"კობახიძის აბსურდული განცხადება ჩემს მოწამვლაზე მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს"
კობახიძის აბსურდული განცხადება ჩემს მოწამვლაზე მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს - ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ჩემს ჯანმრთელობაზე არის "ქართული ოცნება",- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კობახიძის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან აღნიშნა.
როგორც ხოშტარია აცხადებს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ აბსურდულ ინფორმაციას არ აყვეს და არ აღელდეს. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დღის წესრიგით ცხოვრებას არ აპირებენ და ოპოზიცია გონივრულად მოქმედებს ბრძოლის იმ ფორმებით, რომელიც შედეგს მოიტანს.
"მინდა გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის აბსურდულ განცხადებას, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას, გარდა იმისა, რომ ეს მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, არაადეკვატურ, არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ჩემს ჯანმრთელობაზე არის "ქართული ოცნება". რითაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის "არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან" გამოყვანა - ვციტირებ ომბუდსმენს და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ლაპარაკი შეთქმულებებზე ან მცდელობა ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან დაპირისპირების, აქცენტების და ყურადღების გადატანა არ გამოუვათ მათ. ერთადერთი, რაზეც მოუწევთ ფიქრი, ეს არის პასუხისმგებლობა, მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის შესახებ, მეტს ამ საკითხზე აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო,"- განაცხადა ხოშტარიამ.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.
შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
"ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ინტერპრესნიუსი"