მსურველებმა ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმონ, ყველაფერი დეტალურად უნდა შეისწავლონ: მოსავლიანი ჯიშები, კულტურები, სად და როგორ დარგონ, ბაზრის მოთხოვნები, სად გაყიდიან... ამ ყველაფრის ცოდნა იმისთვის არის საჭირო, რომ შეცდომები არ დაუშვან.