"ის ვაშინგტონისა და ბრიუსელის საყვარელი პიროვნება აღარ არის: რატომ შეაქცია ზურგი დასავლეთმა სააკაშვილს" - რას წერს უკრაინული მედია? - კვირის პალიტრა

"ის ვაშინგტონისა და ბრიუსელის საყვარელი პიროვნება აღარ არის: რატომ შეაქცია ზურგი დასავლეთმა სააკაშვილს" - რას წერს უკრაინული მედია?

უკრაინულ გაზეთ "КП в Украине"-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "იგი უკვე ვაშინგტონისა და ბრიუსელის საყვარელი პიროვნება აღარ არის: რატომ შეაქცია ზურგი დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს" (ავტორი - ვიქტორ ტიმოფეევი). მასალაში მიმოხილულია უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ექსპრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებული მოვლენები: მისი გადაყვანა საპყრობილის საავადმყოფოში, ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებები, უკრაინის საპროტესტო ნოტა და ა.შ. გთავაზობთ ნაწყვეტს პუბლიკაციიდან:

"მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დასავლეთი აქტიურად არ რეაგირებს. არადა, იგი ბრიუსელისა და ვაშინგტონის საყვარელი პიროვნება იყო, თითქმის, ერთადერთი რეფორმატორი პრეზიდენტი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. აშშ-ში დღეს მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ "საქართველოს ხელისუფლება პატიმარს ღირსეულად მოექცეს, საერთაშორისო ნორმების დაცვით"... და მეტი - არაფერი. რატომ შეაქცია ზურგი დასავლეთმა ასე მკვეთრად მიხეილ სააკაშვილს?

როგორც კიეველი საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ანტონ კუჭუხიძე თვლის, ასეთ დამოკიდებულებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში წასვლა თავის დასავლელ მოკავშირეებთან არ შეათანხმა: "მაქსიმუმი, რასაც ევროპელები გააკეთებენ, ისაა, რომ ისინი თვალს მიადევნებენ სასამართლო პროცესს და დააკვირდებიან, რაიმე დარღვევა არ მოხდეს. ისინი საქართველოს საშინაო საქმეებში ოფიციალურად არ ჩაერევიან". მეორე და მთავარი - საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ევროატლანტიკურ პოზიციებზე დგას, ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს დადებული, პარალელურად, სურს, რომ ნატოს წევრი გახდეს... ანუ საქართველოს საკვანძო მიზნები დასავლეთს აწყობს: "თბილისმა ევროატლანტიკური კურსი აირჩია და მას მიჰყვება. ასეთ სიტუაციაში გვარებს რაიმ როლს არ ასრულებს. ხორციელდება სტრატეგიული ამოცანა - არ იქნას დაშვებული რუსეთის გავლენა საქართველოზე და ვინც ამას აკეთებს - მიხეილ სააკაშვილი თუ ვინმე კიდევ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს ანტონ კუჭუხიძე.

პოლიტოლოგ ალექსი იაკუბინის თვალსაზრისით, დასავლეთს არ სურს მიხეილ სააკაშვილის პირად ავანტიურაში მონაწილეობა: "იგი ცდილობს, თავისი დაკავება-პატიმრობა ალექსეი ნავალნის პატიმრობის ანალოგად გადააქციოს. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად შევიდა, თანაც - ასეთი გზა თვითონ აირჩია - წინასწარვე იცოდა, რომ მას დააკავებდნენ და ციხეში მოხვდებოდა. მას დასავლეთში [და უკრაინაში] ცხოვრებისას თავისუფლება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მან დაჰკრა ფეხი და საქართველოში წავიდა. ამიტომაც დასავლეთს არ სურს, ამ საქმეში ღრმად ჩაებას... გარდა ამისა, აშშ-ში სააკაშვილის მფარველებად, ძირითადად, რესპუბლიკელები გამოდიოდნენ, დღეს კი ისინი ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფებიან. დემოკრატებისათვის კი საქართველოს ექსპრეზიდენტი არასოდეს არ წარმოადგენდა საინტერესო პიროვნებას", - ამბობს ალექსი იაკუბინი.

პოლიტოლოგ ოლეგ სააკიანის აზრით, დასავლეთის პასიურობის მიზეზი ის არის, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასავლეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დაარღვია, რომლის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ მუნიციპალური ორგანოების არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდებოდა: "მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა ანუ საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ მისი ჩასვლა საქართველოში "მაიდნის" დაწყებისათვის ნაპერწკალი იქნებოდა, რაც დასავლეთის გეგმებში არ შედიოდა", - ასკვნის ოლეგ სააკიანი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ