"ის ყველაფერი, რამაც ბედნიერად უნდა გახადოს კაცი, უკვე მაქვს"
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი თვლის, რომ ქართველები ბელადომანიისკენ ვართ მიდრეკილები და რომ პოლიტიკოსების სიყვარული პათოლოგიაა. ოპტიმისტია და სჯერა, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყანა ყველა გამოწვევას გაუმკლავდება და ივერია გაბრწყინდება. გთავაზობთ ამონარიდებს რამდენიმე რესპონდენტის მოსაზრებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ბავშვის დაბადება იმის მანიშნებელია, რომ სიცოცხლე გრძელდება და ადამიანი არასდროს სრულდება. ბავშვს ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდება და თვითონაც გაქვს ამის მოთხოვნილება, რომ გასცე სიყვარული. მისი გაჩენის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი სხვანაირი ხდება, მეც შევიცვალე. ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას. აი, მაგალითად, თუ ადრე ქუჩაში გადავდიოდი და არც ვიხედებოდი, მანქანა ხომ არ მეჯახებოდა, ახლა ყურადღებით ვარ, რადგან არ მინდა, ჩემი დაუკვირვებლობით თავს რამე დავმართო; მინდა, შვილთან უფრო დიდხანს ვიყო..."
"სულ ბრძოლაში ვართ, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, გადავლახავთ ყველა გამოწვევას, ვიმსახურებთ სიმშვიდესა და კარგ ცხოვრებას. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ და რანი ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვინდა. ბევრს აწყობს ჩვენი გაგიჟება, მაგრამ ამას ვერასდროს მიაღწევენ. აი, ნახავთ, ძალიან მალე ვიქნებით იქ, სადაც უნდა იბრწყინოს ჩვენმა ქვეყანამ. შეიძლება მე არ ვიყო, მაგრამ ჩემი შვილი აუცილებლად მოესწრება ასეთ ქვეყანას, რომლისთვისაც მე ყოველ ღამე მილოცია და ვლოცულობ..."
"კარგად უთქვამს ნაპოლეონს, თვალი სილამაზეს ხედავს და გული - სიკეთესო. თუმცა იმასაც გააჩნია, სილამაზე ვისთვის რა არის. მაგალითად, უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ვარდი ლამაზია, მაგრამ ჩემთვის ვარდზე ლამაზი შეიძლება იყოს ია, ამაშია საქმე..."
"მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც შენ ქირაობ იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და ხალხს, არ უნდა გეზიზღებოდეს, მაგრამ რომ გიყვარს, ესეც დიდი პათოლოგია მგონია. ჩვენ გვაქვს ბელადომანიისკენ მიდრეკილება, ბოლო 30 წელმა ამ ტიპის ქართველის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. კარგია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთი არ არის. გვარსა და სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ მართლაც მიკვირს რამდენიმე ადამიანის პოზიცია..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი