პრემიერ-მინისტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრას წალენჯიხის მერი არ დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრას წალენჯიხის ახლადარჩეული მერი გიორგი ხარჩილავა არ დაესწრება.
მიზეზებს ხარჩილავა განცხადებაში განმარტავს და აღნიშნავს, რომ ის არ(ვერ) დაესწრება „დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას“.
''ვადასტურებ,რომ მივიღე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ი.ღარიბაშვილის, მოწვევა ღონისძიებაზე. წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად, რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტური გზების ძიება. ამ გზაზე,რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან. აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარსდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში. ამასთან, ვაცხადებ, რომ მე არ(ვერ) დავესწრები დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას და გიზიარებთ არდასწრების საფუძველს: სოლიდარობა ჩემს კოლეგებს,რომლებიც კენჭს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რომელთანაც, არჩევნების საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით ჩატარებისას,სულ სხვა შედეგი დადგებოდა!სწორედ დარღვევების მასშტაბურობა აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მკაცრ შეფასებებში! საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში. არ ვთვლი, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია. მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე,როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება! დღეს კი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი,რომლის განზოგადება სამომავლოდაც შესაძლებელია. ამასთან, ვიმეორებ - მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ჩემი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის სასარგებლოდ”, - წერს ხარჩილავა სოციალურ ქსელში.