"ხელისუფლება ცდილობს სააკაშვილის მორალურად განადგურებით დააგროვოს პოლიტიკური კაპიტალი, რაც ისევ სააკაშვილის ინტერესებზე მუშაობს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ცდილობს სააკაშვილის მორალურად განადგურებით დააგროვოს პოლიტიკური კაპიტალი, რაც ისევ სააკაშვილის ინტერესებზე მუშაობს"

"2012 წლიდან დღემდე, განსაკუთრებით ბოლო დროს, "ქართული ოცნება" იმით ინარჩუნებს ძალაუფლებას, რომ ამბობს, ჩვენ თუ არ ვიქნებით, მაშინ დაბრუნდება სააკაშვილიო. ანუ ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც ხელისუფლებას ინარჩუნებენ, თავად სააკაშვილია. რატომ უნდა უნდოდეს ამ ფაქტორის მოშლა ხელისუფლებას, სრულიად გაუგებარია"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროსტესტეს ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა. ისინი მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

როგორ აფასებენ ექსპერტები სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს და რა მოლოდინები აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე? ამის შესახებ kvirispalitra.ge მათ ესაუბრა.

გია ხუხაშვილი: - იმდენად აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, რომ აღარაფრის მოლოდინი არ მაქვს. არც გაკვირვების უნარი, იმიტომ რომ, პრაქტიკულად, ყველაფერს ველოდები. ყველა წითელი ხაზი, კანონზომიერი პოლიტიკური განვითარების, გადალახულია და, შესაბამისად, ვინ როდის და სად რას გამოაგდებს, ამის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ყველა ფსკერი იქნა გახვრეტილი. ასეთი სევდიანი სურათი გვაქვს. პირდაპირ გეტყვით, ერთი მხრივ, გასაგებია ხელისუფლების ამოცანა რაშია, ოპოზიციის ამოცანაც გასაგებია, მაგრამ ყველაფერი ხდება სახელმწიფოებრივი ზიანის ხარჯზე. ხელისუფლებას ამოძრავებს მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიში, ეს უხშობს ყველა ინსტინქტს, ყველა მოვალეობას. ფაქტობრივად, გასულები არიან კონსტიტუციის ფარგლებიდან, რომლის აღსრულების გარანტებად ისინი ჩვენ დავიქირავეთ.

- გამოდის, "ქართული ოცნების" ნაბიჯები ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს? - გარკვეულწილად კი, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ოპოზიცია, რომელიც აქტიურია ამ პროცესში, ეს არ არის კრიტიკული მასა, რომელსაც შეუძლია რეალური ცვლილებები დაიწყოს ამ ქვეყანაში. ამ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი სეგმენტი, რომელიც ნეიტრალურია და მას არ მოსწონს ის რეალობა, მისი შეცვლა ძალიან უნდა, მაგრამ არც იმისთვის არის მზად, რომ ამ ოპოზიციის ხელმძღვანელობით რაღაც პროცესს მიჰყვეს. ჩვენ, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ვკარგავთ. ხელისუფლების ამოცანა არის ერთი ადამიანის, თუნდაც ძალიან დამნაშავის, მორალური განადგურება. არა ფიზიკური განადგურება, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, არამედ - მორალური განადგურება, მისი დამცირება და წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ. ამ მიზნით პირველი სერია იყო ფაფის ჩადება, მეორე სერია კრიმინალებთან გარიგების ბაზაზე მოხდა. ეტყობა, კრიმინალებმა უთხრეს, ჩვენ მოგვეცით და ჩვენ მივხედავთ მაგასო. ამ ოპერაციას ვუყურებთ, ხელისუფლება ცდილობს ახლა, სააკაშვილის მორალურად განადგურებით დააგროვოს პოლიტიკური კაპიტალი, რაც წარმოუდგენელი რამეა, ეს მუშაობს, ფაქტობრივად, სააკაშვილის ინტერესებზე. გუშინ რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, ამით სააკაშვილს მისცა სერიოზული არგუმენტები პოლიტიკური წამებულის მანტიის მოსასხმელად, მათ შორის - დასავლეთის თვალში, იმიტომ, რომ ხელისუფლების გუშინდელი ქმედება შეიცავდა არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს სრულიად აშკარად და ეს, რა თქმა უნდა, მისთვის მძიმეა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ, მეორე მხრივ, წმინდა პოლიტიკურ ასპექტში თუ შევხედავთ, სააკაშვილს სულ უფრო და უფრო მეტი არგუმენტი უგროვდება იმისათვის, რომ მან პოლიტიკურ დევნაზე ისაუბროს. ვნახეთ, რა ხმაური იყო ციხეში. პატიმრები ხომ დაარწმუნეს ჯერ, რომ სააკაშვილი მათ საძმოს, ვთქვათ, ცოცხზე სვამდა. ხელისუფლებისთვის ძნელი გასათვლელი იყო, რა მოჰყვებოდა გლდანში მის შეყვანას? ეს შეგნებულდ გააკეთა ხელისუფლებამ, კრიმინალებთან შეთანხმებით, რომ ამ სადისტური მეთოდით ფსიქოლოგიური ზეწოლა განეხორციელებინა სააკაშვილზე. პრელუდია, ხომ, კომიკური - მთელი სპეცოპერაცია ჩაატარეს, მთვარსარდალი იჯდა, თითქოს, სადღაც, ჯურღმულში და გეგმავდნენ, აქედან ვერტმფრენი ავაფრინოთ, იქიდან - ჯიპებიო, ვიღაცა "გენიოსმა" დადგა ეს აბსურდი. დედას ეს ვუთხრა, შვილებს და ექიმს - ეს, სახალხო დამცველი მოვატყუოთო და ეს სცენარი დადგეს. ბოლივუდის სცენარი იყო. ასეთ საგიჟეთში გვაცხოვრებენ. ხელისუფლება ამით არის დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ პანდემია მართოს. დღეს 75 ადამიანი დაიღუპა, რომელსაც უნდა ეცოცხლა, ნორმალურად რომ ემართა ხელისუფლებას პანდემია. იქით ტარიფები იზრდება, აქეთ სამომხმარებლო კალათა ძვირდება. შიმშილის ზღვარზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია, სანახაობა რომ ჰქონდეს, ხელს იშვერს ხელისუფლება სააკაშვილისკენ და ყველაფერს იმათ აბრალებს. ამბობს, სააკაშვილის გამოა, რომ თქვენ დღეს გშიათ და გწყურიათო, - პასუხისმგებლობას იხსნის. ამ დროს ჩვენ ხელისუფლება დავიქირავეთ იმისთვის, რომ ის პრობლემები გადაწყვიტოს, რაც ხალხს აწუხებს, მაგრამ ამ პრობლემებზე არც საუბრობს და არც ფიქრობს.

- საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია მოჰყვება ამ ფაქტს? - ამოუვიდათ მათაც ყელში ეს, ყველაფერი. მათაც იციან, რომ არც სააკაშვილია ანგელოზი, მათაც აქვთ თავისი ინტერესები. ხვდებიან, რომ ჩვენ, არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტა, არამედ - საზოგადოებაც, არ ვართ მზად ცივილიზებული სახელმწიფოს სახელი დავირქვათ. ხშირად ვსაუბრობთ შერჩევით სამართალზე, უფრო წინ წავედით და შერჩევითი მორალის საზოგადოება ჩამოყალიბდა, როდესაც ჩემიანზე ძალადობა არის დანაშაული და სხვისიანზე ძალადობა არის მართლმსაჯულება. ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ხომ უყურებენ ამას უცხოელები და ამბობენ, კისერიც გიტეხიათო. რაზეც აღფოთებულები ვიყავით მე და ჩემი მეგობრები სააკაშვილის რეჟიმის დროს, ზუსტად იმავეს ჩადის ეს რეჟიმი დღეს და ჩემი მეგობრები ამას აპრავებენ. ეს ხომ შერჩევითი მორალია, რასაც ამ ხელისუფლების გამპრავებლები აკეთებენ. არაფერი შეცვლილა, სისტემურად შეიძლება ვთქვათ, ცოტათი უფრო ჰუმანურები არიან და ცოცხი არ არის, მაგრამ რეალურად, რა ინსტრუმენტზე თქვა ხელისუფლებამ უარი? - არაფერზე.

მრავალპროფილურ კლინიკაში მისი არგადაყვანა - ეს არის შიშის დემოსტრირება და დაუოკებელი სურვილი, რომ სააკაშვილი მორალურად მოსპონ.

- რატომ უნდა მოსპონ მორალურად? - იმიტომ რომ პოლიტიკაში ასე ხდება, ფიზიკური მოსპობა პოლიტიკურ პრობლმებს ვერ წყვეტს, მითოლოგიაში გადადის პერსონა. ამათი ამოცანაა, რომ მორალურად მოსპონ, გააფარჩაკონ. ფაფის ჭამა, - ეს ხომ ისტორია იყო, გუშინაც გვაჩვენა ხელისუფლებამ კადრები, თავისი ფეხით გადავიდაო. მოატყუეს და გადავიდა, და ეს ჩაწერეს, მერე კრავის თვალებით გვითხრეს, თავისი ნებით გადავიდაო, გადავიყვანეთ, რადგან შიმშილობს და რამე რომ არ მოუვიდესო. 5 წუთში გვეუბნებიან, ისეთ ჯანზეა, ორი ბადრაგი სცემა და აპარატურა დაგვილეწაო. ამ აბსურდში გვამყოფებენ. ხელისუფლება როგორ შეიძლება, ასე იქცეოდეს. კრიმინალის და ოპერმუშაკის ენაზე გვესაუბრება საზოგადოებას ხელისუფლება. ის ესაუბრება განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სააკაშვილის სისხლი სწყურია და ამ წყურვილის დასაკმაყოფილებლად მოქმედებს ასე. იმედი მაქვს, ისეთი ხალხი, ვისაც ვიღაცის სისხლი სწყურია, ბევრი არ არის. თუ ვინმე დაზარალდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ერთ-ერთი მე დავზარალდი და არ დაზარალებულა კობახიძე, არც ღარიბაშვილი, პირიქით - 7 ნოემბრის ამბების შემდეგ ღარიბაშვილი ბრძანების შემსრულებელ სპეცრაზმელებს ივანიშვილის ფულს იქით ურიცხავდა, პრემიის სახით. ხელისუფლება ახლა დაკავებულია მისი მორალური განადგურებით და თუ მოახერხეს მორალური განადგურება, განულება, როგორც პერსონის, ადგებიან და მერე დეპორტაციას გაუკეთებენ უკრაინაში, აბა, რას იზამენ?! ყოველ შემდეგ სერიაში კიდევ უფრო უარეს სისულელეს ჩადიან.

ვახტანგ ძაბირაძე:

- გულწრფელად გითხრათ, არ ვარ ჩახედული კანონმდებლობაში და არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ხელისუფლების ქმედება არსებულ კანონმდებლობას. კაციშვილი არ ეკითხებოდა პატიმარს მის დროს, რა უნდოდა და რა არ უნდოდა, სადაც უნდოდათ, იქ მიჰყავდათ და მოჰყავდათ. ამ საკითხში ვერ შევალ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გადაიყვანეს სააკაშვილი მოტყუებით თუ არ გადაიყვანეს, მისი განმარტება ვნახეთ. რა კადრები გაავრცელა ხელისუფლებამ, იქიდან ჩანს, ღმერთმა სიკეთე მისცეს და მშვენივრად არის 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მშვენივრად გამოიყურება, მიჰქონდა ნივთები. ოპოზიციის მიდგომა, რომ ხელისუფლებას აქვს განზრახული სააკაშვილის ფიზიკური განადგურება, ჩემი აზრით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. თუ ვინმეს არ აძლევს ხელს დღეს სააკაშვილის დაღუპვა, ეს არის, პირველ რიგში, ხელისუფლება. 2012 წლიდან დღემდე, განსაკუთრებით ბოლო დროს, "ქართული ოცნება" იმით ინარჩუნებს ძალაუფლებას, რომ ამბობს, ჩვენ თუ არ ვიქნებით, მაშინ დაბრუნდება სააკაშვილიო. ანუ ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც ხელისუფლებას ინარჩუნებენ, თავად სააკაშვილია. რატომ უნდა უნდოდეს ამ ფაქტორის მოშლა ხელისუფლებას, სრულიად გაუგებარია. განწყობებსაც ხომ ვხედავთ? საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია იყო 7 ნოემბრის აქცია. თუ ვინმეს აძლევს ხელს დღეს კიდევ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება, იგივე ოპოზიციას, ვიდრე - ხელისუფლებას... ერთი ერთში ჰგავს "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს. იქ სააკაშვილია პირველი კაცი, აქ - ივანიშვილი. სააკაშვილის ფაქტორმა იმუშავა არჩევნებზე, როცა უამრავი ამომრჩეველი მივიდა, ადგილობრივი ამომრჩევლისთვის - შეუსაბამო. ვნახეთ, ბევრი ადამიანი არ იყო უკვე 8 ნოემბრის აქციაზე, მეგონა, მეტი შეიკრიბებოდა. პერმანენტული აქციები წავა დასასრულისკენ, ოპოზიციას საფიქრალი აქვს იმაზე, რა გააკეთოს. სტატეგიული გეგმა აქვს შესადგენი. მხოლოდ სააკაშვილის გარდაცვალებამ შეიძლება აწიოს მუხტი, სხვა ვერაფერი აწევს. არავინ დაუშვებს იმას, რომ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დადგეს საფრთხის ქვეშ. ნებისმიერ სხვა ადგილას მისი გადაყვანა უფრო მეტ საფრთხეს შექმნიდა და ხელისუფლების ქმედება არის სწორი. ზედმეტი გაუგებრობა აიცილეს თავიდან, რაც მოჰყვებოდა კერძო კლინიკაში მის გადაყვანას.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინა წაიყვანს მას? - თუ ძალიან გართულდა ვითარება, ჩაერევა უკრაინა და ერთ-ერთი გამოსავალი ესეც შეიძლება იყოს, როგორც ეს მოხდა ნავალნის შემთხვევაში - რუსეთმა გადასცა გერმანიას. ანალოგიური სიტუაცია შეიძლება აქაც განმეორდეს, თუმცა ამ ეტაპზე ამას არ ველოდები. ისიც ფაქტია, სააკაშვილის დაპატიმრებას ჩვენს სტატეგიულ პარტნიორებში არ მოჰყოლია მძაფრი განცხადებები. საკმოდ თავშეკავებული და დიპლომატიური განცხადებები იყო, რაც გაკეთდა. თუ მილევადი იქნება საპროტესტო მუხტი ქვეყნის შიგნით, დასავლეთისგან არ იქნება მკაფიო პროტესტი, მაშინ არც იმის საჭიროება იქნება, რომ სააკაშვილი უკრაინაში გადაიყვანონ. გამოშვებით - არავინ გამოუშვებს, მაგრამ მისი ციხეში ყოფნა გამოიწვევს პროცესების მუდმივ დუღილს და ამ რეჟიმში ამყოფებს საზოგადოებას, ოპოზიციას და ხელისუფლებას. გააჩნია, რა ურჩევნია "ქართულ ოცნებას" დღეს - ასე, დუღილი იყოს, მუდმივად პოლიტიკური დაძაბულობა, თუ ურჩევნია, ისევ უკრაინაში გაუშვას. შეიძლება "ქართულ ოცნებას" ხელს აძლევს კიდეც ეს ვითარება, რადგან ამით ის სოციალური პრობლემები, რაც არსებობს ქვეყანაში, უკანა პლანზეა გადაწეული და საუბრობს მუდმივად ამაზე.

(სპეციალურად საიტისთვის)