"შიგნით არჩევენ, რატომ არ დააწერა ნიკა მელიამ მის საარჩევნო ბანერს 5, რატომ გარბის "ლელოში" და ატარებს ბრიფინგებს"
"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ ეს ოცნება არ ახდება, თუ ვინმე არ ოცნებობს და პირიქით, ეშინია, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ - ეს არ ახდება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
"თუ ვინმე ღელავს, რომ ვაი თუ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდა, რა გვეშველებაო, დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ ეს არ მოხდება! თუ ვინმე ოცნებობს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ცივი წყალი უნდა გადავასხათ და ვუთხრათ, რომ ეს არასდროს არ მოხდება - არც იმ ექვს წელში, რომელიც ციხეში უნდა გაატაროს და არც მას შემდეგ, როცა შეიძლება იყოს თავისუფალი ან არ იყოს, იმის მიხედვით, თუ როგორ დამთავრდება სასამართლო პროცესები, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ნიკა მელიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას, შიგნით არჩევენ, რატომ არ დააწერა ნიკა მელიამ მის საარჩევნო ბანერს 5, რატომ გარბის "ლელოში" და ატარებს ბრიფინგებს, ასევე რატომ არ ეხმარებიან "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები ძალის მობილიზებაში, როცა ის შეკრებას აანონსებს. ეს ჩვენი საქმე არ არის, თავად იმსჯელონ. სჯობს, უფრო მეტი ქვეყნის მომავალზე იფიქრონ, ვიდრე პარტიულ ინტერესებზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, როგორც დღეს სუბარმა განაცხადა, "კარგია, რომ სააკაშვილს შიმშილობის ის ფორმა ჰქონდა არჩეული, რომელიც არც მის სიცოცხლეს და არც ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნიდა".
"ქართული ოცნების" დეპუტატმა სწორედ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ გაქარწყლდა ტყუილი, თითქოს მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა.
"შიმშილობის მესამე დღეს გვესმოდა განცხადებები, რომ იყო ბოლო საათები, ბოლო წუთები, აი, ახლა წავა იმ ქვეყნად, რაღაც საშინელება მოხდება, მაგრამ თითქმის 40 დღე გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელად არის, რადგან საკვებ დანამატებს იღებდა. კარგი იქნება, თუ შიმშილობის ფორმას არ დაამძიმებს და თუ შიმშილობას მინიმუმ ამ ფორმით გააგრძელებს. უკეთესი იქნება, თუ შიმშილობას საერთოდ შეწყვეტს. ის გაგვაგებინოს, რა მოთხოვნა აქვს! ელენე ხოშტარიას შიმშილობის მოთხოვნა მკაფიოდ გავიგეთ - ითხოვს, საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ინტერპრესნიუსი"