ჯანმრთელი ინდაურების გაზრდის საიდუმლო - კვირის პალიტრა

ჯანმრთელი ინდაურების გაზრდის საიდუმლო

ინდაურმა თუ არ იარა და არ ირბინა, დაკუტდება. ზოგიერთი ინდაურს მინდორშიც უშვებს, ოღონდ მოსავლის აღების შემდეგ. პატრონიც ისვენებს, რადგან მობალახე ინდაურების კვება გაცილებით ნაკლებად უწევთ, ხარჯი ნაკლებია. თუმცა ინდაურებს, ასე ვთქვათ, წანწალი და ფრენა ძალიან უყვართ

ფასების განუწყვეტელი ზრდის გამო, მათ შორის ხორცპროდუქტებზე, ჩვენს მოსახლეობას თავის რჩენა უფრო გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, სოფელი ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ შინაური ფრინველი მასობრივად მოშენდეს. ამის მიზეზად მარცვლეულის სიძვირე სახელდება. ასევე მტკიცედ ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომლის ძალითაც შინაური ფრინველების მოშენება გავრცელებული მასობრივი დაავადებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. "არ ღირს ინდაურის გამრავლებაც, რადგან სხვადასხვა დაავადებით ჭუკობაშივე იხოცებიან", - ამბობენ სოფლად და რაიონული ბაზრების ცენტრებში მიეშურებიან იმპორტირებული ან ქართულ ფერმებში მოშენებული ფრინველის ხორცის შესაძენად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არგუმენტებიდან არც ერთი არ არის გამოგონილი და სიმართლის ნაწილი ყველაშია, დარგის სპეციალისტების თქმით, ისინი მაინც არასერიოზულია. სპეციალისტები შინაური ფრინველის გამრავლების პრობლემის პირველ მიზეზად მოსახლეობის შრომითი უნარების მივიწყებას ასახელებენ. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, მართალია, ყველა ხელის შემშლელი მიზეზი არსებობს, მაგრამ შინაური ფრინველების მოშენება შესაძლებელიც არის და მომგებიანიც, მით უფრო, ინდაურისა, რომელიც ძნელად გასამრავლებელია, თუმცა შეუცვლელი საკვებია. მისი უქოლესტერინო ხორცი ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის სასარგებლო და შეუცვლელია. ჩვენს ქვეყანაშიც იშვიათად, მაგრამ არიან ოჯახები, რომელთაც ეს ესმით და ინდაურსაც აშენებენ, მათ შორის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში, სოიტაშვილების ოჯახში. ქალბატონი მაყვალა სოიტაშვილი ყოველწლიურად 50-მდე ფრთა ინდაურს ზრდის, რაშიც მთელი ოჯახი ეხმარება. დედაქალაქში მცხოვრები შვილიშვილი გიორგი სოიტაშვილიც შემთხვევას არ უშვებს, რომ სოფელში ბებოს გვერდში არ ამოუდგეს. ბავშვობაში დაწყებული საქმე წარმატებით გრძელდება. პრობლემის გადაწყვეტის სათავე ესეც არის - როდესაც პატარას შრომა შეუყვარდება, დიდობაშიც არ მოიშლის. გიორგის ვკითხეთ, როგორ ახერხებენ ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ფრთა ინდაურის გაზრდას.

გიორგი სოიტაშვილი:

- ჩემი ოჯახისთვის ფრინველების გამრავლება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ფრინველი ყოველთვის ბევრი გვყავდა და ახლაც გვყავს. შრომის სიყვარულთან ერთად ამ საქმეს მონდომებაც სჭირდება, მერე კი გამოცდილებაც. ინდაური მართლაც არ არის მარტივად გასაზრდელი ფრინველი, მაგრამ ჩემი მაყვალა ბებო ამ საქმეში გაწაფულია. მთავარია, ეზოში მოზრდილი სივრცე იყოს ინდაურების სარბენად, თორემ სხვა ყველაფერს მოევლება. ინდაურმა თუ არ იარა და არ ირბინა, დაკუტდება. ზოგიერთი ინდაურს მინდორშიც უშვებს, ოღონდ მოსავლის აღების შემდეგ. პატრონიც ისვენებს, რადგან მობალახე ინდაურების კვება გაცილებით ნაკლებად უწევთ, ხარჯი ნაკლებია. თუმცა ინდაურებს, ასე ვთქვათ, წანწალი და ფრენა ძალიან უყვართ. ამიტომ დაგვიანების შემთხვევაში პატრონი დაღამებამდე უნდა გავიდეს მათ მოსაძებნად.

- დავიწყოთ კვერცხით: ინდაურის კვერცხი ძვირი, 5 ლარი და მეტი ღირს, თანაც ძნელი საშოვნელია. თქვენ კვერცხი, ალბათ, შინ გაქვთ, სხვას კი შესაძლოა არც უღირს მასში ამხელა ფასის გადახდა, მით უფრო, თუ დარწმუნებული არ არის მის ხარისხში. - საბედნიეროდ, არის ხალხი, ვინც ამ ფრინველს აშენებს და კვერცხსაც ყიდის, თანაც, თუ ადამიანი წლეულს ინდაურს მოაშენებს, ცხადია, გაისად კვერცხი შესაძენი აღარ ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ინდაურის ჭუკის პირველ დღეებში გამოკვებაა. ფრინველის ჯანმრთელობაც სწორედ ამის მიხედვით ყალიბდება. ჩვენს ოჯახში ინდაურების გაზრდისას მთავარი და არსებითი ყოველთვის ის იყო, რომ ჭუკი მცირეოდენი რძის ნაწარმით ვკვებოთ პირველ ორ კვირას მაინც.

- ამას ვერ მოიწონებენ ისინი, ვისაც ძროხა არა ჰყავს. - დასანანია, სოფელში ძროხა რომ არ ჰყავთ. ინდაურს დიდი რაოდენობით რძის პროდუქტი სულაც არ სჭირდება. ჭუკები ძალიან ცოტას ჭამენ ორ კვირამდე. ამ დღეებში

ბებოს ინდაურებისთვის მკაცრი "მენიუ" აქვს, აუცილებლად აძლევს ერთმანეთში არეულ დაკეპილ ჭინჭარს, ქატოსა და მცირეოდენ მაწონს, რომელიც ჭუკს აკაჟებს და დაავადება იშვიათად ერევა. ამას ამატებს ხორცსაკეპში ნაჭუჭთან ერთად გატარებულ კვერცხს და რაც მთავარია, ნადუღს. ამის შემდეგ შეიძლება 100%-ით გარანტირებული იყოს, რომ არც ერთი ჭუკი არ მოკვდება.

- ნადუღს? - დიახ, ნადუღს. ნადუღი ხომ ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი შრატით მზადდება. ასე რომ, მისი ჭუკებისთვის გამეტება არავის დააქცევს. სამაგიეროდ, ყველა ჭუკი ჯანსაღი გაიზრდება.

თუკი ამის საშუალება არ არის, მაშინ ინდაურის ჭუკი შეიძლება მხოლოდ მდუღარეში მოწალული ჭინჭრისა და ქატოს (ან მჭადის ფქვილის) ნარევითაც გაიზარდოს. ჭინჭარსაც აქვს ის ანტიმიკრობული დანიშნულება, რომ ჭუკს კუჭ-ნაწლავს ინფექცია აარიდოს. ამის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის ასაკიდან, ჭუკი ჯერ ხორბალზე გადაგვყავს, მერე კი ნატურალურ საკვებზე. ბებიაჩემს აზრადაც არ მოსვლია, ოდესმე ინდაურებისთვის საკვები ეყიდა. ჩვენს ოჯახს ფრინველისთვის ერთადერთი მედიკამენტი სჭირდება - პარაზიტების, ტილის საწინააღმდეგო პრეპარატი, რითაც ინდაურის სადგომი თვეში ორჯერ მაინც უნდა დამუშავდეს. ინდაურისთვის ტილის ყურში ჩაძრომა სასიკვდილოა.

- ეს არ ვიცოდი, ის კი ვიცი, რომ ინდაურს უკვე დიდი ფასი ადევს - 4-5-კილოგრამიანი 100 ლარი ღირს. წლის ბოლოს კი, რა თქმა უნდა, ფასი უფრო გაიზრდება. - ფრინველს ჩვენც გავყიდით, მით უფრო, რომ ინდაურს ნატურალური პროდუქტებით ვზრდით და კლიენტიც არ ჭირს. რამდენიმე ათეულ ფრინველში აღებული თანხა ოჯახისთვის შესაძლოა კოლოსალურად დიდი არ არის, მაგრამ რომელიმე აუცილებელ საჭიროებას მაინც დააკმაყოფილებს. ჩვენს სოფლებს ვუსურვებდი, უფრო მეტად დაფიქრდნენ საოჯახო მეურნეობაზე. ასე არავის იმედზე არ ვიქნებით და ჯამრთელობასთან ერთად, განწყობაც და ცხოვრების ხარისხიც უფრო მაღალი გვექნება.