ნაპრეზიდენტალი რუსთავიდან გლდანში და "ოცნების" სირცხვილი, ანუ პანდემიის ჟამს იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ, მსჯავრდადებული შეჭამს თუ არა? - კვირის პალიტრა

ნაპრეზიდენტალი რუსთავიდან გლდანში და "ოცნების" სირცხვილი, ანუ პანდემიის ჟამს იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ, მსჯავრდადებული შეჭამს თუ არა?

ცდილობენ, რომ ჯოჯოხეთი მოუწყონ მიხეილ სააკაშვილს, რაც არის გლდანის ციხე და ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი პასუხი, - ბრძანა ზალიკო უდუმაშვილმა და ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" პენიტენციარული პოლიტიკაც შეაფასა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციხის დახასიათებით, რომელშიც 2012 წლამდეც სვამდნენ პატიმრებს და მათ ვერც მეუღლეები აკითხავდნენ და ვერც მეგობარ-გულშემატკივრები ფაფებითა და ნატურალური წვენებით.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სხვადასხვა, ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია მოგვეწოდება ნაპრეზიდენტალის მდგომარეობის შესახებ: ჭამსო, არ ჭამსო, მინერალებით გაჯერებულ ფაფებსა და წვენებს მიირთმევსო, მშრალად შიმშილობსო, არა, მშრალად კი არა, "სველადო", და უკვე კომიკურ სიტუაციაში ჩაცვივდნენ თვით ოპოზიციის რუპორები, რომლებიც სხვადასხვა ამბით კვებავენ აგრესიით გონებადაბინდულ მიშას მომხრეებს. გვარამიამ თქვა, პარლამენტში მოშიმშილე თანამებრძოლის სახელს თუ გვარს ვერ იხსენებსო (მერე მიშამ თქვა, რას ამბობთ, ძალიანაც კარგად მახსოვს ჩემ გამო შიმშილობის გზაზე დამდგარი ელენე ხოშტარიაო), რომელიღაც მეუფე შევიდა მიხეილის საკანში და აღფრთოვანებულმა გვამცნო: მიშა მარხულობს, ზეაღმატებული მადლითაა შემოსილი, ვაზიარეო და ამის საპირწონედ "ფეისბუკნაცობა" გაჰკიოდა, ამოწყდა ივანიშვილი, აშიმშილებს მიშასო. მოდი, დავსვათ რამდენიმე კითხვა: არის თუ არა არჩევანი საკუთრივ მსჯავრდადებულისა, რომ იშიმშილოს? კი, ეს მისი გადაწყვეტილებაა (სხვა საკითხია, ვის რა მიაჩნია შიმშილობად, მათ შორის მიშასაც!). როცა სააკაშვილი ითხოვს სამოქალაქო საავადმყოფოში განთავსებას, იქ ძალით უნდა აჭამონ? თუ შიმშილობაა, ეგ შიმშილობა "საერო" და ციხის საავადმყოფოში ერთ შედეგს მოგვცემს. მაშ, რად უნდა "სხვა" საავადმყოფო მიხეილს? რამე რევოლუციური სცენარია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა უნდა დაიღუპოს? თუ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, მაშინ ქოცნაცობა ვეღარ გადარჩება და ვეღარც ქვეყანა. "ქოცნაცობის" პოლიტიკური გადარჩენის მომხრე მე არ ვარ და თუ გინდათ, თაკო ჩარკვიანზე მეტი გაუწონასწორებელი მეძახეთ, გინდაც, დრაკულაზე მეტი ვერაგიც! აქვე დავამატებ, მელია-შვილი რევოლუციის სცენარს ვერ მოაბამს თავს, მაგდენად მაგარიც არაა!

ვხედავთ, რომ დესტრუქციის სურვილით შეპყრობილი ოპოზიცია ბევრს ცდილობს: ცალკე თბილისში აპირებდნენ 800-ათასიან მიტინგს (ქალბატონმა ირინა სარიშვილმა "ფეისბუკზე" ანონსად დაგვიწერა, მუხტს არ ვაგდებთ, 800 ათასი გავდივართო), ვიღაც აგრესიული დედაკაცები სოციალურ ქსელში მელიას აგინებენ, მიშას ზიარებასა და მარხულობასაც არ აღიარებენ და წმინდა ზიარების მადლსაც თავისდა უნებურად, მიწასთან ასწორებენ. ერთმა მეც მომაძახა, ისე იმარხულა შენმა ჯიშმა, როგორც მიშა მარხულობსო!.. არ ვიცი, მე ვერ დავდებ თავს მიშას მარხულობაზე, მაგრამ ჯერ არ მინახავს, ეკლესიას ეზიარებინოს ადამიანი აღსარების, სინანულისა და მარხვის გარეშე. ეგებ და, მიშა მონანულიცაა და ფრჩხილები დაიკვნიტა გამწარებული და დახოცილი მოქალაქეების გამო, აღიარა იმ სისტემის მანკიერება, რომელიც ცხრა წელში შექმნა და ეს ბოლო კვირებიც იმარხულა. უფლის გზები უცნაურია და ვის როდის მოუწევს განშორება ცოდვებთან, ეს რა იცის ახალციხიდან წამოსულმა იმ წერა-კითხვის თითქმის უცოდინარმა დედაკაცმა, რომელიც ლათინური შრიფტით პოსტავს ონლაინსივრცეში MIHA MIYARXAR DA TAVS GAVTIRAV.

ახლა, როცა ყოველდღე "კოვიდით" გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, როცა არავინ იცის, რომელი კლინიკა ვეღარ მიიღებს ახალ პაციენტს და სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო კიდევ დაგვეღუპება ადამიანები, იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ, მსჯავრდადებული შეჭამს თუ არა? გლდანში იქნება თუ ჰელსინკის კლინიკაში? იქნებ იმაზე წავიშინოთ ხელი თავში, როგორ "გაიტყუეს" მიშა რუსთავის ციხიდან გლდანში, როგორ ტენდენციურად მსჯელობს სახალხო (უფრო მიშას) დამცველი, ნაპრეზიდენტალისთვის განკერძოებული პირობების მინიჭებისთვის! ეს ხალხი, უმეტესი იურისტი რომაა, არ იცის, რას ნიშნავს თავისუფლების აღკვეთა? მაშინ მეც დამიჭირეთ, მოგთხოვთ მერე ისეთი სერვისების შესრულებას, რომელსაც "სვაბოდაზე" ვერ ვისრულებ...

P.შ. "მწვანე პასპორტების" აუცილებლობის შემოღება ერთი დადებითია, მეორე სამარცხვინო ფაქტი ისაა, როცა პენსიონერს ეუბნები, აიცერი და ორას ლარს მოგცემო. ახლა ველოდოთ, როგორ მიაცუხცუხებენ მოხუცებს შთამომავლები ასაცრელად ფულის გამო? ნუთუ სახელმწიფოსა და სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ისევ ფული და პოლიტიკოსები არიან?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს