"საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს - ელოდებიან სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ მან გადაადგილება ვერ შეძლოს"
სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით, მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, გამონაგონზე დაყრდნობით ის პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ განუცხადა, როდესაც სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ადვოკატის განმარტებით, დღევანდელი სხდომის მთავარი ამოცანა ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა მისცემოდა ამდენი ხნის შემდეგ წარმსდგარიყო სასამართლოს და ხალხის წინაშე.
"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, მთელი ცხრა წლის მანძილზე ჩვენ გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს. გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში დამნაშავე იყო მიხეილ სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკაკნკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენა. ვხედავთ სასამართლო სისტემას, როგორ არის აბსოლუტურად მოშლილი და რეაგირებენ მხოლოდ პიროვნულ სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ საკითხებზე, კანონდარღვევისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე მათ არანაირი რეაქცია არ აქვთ. ვხედავთ პროკურორებს, რომლებიც არიან ქცეულნი უბრალოდ დავალების შემსრულებლებადაც კი არა, არამედ სუსი-ის მესიჯების მატარებლად, რომ დაედგათ სასამართლოში სცენა ვითომ, პროკურატურა დისტანციურად პროცესის გამართვას ითხოვდა და ვითომ სასამართლო ამაში შეეწინააღმდეგა. ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ მან ნადვილად ვერ შეძლოს გადაადგილება. ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდებ დაიწყებენ ლაპარაკს, რომ "ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის". მათ აქვთ უდიდესი შიში, თუნდაც ტელეეკრანიდან, ციხის საკნიდან გამოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი", - აცხადებს ბასილაია.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება, სხდომა გაიმართა. პროცესს არ დასრწებია ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა თქვა.
"ინტერპრესნიუსი"