"საკითხი, რომლის გამოც ვშიმშილობ, ყველანაირ პარტიულ დაპირისპირებაზე მაღლაა, ზუსტად იგივეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ყველასთვის"
არანაირი წყენა არ მაქვს არც ნინო წილოსანის, "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენლის მიმართ, ვინც პირადად მესხმის თავს - საკითხი, რომლის გამოც ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა, ზუსტად იგივეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მისი შიმშილობა დაკავშირებულია ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებასთან და ასევე, არის დესტაბილიზაციის თავიდან არიდების საშუალება.
"სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება, არც ერთი წამით არ ვაპირებ უკან დავიხიო, ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა. მე განწყობილი ვარ მშვიდად, რაციონალურად ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება და ეს არის დესტაბილიზაციის თავიდან არიდების საშუალება. მინდა აღვნიშნო, დღეს იყო მოსული ირაკლი ზარქუა და ლევან იოსელიანი, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" დეპუტატების მხრიდან, ზიზღის კამპანია არ წყდება და მუდმივად მიმდინარეობს, მე ადამიანურად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აქ მოდის. ასევე მინდა ვთქვა, რომ არანაირი წყენა არ მაქვს არც წილოსანის მიმართ, "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენლის მიმართ, ვინც პირადად მესხმის თავს. საკითხი, რომლის გამოც ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა, ზუსტად იგივეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ყველასთვის. სიცოცხლის უფლებაზე ჩვენ თუ არ შევთანხმდით ამ ქვეყანაში, უბრალოდ, აზრი არაფერს აქვს", - განაცხადა ხოშტარიამ.
"ინტერპრესნიუსი"