"მზის სინათლეს პრაქტიკულად ვერ ხედავს.მიხეილ სააკაშვილის ოთახი უყურებს პატიმრების კორპუსს, არ აქვს საშუალება გადაწიოს ფარდა, გამოაღოს ფანჯარა"
დღეს გამოქვეყნებული ვიდეომასალა არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და შეიძლება წამებასაც კი - სტრასბურგის სასამართლოს აქვს იმის უნარი, რომ ამ ბურუსსა და ნისლში, რომელიც დააყენა საქართველოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში, რეალურად ჭეშმარიტება გაარჩიოს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარე პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალებს სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მტკიცებულებას წარადგენს.
"დღეს გამოქვეყნებული ვიდეომასალები დაცვის მხარისთვის ცხადია, არის მტკიცებულება. სასამართლოში ახლა წარდგენილი უნდა იქნას მთავარი საჩივარი ევროკონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და ეს დღეს გამოქვეყნებული ვიდეომასალა არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და შეიძლება წამებასაც კი. სტრასბურგში საქმის წარმოება გაგრძელდება, პრიორიტეტი ამ საქმეს უკვე მინიჭებული აქვს და სასამართლოში დაცვის მხარე ყველა მტკიცებულებას წარადგენს იმისთვის, რომ დადასტურდეს ყველა ის გარემოება, რაზეც დაცვის მხარე აქამდე აპელირებდა. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ იუსტიციის პოზიციები იმდენად ცვალებადი იყო ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, შიმშილობაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ დარწმუნებული ვართ, სტრასბურგის სასამართლოსთვის ძალიან მარტივი იქნება სიმართლის აღმოჩენა იმ ქაოსში, რომელიც შექმნა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ იმიტომ, რომ ყველაფერი არის დღესავით ნათელი. სტრასბურგის სასამართლოს აქვს იმის უნარი, რომ ამ ბურუსსა და ნისლში, რომელიც დააყენა საქართველოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში, რეალურად ჭეშმარიტება გაარჩიოს. გავრცელებული კადრები როგორც არ უნდა დაჭრან, დაჩეხონ და გადააბან ერთმანეთს - რეალობა არის ერთი. ამ კადრებში ზუსტად ის ჩანს, რასაც დაცვის მხარე აპელირებდა - ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს საკუთარი საკნიდან და იძულებით წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
მან ასევე, ისაუბრა გლდანის ციხეში არსებულ პირობებზე და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. "ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის ოთახი პატიმრების კორპუსს უყურებს, რის გამოც ის მზის სინათლეს, პრაქტიკულად, ვერ ხედავს. რაც შეეხება სააკაშვილის მიმართ სხვა პატიმრების შეურაცხმყოფელ შეძახილებს, თუთბერიძის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და Amnesty International-ის შეფასების შემდეგ, მსგავსი შეძახილები შედარებით შეწყდა.
"პირველი ორი დღის განმავლობაში ხმაური უწყვეტ რეჟიმში იყო. ხმაური შეწყდა ძალიან ცინიკურად მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და Amnesty International-მა გაავრცელა ძალიან მკაცრი განცხადება, სადაც დაწერეს, რომ სააკაშვილის საქმე არის არამხოლოდ შერჩევითი მართლმსაჯულება, არამედ ცხადი პოლიტიკური შურისძიება. ამის შემდეგ შეწყდა ეს ე.წ. შუმოკი.
დღის განმავლობაში იქ რუზრუზი აღარ არის, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატა თუ საკანი უნდა იყოს მიქცეული პატიმრების კორპუსის მხარეს და არა გარე პერიმეტრის მხარეს. ის შეასახლეს იმ ოთახში, რომლის ფანჯარა უყურებს პატიმრების კორპუსს, ამიტომ მას არ აქვს საშუალება, რომ გადაწიოს ფარდა, გამოაღოს ფანჯარა, აანთოს შუქი ღამით თავის პალატაში იმიტომ, რომ როგორც კი ამას გააკეთებს იწყება ხმაური და დღის განმავლობაშიც კი პრეზიდენტი იძულებულია, რომ ხელოვნური განათების შუქზე იმყოფებოდეს მთელი დღის მანძილზე და მზის სინათლეს პრაქტიკულად ვერ ხედავს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იქ სახარბიელო ნამდვილად არ არის, არის მუდმივი საფრთხის შეგრძნება, მათ შორის, ფიზიკური საფრთხის შეგრძნება, იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მისი პირობები არ შეიძლება ნორმალურად შეფასდეს. მე ვფიქრობ, რომ ევროპული სასამართლოს სტანდარტით შეიძლება ეს იყოს არაადამიანური მოპყრობა მის მიმართ“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.
"ინტერპრესნიუსი"