"რატომ არ ვართ ციხეში, ვინც ამას ვგეგმავდით?!" - თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს მიმართავს - კვირის პალიტრა

"რატომ არ ვართ ციხეში, ვინც ამას ვგეგმავდით?!" - თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ერთ კითხვას დავუსვამდი ბატონ კობახიძეს - მის ბოდვით წარმოსახვაში 10 - კაციან თათბირს ვესწრებოდი თუ არა მაგალითად მე - თუ ორგანიზებულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რატომ არ ვართ ციხეში, ვინც ამას ვგეგმავდით?!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების"თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების"ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა"ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძის განცხადება აბსურდულია და საზოგადოებაში დაპირისპირების გაჩენას ისახავს მიზნად.

"სიმართლე გითხრათ, მიჭირს მწყობრი და რაციონალური პასუხი გავცე ასეთ აბსურდულ ბრალდებებს. მე ერთ კითხვას დავუსვამდი ბატონ კობახიძეს, მის ბოდვით წარმოსახვაში ამ 10 - კაციან თათბირს ვესწრებოდი თუ არა მაგალითად, მე? თუ ვესწრებოდი, მაშინ რატომ არ არის წარდგენილი ბრალი ჩემს წინააღმდეგ განზრახ სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით?! თუ ამგვარ მცდელობას და დაგეგმვას, ორგანიზებულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რატომ არ ვართ ციხეში ის ადამიანები, ვინც ამას ვგეგმავდით?! ეს არის აბსურდი, წარმოუდგენელი ბოდვა, რაც ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად, რომ საზოგადოებაში დათესონ არეულობა, ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება, მათ შორის, გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილის გატაცება მრავალრიცხოვანი აქციის წინ ასევე ამას ემსახურებოდა და იყო ღია პროვოკაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"ქართული ოცნების"ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა"ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.

"ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ მოგვიანებით დააზუსტა, თათბირი, სადაც ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი სერიოზულად განიხილებოდა, დაახლოებით, 10 კაცი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"