სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვენ
7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილებას ითხოვენ. ადვოკატები სხდომაზე ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას, მათ შორის ონლაინ ჩართვის ფორმით ითხოვდნენ.
"სასამართლოს როგორ შეიძლება იმაზე უარესი დაემართოს, ვიდრე არის ბრალდებულის გარეშე პროცესის ჩატარება, რომელსაც სასამართლოზე გამოცხადების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც და რომელზეც ვარაუდი არსებობს, რომ მალე სურვილი ექნება, მაგრამ შესაძლებლობა აღარ. ამაზე მეტად ღირსება რამ უნდა შეგილახოთ? ღირსებას ბრალდებულის ცარიელი სკამი გილახავთ. ამ შემადგენლობით სასამართლოს მე ვფიქრობ არ აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება განაგრძოს ამ საქმის განხილვა. ამ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს ეს შემადგენლობა მზადაა რატი ბრეგაძის და ბრალდების ყველა პოზიციას ხელი მოაწეროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
"ინტერპრესნიუსი"