"რამდენიმე ულაყი კადიროვმა საჩუქრად მიიღო, მათ შორის დუბაის პრინცისგან" - როგორ გამოიმუშავებენ ჩეჩნეთის ლიდერის ცხენები მილიონებს - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ულაყი კადიროვმა საჩუქრად მიიღო, მათ შორის დუბაის პრინცისგან" - როგორ გამოიმუშავებენ ჩეჩნეთის ლიდერის ცხენები მილიონებს

ჩეჩნეთის პირველ პირს რამზან კადიროვს, როგორც აღმოჩნდა, ცხენები ძალიან უყვარს. მას 120 სუფთა სისხლის ცხენი ჰყავს, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა შეჯიბრში მონაწილეობენ და ათეულობით მილიონ რუბლსაც იგებენ. ცხენების გარდა კადიროვს სხვა ცხოველებიც ჰყავს. ცხენები რამზან კადიროვის ინტერესს დიდი ხანია, იწვევს. ერთ-ერთ ინტერვიუში კადიროვის ცხენების მწვრთნელი საიდ შაპტუკაევი აღნიშნავს, რომ კადიროვს ცხენები ბავშვობიდან უყვარს და ის მამის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ახმად კადიროვის ცხენზეც ხშირად ჯდებოდა. თავად კადიროვი კი ამბობს, რომ ცხენები ბაბუამ შეაყვარა.

"მახსოვს, ბაბუა როგორ მეუბნებოდა: თუ შენს გამბედაობას მაჩვენებ, ღირსეულ ადამიანად ჩაგთვლიო", - იხსენებს კადიროვი.

გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვს 120 ცხენი ჰყავს, თუმცა რეალურად რამდენი ცხენია მის საჯინიბოში, ზუსტი რიცხვი არავინ იცის. 2018 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მას 128 ცხენი ჰყავდა, ამასთანავე, მისი ცხენები დოღში კლუბ "ახმატის" სახელით მონაწილეობდნენ,  როგორც ამბობენ, კადიროვს 34 წმინდა ჯიშის ინგლისური ულაყი ჰყავს.

კადიროვი ხშირად ესწრება დოღს და თავადაც კარგად ჯირითობს. მწვრთნელის თქმით, თუ კადიროვს დრო აქვს, ის ყოველთვის საჯინიბოში მიდის.

"შეუძლია ცხენი იპოდრომზე გააჭენოს ან მინდორში გავიდეს და იქ 4-5 საათი გაატაროს. ყოფილა შემთხვევა, როცა საჯინიბოში ქალაქიდან მანქანით მოსულა, უკან კი - ცხენით წასულა". როგორც ამბობენ, ის ყველაზე ხშირად არაბული წმინდა სისხლის ულაყით ჯირითობს.

რამდენიმე ულაყი კადიროვმა დაბადების დღეზე საჩუქრად მიიღო. მაგალითად, ულაყი სახელად ლეონარდო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯიშის ცხენია, მას დუბაის პრინცმა აჩუქა. ხოლო 2017 წელს ყირგიზმა ბოლოტ ომურალიევმა ჩეჩნეთის პირველ პირს ამერიკული "რისაკის" ჯიშის ულაყი აჩუქა.

როგორც თავად ჩეჩნეთის მმართველი ამბობს, ეს საჩუქრები მისთვის ყველაზე ძვირფასია.

"ეს საჩუქარი შეუფასებელია, არა იმიტომ, რომ კარგი ჯიშის ულაყია, ძვირფასია იმიტომ, რომ ცხენი ჩემთვის, ყველა გრან-პრისა და ჯიშის მიუხედავად, ძალიან ძვირფასია. ბოლოტმა ცხენს კისერზე ლაქა შეამჩნია, რომელიც თითქოს ღვთის სახელს იმეორებს და მან გადაწყვიტა, რომ ეს ცხენი ჩემთვის ეჩუქებია", - განაცხადა საჩუქარზე კადიროვმა.

კადიროვის ცხენები დოღში მონაწილეობენ როგორც რუსეთში, ასევე - საფრანგეთში, გერმანიასა და ჩეხეთშიც. ერთ-ერთი ვებგვერდის მიხედვით, რომელიც დოღის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებს, საიდ შაპტუკაევის გაწვრთნილმა ცხენებმა 2010 წლიდან დოღში 153 მილიონი ევრო გამოიმუშავეს - და ეს მხოლოდ რუსეთში ჩატარებულ შეჯიბრებში.

2018 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში კადიროვის ულაყებმა სხვადასხვა შეჯიბრში 100 მილიონი რუბლი გამოიმუშავეს.

როორც ცნობილია, კადიროვს რუსეთში ყველაზე ტიტულოვანი ულაყი - ტიტანიც ჰყავს, რომელიც ირლანდიური ჯიშისაა და რუსეთში გერმანიიდან მოხვდა. ტიტანის ყოფილი მფლობელი არინა ლიბონტოვა ამბობს, რომ ცხენი ჩეჩნეთის პირველი პირის შვილს - ჰუტნამს დაბადების დღეზე აჩუქეს.

წმინდა სისხლის ულაყების გარდა, კადიროვს ეგზოტიკური ცხოველებიც უყვარს. სოციალურ ქსელში კადიროვი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ლომებთან და ვეფხვებთან. 2014 წელს ფეხბურთელი იგორ ლებედენკო იხსენებდა, რომ კადიროვს ლომი, ვეფხვი და ავაზაც ჰყავს. რეზიდენციაში ცხოველებისთვის ზოოპარკიცაა გაშენებული.

2016 წელს გროზნოში პირველი ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა, თუმცა, როგორც თავად კადიროვი ამბობს, არ მოსწონს, რომ მსგავსი დაწესებულების აუცილებლობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ცხოველი უპატრონოდ ქუჩაში ცხოვრობს. თავშესაფრის გახსნისას ჩეჩნეთის მმართველმა ბრმა კატა, მეტსახელად - დარიდი და ძაღლი თავისთან წაიყვანა.

"მე ძალიან მიყვარს დარიდი. ცხოველებივით მხოლოდ ახლობელი ადამიანები უყვართ, მათ უსაზღვროდ ენდობი, შენი სული თავშესაფარს პოულობს და სიმშვიდეს გრძნობს", - დაწერა თავშესაფრიდან წაყვანილი ფისოს შესახებ ჩეჩნეთის მმართველმა.

2016 წელს კადიროვს ვეფხვის ჯიშის - ტოიგერის კატა დაეკარგა. ეს ამბავი ამერიკული არხის - HBO-ს და წამყვან ჯონ ოლივერის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა, მან მაყურებლებს მიმართა, ჩართულიყვნენ კატის სამძებრო სამუშაოებში. თავად კადიროვმა კი განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია იცის, რომ აშშ-ში მისი ცხოველები დიდი ინტერესით სარგებლობენ.

"უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ აშშ-ში ჩემი ცხოველებით ინტერესდებიან. ხან ჩემს ულაყებს არ აძლევენ დოღში მონაწილეობის უფლებას, ხან ჩემი კატა ხდება ტელეშოუს ვარსკვლავი", - განაცხადა კადიროვმა. (წყარო)