ტყუილებით გამოკვებილი ხალხი და განსხვავება ცივილურ და არაცივილურ სისტემებს შორის, ანუ როცა მიშა ხან ქრება, ხან ჩნდება
რაო? თავისუფლებისთვის ვიბრძვითო? თავისუფლება, პირველ რიგში, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ჩვენ, ყველამ "დავამუღამეთ", რომ მუდამ სხვაა დამნაშავე. ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძვით, მაგრები ვართ, "ისინი" კი - გვჩაგრავენ... საერთოდ, ერის ამ ფსიქოპატიურ მდგომარეობას კარგი სპეციალისტის შეფასება სჭირდება, მაგრამ შენ ვინ ხარ, "რიგითო" მოქალაქევ, რას ირჩევ შენ? აი, რასაც შენ ირჩევ, იმ რეალობაში ცხოვრობ. შენ მიტინგებს ირჩევ, კანონის დარღვევას ირჩევ, სხვაზე ქედმაღლობას, ქაოსს ირჩევ და სიმართლის თქმას - არა. რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს, მათ შორის - საპატიმროში და, პირველ რიგში, ეს "ნაციონალებს" არ ესმოდათ. რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო, მიუხედავად თანამდებობრივი წონისა. და, როდესაც გვარამიას ლეგიონი საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს, სწორედ ეგ არის არაცივილურობა და პრორუსულობა. რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოელი პარტნიორები სცოდავენ, კორუფციის გზით არასწორ შეფასებებს რომ აკეთებენ. ჩვენი ქვეყანა კი თანდათან საგიჟეთს ემსგავსება და, რეალურად, არც მიშა და არც გრიშა არ იბრძვის ქვეყნისთვის. ისევ იმ ადგილს ვტკეპნით.
დღეს გირგვლიანის ფაქტის საფუძველზე განვმარტავ, რა ბეწვის ხიდზე გადის ზღვარი საბჭოურ და ევროპულ მიდგომებს შორის. ბევრისგან მსმენია, რომ სანდრო გირგვლიანი არ უნდა მისულიყო შს მინისტრის მაგიდასთან და ძველი ბიჭივით არ უნდა ექნია თითები. კი, გეთანხმებით, რაც უნდა გეზიზღებოდეს ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილს იმ დროისთვის სახელი უკვე შელახული ჰქონდა, მის მაგიდასთან მისვლა და შფოთის ატეხვა კატეგორიულად არასწორია. მაგრამ, როდესაც ცივილურ სამყაროზე ვსაუბრობთ, აქ მთავარია, როგორ იქცევა სახელმწიფო სამსახური.
ევროპულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, არავინ შეგარჩენს, როგორც ჩვენთან საქმეს ურჩევენ სამართალდამცავებს ქუჩაში, ისე გაეჭიმონ, მაგრამ პასუხს გთხოვენ სამართლებრივად. აგინებ შს-მინისტრს? გამოხატავ აგრესიას? - ადგილზევე აგიყვანს გამოძახებული საპოლიციო ჯგუფი. ჩაინიშნება განხილვა და რასაც ითვალისწინებს შენი ქვეყნის კანონი, იმ გზით აგებ პასუხს.
აი, აქ გადის ბეწვის ხიდი განვითარებასა და განუვითარებლობას შორის. ვის გინდა მოსთხოვო პასუხი, როდესაც პოლიციელი შენზე უარესი მოქალაქეა? იმ ღამესვე წაიყვანეს საწყალი გირგვლიანი. საქმე იმაზე უარესად ურჩიეს, ვიდრე თავად შეეშალა, სცემეს, დაამცირეს, აწამეს და მოკლეს. ამას აკეთებს სახელმწიფო, ოფიციალური პირი აკეთებს, გესმით?
საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეორე და მათ შორის - ხელისუფალნიც ცდილობენ, დაგარწმუნონ, რომ შენზე ძლიერები არიან. 21-ე საუკუნეში "ვის უბედავ, ბიჭოს" და "იცი, მე ვინ ვარ" სისტემაში ვცხოვრობთ ისევ და ეს დაემართათ მაშინაც... იმ დროს, როცა, მე და ბევრ ჩემნაირს ეგონა, რომ სწორი გეზი ჰქონდა აღებული ქვეყანას, ამ ფაქტმა დაგვანახა, რომ ჩვენს მენტალიტეტში ცივილური აზროვნებისკენ ძვრაც არ არის.
კარგი, ვთქვათ, მოხდა დაუგეგმავი თუ დაგეგმილი დანაშაული. ევროპელი იტყოდა რაღაც ვერ გავითვალისწინეთ, სხვა დროს არ უნდა შეგვეშალოს, რაღაც ჯგუფს გადააყენებდნენ, ვიღაც პასუხს აგებდა, ღია იქნებოდა მთელი პროცესი, შესაბამისი სპეციალისტები კი არსობრივ დასკვნებს დადებდნენ, რომ სხვა დროს მსგავსი რამ გამოერიცხათ. ესენი კი, ამდენი წლის შემდეგაც დანაშაულის გამართლების პოზაში არიან. ამის საპირწონედ მოქმედი ხელისუფლების მსხვერპლებს ითვლიან. სწორედ ამიტომ სამართალი დღესაც არ დგება, ვიღაცას კლავენ, მაგრამ ვიღაც მართლდება მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალჩინოსანი მისი ნაცნობია ან გავლენიანი პირი უმაგრებს ზურგს.
რატომ შიმშილობს სააკაშვილი? ვინმემ გაიგეთ? მე - ვერა. მიშას თავისუფლად შეეძლო საკუთარი თავის რეაბილიტაცია და შეგნებულად არ მიდის ამ ნაბიჯზე. ისევე, როგორც შეგნებულად არ ვამბობთ უარს იმ სისტემაზე, რომელიც ზემოთ ვახსენე. ხალხის უმრავლესობა კი სწორედ ამას ველოდებით.
მოკლედ ვიტყვი ერთ ამბავსაც. ინგლისში ცხოვრების პერიოდში ერთი თვე ვიმუშავე ტელევიზიაში და ერთ დღეს ამერიკის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩავწერეთ. ქალბატონმა გვითხრა, რომ დანაშაულებები ამერიკის ციხეებშიც ხდებაო. როგორც წლების წინ "ნაციონალი" პოლიტიკოსი იმავეს ტელეეთერით გვიმტკიცებდა და წამყვანი ვერაფერს პასუხობდა, რადგან სისტემის არსი არ იცოდა. არა, ბატონებო, აქ არსებითი განსხვავებაა. განვითარებული ქვეყნების ციხეებში დანაშაული ხდება შიგნით, მაგრამ არა სისტემის მიერ! ჩვენთან წლების მანძილზე თავად სისტემა კლავდა, ამცირებდა და შეურაცხყოფდა პატიმრებს და დღესაც გვარამიას ლეგიონი ამართლებს ამ სისტემას, რომელიც სწორედ, რომ არაევროპულია.
პატარ-პატარა ნაღმები სწორედ "ნაციონალების" ჩადებულია ბევრ სფეროში და დღეს ამის შედეგს ვიმკით. თვითონ მშვენივრად იციან ამის შესახებ და კარგადაც მანიპულირებენ. ხალხს ბიო-მასას ეძახიან და მესიის საკითხში დასცინიან, როდესაც თავად ერთ პირს განადიდებენ, მასზედ მძლავრად დამონებულნი.
მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთისკენ თითის გაშვერის თუ რევანშის დრო არ არის. ჩვენ ბევრნი ვართ, ვინც ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყნისთვის რომელიმე ხელისუფალს მართლა რომ ეზრუნა, ერთი მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეს მეორე ხელისუფლება არ "ჩამოშლიდა", ერთგან დაგებულ გზას ისევ არ ათხრიდა, ერთხელ მოწესრიგებულ პრობლემას, ისევ არ წამოწევდა... ეს აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ არა ქვეყნისთვის, არამედ ერთმანეთის ჯიბრით მოქმედებთ ხელისუფალნი...
რა თავისუფლებას ითხოვთ? მოქალაქეს სახელმწიფომ უნდა ასწავლოს, როგორ იცხოვროს კანონიერად. ეს იმას ნიშნავს, რომ სათავეში კორუმპირებულობა და გავლენების ფენომენი უნდა მოისპოს. ეს იმას ნიშნავს, ყოველი ცრუ მედიაინფორმაცია დასჯადი უნდა იყოს.
მსოფლიოში სულ სხვა გამოწვევებია და ის პროცესები, რაც ჩვენთან მიდის, არათუ ევროპისკენ, არამედ - ჰიბრიდული ქვეყნების სიაში გვტოვებს ხანგრძლივად. რადგან სისტემის სწორად არ დანახვის, შეცდომების არაღიარების შემთხვევაში, მოვა მეორე ძალა და იგივე განმეორდება... დაარქვით მერე "მოჯადოებული წრე" და იშინეთ თავში ხელი.
ძლიერი სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, ყველა თავისი მოქალაქისთვის სამართლიანი სახელმწიფოა. ზნეობა კი, მართალია, ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ის, ასევე, აუცილებელია სახელმწიფოსთვისაც. უღირსი და უზნეო სახელმწიფო ვერ გახდება ვერც სამართლიანი და ვერც - ძლიერი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს