"ჩემს მეუღლეს ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს..."
"როგორც ყველა სხვა ადამიანს, რა თქმა უნდა, შეცდომები მეც დამიშვია. გამოსწორების შანსი თუ მომეცემოდა, რატომაც არა?!"
"სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალები" პოპულარობა მომიტანა, მაყურებელი ქუჩაში მცნობს და მეკითხება, სერია შენი მონაწილეობით კიდევ როდის იქნება? რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა", - ამბობს გიორგი ჭედია (ბექას როლის შემსრულებელი).
რა არის მისი სავიზიტო ბარათი, რა დროს შეუძლია პატიება, რას გააკეთებს, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რის გამო იღებს საყვედურებს და როგორი ადამიანები აკვირვებენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...…
- ...1982 წლის 1-ლი ივლისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...პროფესიონალი ფეხბურთელი. ბავშვობაში სპორტის ამ სახეობაზე დავდიოდი, მქონდა წარმატებები, მაგრამ ტრავმა მივიღე და ეს სურვილი ბოლომდე ვეღარ ავისრულე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ძალიან პუნქტუალურიაო, ასეც არის.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...კომუნიკაბელურობა. ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, მსიამოვნებს.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებში (16 წლამდელთა) მოხვედრა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...აუცილებლად ბევრ რამეს შევცვლიდი. როგორც ყველა სხვა ადამიანს, რა თქმა უნდა, შეცდომები მეც დამიშვია. გამოსწორების შანსი თუ მომეცემოდა, რატომაც არა?! ჩემი ერთ-ერთი შეცდომა ის იყო, რომ ბოლომდე არ ვიბრძოლე, პროფესიონალი ფეხბურთელი რომ გამოვსულიყავი, საამისოდ ყველანაირი მონაცემი მქონდა, მაგრამ სხვა მიმართულებით წავედი. ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გამიცნო, მაგრამ პროფესიით მსახიობი არ ვარ.
- "ჩემი ცოლის დაქალებში"...…
- ...კასტინგის გზით მოვხვდი. გავიგე, რომ ტარდებოდა, მივედი, გავიარე და სერიალში ასე აღმოვჩნდი.
- გადასაღებ მოედანზე...
- ...არანაირი დისკომფორტი არ მიგრძნია. კამერებთან მუშაობის გამოცდილება სხვა დროსაც მქონდა. ბავშვობაში არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ ცეკვაზეც დავდიოდი, კამერების წინ ხშირად ვხვდებოდი.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს შვილი - დავით ჭედია. ის უკვე 16 წლის არის.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მივიღო ახალი გამოწვევები. ასეთი გამოწვევა მრავლად იყო ჩემს ცხოვრებაში. მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება მაქვს. ბევრ კარგ ადგილზე ვარ ნამუშევარი, სხვადასხვა ბანკში მენეჯერის პოზიციაზე, ერთ-ერთი ბანკის ფილიალის ხელმძღვანელიც ვიყავი. თავის დროზე, ყველა ეს სამსახური დიდი გამოწვევა იყო. ყოველთვის მაქვს სიახლეების ძიების, ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი, რაც ძალიან კარგად გამომდის. დიდი სამეგობრო-სანაცნობო წრე მყავს, კომუნიკაბელური ვარ.
- დაშვებული შეცდომები...
- ...ვცდილობ გამოვასწორო. პერიოდულად ის შეცდომები თავს მახსენებს.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ვიგრძნობ, რომ პირველი ნაბიჯი გადმოდგმულია. თავად ბოდიშის მოხდა არასდროს მიჭირს.…
- ვიბნევი...
- ...არ ვიბნევი, დაბნეული ადამიანი არა ვარ.
- ამ წუთში ძალიან მინდა...…
- ...მშვიდობა იყოს ჩემს ქვეყანასა და მსოფლიოში.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…
- ...მატყუარა ადამიანს. როცა გავიაზრებ, რომ მომატყუა, იმ ადამიანს ვშორდები. ტყუილის გამო ოჯახის დანგრევაც კი შემიძლია.
- ვიტყუები, როცა...
- ...ერთადერთ შემთხვევაში და მაშინაც კეთილ ტყუილს ვამბობ დედასთან. ეს მაშინ ხდება, როცა არ მინდა, რომ ინერვიულოს.
- სიყვარული - ეს...
- ...არის პატივისცემა, ურთიერთობა და შეჩვევა.
- პირველად რომ შემიყვარდა...…
- ...მუცელში ჭიანჭველები დამდიოდნენ.
- ჩემი მეუღლე გახლავთ...
- ...ნატალია შარინგერი. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია. რა თქმა უნდა, სერიალს უყურებს, ჩემი თამაში მოსწონს, თუმცა იყო ეპიზოდი, როცა შენიშვნა მომცა, ამ დროს ცოტათი დაძაბული იყავიო. მირჩევს, გადაღების დროს ვიყო ის, ვინც ვარ.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ჩემს მეუღლეს.
- მაკვირვებენ...
- ...ბოროტი და ბოღმა ადამიანები. ასეთები რატომ არიან, ამდენი ნეგატივი რატომ აქვთ?
- ვრისკავ...
- ...არცთუ ისე ხშირად. ფრთხილი ადამიანი ვარ, სანამ ნაბიჯს გადავდგამ, მანამდე ბევრს ვფიქრობ, ანალიზს ბევრ რამეს ვუკეთებ. როცა საჭიროდ ვთვლი, რისკზეც მივდივარ, მაგრამ გაუაზრებლად - არასდროს.
- ვამაყობ...
- ...ჩემი ოჯახით.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ცოტათი ვწითლდები. უნდა გამოვტყდე - გულის სიღრმეში სიხარული მაქვს, ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს.
- შიში მაქვს...
- ...სიკვდილის, მატყუარა ადამიანების.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ტელეფონის ზარს რატომ არ პასუხობო? ჰო, ასე ხდება ხოლმე, უცხო ნომრებს არ ვპასუხობ.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…
- ....წარბებს. მეუღლე სულ მეუბნება, რომ ფორმა შევუცვალო, ეს ოჯახში აქტუალური თემაა.
- ვუფრთხილდები...
- ...სიყვარულს, ადამიანებთან ურთიერთობებს.
- თავისუფლება არის...
- ...როდესაც მხოლოდ შენს თავს ეკუთვნი, შენს ოჯახს და არაფრით არავისზე არ ხარ დამოკიდებული.
- როცა მარტო ვარ...
- ...ძალიან ბევრს ვფიქრობ. მარტოობა არ მბეზრდება, ამ დროს საკუთარ თავს მეტად ვუახლოვდები.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ეს ჩემი ოცნებაა. ძალიან ბევრ გაჭირვებულს დავეხმარებოდი. შეიძლება ბანალური ნათქვამია, მაგრამ გულწრფელი ვარ. დღესაც ასე ვიქცევი, ჩემი შემოსავლის ნაწილს, როგორც შემიძლია, სხვებს ვუწილადებ. ბევრი ფული რომ მქონდეს, აუცილებლად მეცენატი ვიქნებოდი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს ძილი მშველის, ეს ერთგვარი რელაქსია. ვცდილობ, დიდხანს მეძინოს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ბაბუა ხშირად მეუბნებოდა: არ იყო უმადური და სხვისი არასდროს შეგშურდესო. ეს სიტყვები დამამახსოვრდა და ვცდილობ, ასე ვიცხოვრო.
- დაბოლოს გეტყვით...
- ...შეცდომები მაპატიეთ.
- სოციალურ ქსელში კომენტარებს ეცნობი?
- დიახ. სხვათა შორის, გუშინაც გადავხედე და ერთს ეწერა; მგონია, ბექას ეს ქუდი წებოთი აქვს მიწებებულიო.
- გეწყინა?
- სასიამოვნოც არ იყო. ბევრი შურიანია, ეგეთებს ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა, გულის სიღრმეში მეხამუშება. როცა ცდილობ, შეძლებისდაგვარად კარგად ითამაშო, ბოლომდე იხარჯები და მერე ვიღაც ასეთ სიტყვებს დაგიწერს, სასიამოვნო არ არის.
- როცა კარგ კომენტარს კითხულობ?
- ეს, რა თქმა უნდა, დიდ მოტივაციას მაძლევს. ქუდით სიარული ჩემი სტილია, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ. ზოგიერთი მეუბნება, ისე გიხდება, არ მოიხადოო. ჰო, აი, დამავიწყდა: როცა სავიზიტო ბარათზე ვლაპარაკობდით, უნდა მეთქვა, ქუდი ჩემი სავიზიტო ბარათია.
თამუნა კვინიკაძე