"ნანას პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი" - კვირის პალიტრა

"ნანას პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი"

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში

საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო.

დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013). "კვირის პალიტრის" არქივში ინახება ინტერვიუ ქართველ დიპლომატთან, გთავაზობთ ამონარიდებს:

ნანა

ნანა სფინქსივით იყო. იდუმალი. ეს მნიშვნელოვანი მომენტია სიყვარულში. ნანა ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, ეს კიდევ უფრო ართულებდა მის ბოლომდე გაცნობას. სულ მეგონა, რომ ღრმა სამალავში რაღაც საიდუმლოს ინახავდა. ეს სიყვარულის მაცოცხლებელი ძალა იყო. პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი. ახლა ხშირად მესიზმრება. მარტო ვცხოვრობ, მაგრამ ის მუდამ ჩემთანაა. მის სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობ. "მეფე"

- ირაკლი იყო არა მხოლოდ მუსიკოსი, არამედ უპირველეს ყოვლისა პოეტი. თვითონ წერდა ლექსსაც და მუსიკასაც... იყო პროზაიკოსიც. ის ძალიან ფართო სპექტრის ხელოვანი იყო. მისი პოეზია და საინტერესო მეტაფორული აზროვნება სხვებისას არ ჰგავდა, თემატიკაც სხვას ირჩევდა. არ მიჰყვებოდა ტრადიციული ქართული საესტრადო ლირიული სიმღერის ხატოვანებას. ირაკლის სიმღერის შესრულების მანერაც სხვანაირი ჰქონდა, იმას ვერავინ გაიმეორებს, ტრაგიზმი იყო მის ხმაში და მელოდიაში. ალბათ მეგობრების დაკარგვამაც დიდი წვლილი შეიტანა მის შემოქმედებაში.

გენეტიკაც უწყობდა ხელს... ჩვენს ოჯახში ხელოვნება უყვარდათ და ესმოდათ. ირაკლის ბაბუა, კანდიდ ჩარკვიანი არამარტო "ცეკას" პირველი მდივანი, არამედ კარგი მოყვარული პოეტი და დიდად განათლებული ადამიანი იყო. არაჩვეულებრივად იცოდა გერმანული, თარგმნიდა ჰაინეს ლექსებს... კაცმა, რომ თქვას არც მე ვიყავი უნიჭო მუსიკაში და სხვა საკითხებშიც. რაც შეეხება დედის მხარეს, მისი დიდი ბაბუა, მოსე თოიძე იყო ქართული თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ირაკლი და გელა

- მე და ირაკლის პრინციპად გვქონდა, რომ მის პირად ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, რადგან ამას კარგი შედეგი არასდროს მოაქვს. ახლა რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი, სხვა არაფერს... ძალიან ბევრ თემაზე ვლაპარაკაობდით, შეიძლებოდა ცხოვრების წესი უფრო ჯანსაღად აეგო, ისიც და მისი მეგობრებიც სინჯავდნენ ხოლმე ნარკოტიკებს, რაც მან თავის წიგნში გულწრფელად აღწერა. ბუნებრივია ამაზეც ვსაუბრობდით. ყველაზე კარგად მაშინ წერდა, როცა ამ ჩვევისაგან გათავისუფლდა. მაგრამ ის იყო კაცი, რომელიც თავის გზას მიჰყვებოდა… (იხილეთ სრულად)