ვინ იყო ლეხ ვალენსა: უშიშროების აგენტი, დისიდენტი, თუ... ორივე ერთად - კვირის პალიტრა

ვინ იყო ლეხ ვალენსა: უშიშროების აგენტი, დისიდენტი, თუ... ორივე ერთად

2021 წლის ნოემბრის დასაწყისში პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ლეხ ვალენსას ბრალი წაუყენეს 1970-იან წლებში კომუნისტური პოლონეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ცრუ ჩვენების მიცემაში. პოლონურ კანონმდებლობაში ცრუ ჩვენება სისხლის სამართლის დანაშაულია და სასჯელი ითვალისწინებს ექვსი თვიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ლეხ ვალენსას, "სოლიდარობის" ლიდერს, პოლონეთის ექსპრეზიდენტსა და მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატს, ხშირად ყველაზე ცნობილ ცოცხალ პოლონელსაც კი უწოდებენ. გარდა ამისა, ის მსოფლიოში ერთ-ერთ, ყველაზე სახელგანთქმულ დისიდენტად იყო მიჩნეული. ბოლო დრომდე გავრცელებული შეხედულებით, სწორედ მან დაიწყო პროფკავშირული გაერთიანება "სოლიდარობის" საშუალებით "კომუნისტური ბასტიონის" ნგრევა პოლონეთში, რასაც ათიოდე წლის შემდეგ მთელი "სოციალისტური ბანაკის" დაშლა მოჰყვა. თუმცა ბოლო დროს პოლონეთში განვითარებულმა სკანდალურმა მოვლენებმა შესაძლებელია ეს უკანასკნელი შეფასება ეჭვქვეშ დააყენოს.

ლეხ ვალენსა დაიბადა 1943 წლის 29 სექტემბერს ვარშავასთან ახლოს მდებარე სოფელში. 1967 წელს ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა გდანსკის გემთსაშენ ქარხანაში. იმ პერიოდიდან მონაწილეობდა არალეგალური პროფკავშირების მუშაობაში. 1970 და 1976 წლებში პოლონეთში სურსათზე ფასების გაზრდის გამო ორი გრანდიოზული გაფიცვა მოეწყო, ერთ-ერთის ორგანიზატორი სწორედ ვალენსა იყო. ეკონომიკური მოთხოვნების პარალელურად, თანდათანობით ვალენსა პოლიტიკაშიც ჩაერთო და დისიდენტურ ჯგუფებში შევიდა. ამ პერიოდში ის მცირე ხნით რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1981 წლის გაზაფხულზე ვალენსა "სოლიდარობის" თავმჯდომარედ აირჩიეს. 1981 წლის 13 დეკემბერს პოლონეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა, საბჭოთა კავშირის, გერმანიის და ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ნაწილები პოლონეთში შესაჭრელად ემზადებოდნენ, თუმცა პოლონეთის ახალმა ლიდერმა, გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ (1923-2014) შეძლო ოკუპაციის და სისხლისღვრის თავიდან აცილება და დაარწმუნა "სოციალისტური ბანაკის" ლიდერები, რომ თავად შეძლებდა სიტუაციის განმუხტვას. მისი ბრძანებით, "სოლიდარობა" კანონგარეშედ გამოცხადდა, ხოლო ვალენსა - დააპატიმრეს. 1983 წელს ლეხ ვალენსას მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა. 1990-1995 წლებში იგი იყო პოლონეთის პრეზიდენტი.

2008 წელს პოლონელმა ისტორიკოსებმა და "ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის" თანამშრომლებმა - სლავომირ ცენცკიევიჩმა და პეტრე გონტარჩუკმა, პოლონეთის უშიშროების ორგანოების საარქივო დოკუმენტების საფუძველზე, გამოსცეს წიგნი: "უშიშროების სამსახური და ლეხ ვალენსა - ბიოგრაფიის დამატება", სადაც ამტკიცებდნენ, რომ ვალენსა 1970 წელს გადაიბირეს პოლონეთის სპეცსამსახურებმა და ექვსი წლის მანძილზე მათი აგენტი იყო, ოპერატიული ფსევდონიმით - "ბოლეკი". ამ წიგნს ყველაზე დიდი რეკლამა პოლონეთის მომავალმა პრეზიდენტმა და ლეხ ვალენსას მთავარმა ოპონენტმა, ლეხ კაჩინსკიმ გაუწია. 2008 წლის 5 ივნისს, მაშინ როცა წიგნი ჯერ დაბეჭდილიც არ იყო, კაჩინსკიმ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ ვალენსა სპეცსამსახურების აგენტი იყო, "ბოლეკის" ოპერატიული ფსევდონიმით მოქმედებდა და საბუთად სწორედ ეს წიგნი დაასახელა. ამის შემდეგ, 2008 წლის 23 ივნისს, ოთხიათასიანი ტირაჟით გამოსული წიგნი, რომელიც საკმაოდ ძვირი - დაახლოებით, 45 ლარი ღირდა, იმავე დღეს სრულად გაიყიდა. წიგნის ავტორების აზრით, ვალენსას აგენტობა საარქივო დოკუმენტებით დასტურდება. მათ გამოაქვეყნეს პოლონეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების სამსახურებრივი მოხსენებები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ექვსი წლის მანძილზე "ბოლეკმა" ანაზღაურების სახით, საერთო ჯამში, მიიღო 13 100 ზლოტი.

თავდაპირველად ვალენსა ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ შემდგომში განმარტა, რომ შესაძლოა, მან მართლაც მოაწერა ხელი ზოგიერთ დოკუმენტს, რომელმაც მისი კომპრომეტირება გამოიწვია. ვალენსამ მაშინ ძალზე "ჩახლართული" ისტორია მოჰყვა: 1975 წელს ერთი პიროვნება ემუდარებოდა მას, ხელი მოეწერა დოკუმენტებისათვის, რომელიც საშუალებას მისცემდა, თავი აერიდებინა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო პასუხისმგებლობისთვის. ეს ადამიანი, ვალენსას თქმით, შეჰპირდა, რომ მის ხელმოწერილ ყველა დოკუმენტს შემდეგ გაანადგურებდა. გავიდა ცოტა ხანი და ვალენსამ ერთ-ერთ პოლონურ გაზეთთან ინტერვიუში უფრო ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, რითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა თანამშრომლობა უშიშროებასთან. მისი სიტყვებით, 1970-იან წლებში იგი, როგორც პროფკავშირის მუშაკი, იძულებული იყო, "აერჩია ერთ-ერთი გზა ორი ვარიანტიდან". პირველი ვარიანტი იყო, რომ არ ჰქონოდა არანაირი კონტაქტი პოლონეთის უშიშროების ორგანოებთან და არ ეცადა პრობლემების მშვიდობიანი მოგვარება. "მეორე გზა, რომელიც მე ავირჩიე, იყო (უშიშროების ორგანოებთან - ბ.ა.) საუბარი, დისკუსია, დარწმუნება და გამარჯვებისკენ წინსვლა", - ამბობდა მაშინ ვალენსა. ლეხ ვალენსამ, ასევე, განაცხადა, რომ 1970-იან წლებში სპეცსამსახურებთან მისი კონტაქტები იყო მხოლოდ მცდელობა, - "გადაერჩინა მამაცები, (სოლიდარობაში) რისკისმოყვარე ხალხის მგზნებარება გაეგრილებინა და შეექმნა გუნდი, რომელიც, საბოლოო ჯამში, გაანადგურებდა კომუნისტურ პარტიას. მე მინდოდა გამეგო, რა ხალხი მუშაობდა უშიშროებაში; რატომ მოქმედებდნენ ისინი პოლონეთის საზიანოდ; რატომ უნდოდათ მათ ადამიანებისათვის თავისუფლების წართმევა".

ამასთან, მან აღიარა, რომ ის მეთოდები, რომლებიც მან გამოიყენა კომუნისტურ რეჟიმთან საბრძოლველად, შეიძლება ყველას არ მოეწონოს. თუმცა ძნელია იმის დაჯერება, რომ ახალგაზრდა, მაშინ, სულ რაღაც, ოცდაშვიდი წლის ვალენსას, პოლონეთის უშიშროების ორგანოების მოტყუებისა და გაბითურების შანსი ჰქონდა. ს. ცენცკიევიჩისა და პ. გონტარჩუკის წიგნის გამოსვლის შემდეგ სიტუაცია ცოტათი მიწყნარდა. ვალენსა განაგრძობდა პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრებაში აქტიურობას და ხელისუფლების მწვავე კრიტიკას, როდესაც 2015 წლის ბოლოს მის წინააღმდეგ ახალ მტკიცებულებებს მიაკვლიეს. ახლადაღმოჩენილი დოკუმენტები ინახებოდა პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის - ჩესლავ კიშაკის არქივში. ეს უკანასკნელი 2015 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად მისი ქვრივი არქივის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისათვის მიყიდვას ცდილობდა, დაახლოებით, 23 ათას დოლარად. თუმცა შემდგომში ყველა დოკუმენტი ამოღებულ იქნა იძულების წესით. პოლონეთის კანონმდებლობა ისტორიული მნიშვნელობის მასალების "ინსტიტუტისათვის" სავალდებულო გადაცემას მოითხოვს. კიშაკის არქივში აღმოჩენილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ "ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლუკაშ კამინსკიმ პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებანი იმის თაობაზე, რომ პროფკავშირ "სოლიდარობის" შემქმნელმა, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში მოაწერა ხელი დოკუმენტს პოლონეთის უშიშროებასთან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ, მჭიდროდ თანამშრომლობდა საბჭოთა კა-გე-ბესთან. ერთ-ერთ დოკუმენტზე, "ინსტიტუტის" ხელმძღვანლის თქმით, ვალენსას პირადი ხელმოწერა და, აგრეთვე, მისი ფესვდონიმი -"ბოლეკი" არის დაფიქსირებული. ქვემოთ გთავაზობთ ამ დოკუმენტს: "ვალდებულება. მე, ქვემორე ხელის მომწერი, ვალენსა ლეხი, ბოლესლავისა და ფელიქსას ძე, დაბადებული 1943 წელს პოპოვში, პირობას ვდებ, საიდუმლოდ შევინახო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან გამართული საუბრის შინაარსი. ამავდროულად, მე ვიღებ ვალდებულებას, ვითანამშრომლო უშიშროების სამსახურებთან პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის მტრების გამოვლენასა და ბრძოლაში. მე ვიღებ ვალდებულებას, გადავცე ინფორმაცია წერილობითი სახით და რომ ასეთი ინფორმაცია იქნება სწორი. პირობას ვდებ, უშიშროების სამსახურებთან ჩემი თანამშრომლობის ფაქტი შევინახო საიდუმლოდ და არ გავამჟღავნო იგი, მათ შორის - ოჯახთან. ინფორმაციას მე გადავცემ ფსევდონიმ "ბოლეკით". ლეხ "ბოლეკ" ვალენსა".

ვალენსას მტკიცებით, დოკუმენტების ნაწილი რეალურია, დიდი ნაწილი კი - აშკარად გაყალბებულია. ამ განცხადებების შემდეგ "კიშჩაკის საქაღალდიდან", დოკუმენტების შესაძლო გაყალბების გამოძიების მიზნით, ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტმა საქმე აღძრა. ვალენსა კი მოწმის სახით დაიბარეს დაკითხვაზე და თან გააფრთხილეს ცრუ ჩვენებაზე პასუხისმგებლობის შესახებ. თუმცა ვალენსამ მაშინ განაცხადა, რომ ამ საქაღალდიდან მისთვის ნაჩვენები დოკუმენტები არც მის მიერაა დაწერილი და არც ხელმოწერები ეკუთვნოდა მას. თუმცა ახლადმიკვლეული დოკუმენტების გრაფოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ 140-ზე მეტი დოკუმენტი (უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობის ვალდებულება, რომელიც დათარიღებულია 1970 წლის 21 დეკემბრით, ასევე, ფულადი ანაზღაურების მიღების 17 ხელწერილი და ასზე მეტი აგენტურული ცნობა) ვალენსას მიერ იყო დაწერილი ან ხელმოწერილი.

ამის საფუძველზე დაიხურა საბუთების გაყალბების საქმე, მაგრამ აღიძრა ახალი საქმე: ლეხ ვალენსას მიერ ცრუ ჩვენების მიცემის შესახებ. მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ვალენსა გამოცხადდა პროკურატურაში, თუმცა უარი თქვა ამ საქმეზე ჩვენების მიცემაზე.

ერთ დროს მეგობრები: იაროსლავ კაჩინსკი და ლეხ ვალენსა

ლეხ ვალენას აზრით, მისი პრობლემების საფუძველი არის დაპირისპირება პოლონეთის ამჟამინდელ მთავრობასთან. ვალენსამ მიანიშნა, რომ კაჩინსკი მასზე შურისძიებისათვის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს იყენებს. ძმები კაჩინსკები - იაროსლავ და ლეხი - გასული საუკუნის 80-იან წლებში "სოლიდარობის" აქტიური წევრები იყვნენ, მაგრამ ვალენსას პოლონეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ძმები შევიწროებულნი იყვნენ ახალი პრეზიდენტის მიერ. სწორედ იმ პერიოდიდან იწყება მათ შორის დაპირისპირება. ლეხ ვალენსა რეგულარულად მონაწილეობს პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში.

ლეხ ვალენსა განუყრელი მაისურით ვალენსასადმი წაყენებულმა ბრალდებამ პოლონეთის საზოგადოება ორ, დაპირისპირებულ ნაწილად გაჰყო - ერთნი მიიჩნევენ, რომ ლეხ ვალენსას პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოიგონეს მისი აგენტობა, მეორენი კი არ გამორიცხავენ, რომ "ბოლეკი" - ვალენსა იყო და ის პოლონეთის უშიშროების ორგანოებთან ფარულად თანამშრომლობდა. ლეხ ვალენსას ირგვლივ განვითარებული სკანდალური მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ლუსტრაციის აუცილებლად ჩასატარებელ პროცესს, კარგად შევაფასოთ მისი პოზიტიური და ნეგატიური შედეგები, რათა საზოგადოებაში ახალი დაპირისპირება არ გამოვიწვიოთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს