"ვითარება რთულია, ამაზე თავის დროზე მთავრობასაც ვაფრთხილებდი" - კვირის პალიტრა

"ვითარება რთულია, ამაზე თავის დროზე მთავრობასაც ვაფრთხილებდი"

"კარგად გვახსოვს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული უგულავა, ოქრუაშვილი და სხვები, და ახლა ვხედავთ, როგორ ანთებენ ცეცხლს. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ქვეყანა დაწყნარდესო, - ბრძანა მაშინ პრეზიდენტმა და თქვენ ნახეთ -  ქვეყანა ამით დაწყნარდა?"

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თვლის, რომ ნოემბერი ასტროლოგიურად რთული პერიოდია და ესეც ხელს უწყობს ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური პროცესების გაღვივებას. იგი მოუწოდებს საზოგადოებას, მძიმე ვითარების მიუხედავად, აღიჭურვოს ოპტიმიზმით, კეთილშობილებით, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობას, რომ ახალ წლამდე საკმაოდ რთული პერიოდი მშვიდად გავიაროთ.

მიხეილ ცაგარელი:

- ვითარება რთულია, ამაზე თავის დროზე მთავრობასაც ვაფრთხილებდი. ჯერ კიდევ ივლისში ვამბობდი, რომ, ასტროლოგიური კუთხით, ყველაზე რთული პერიოდი გველოდებოდა წინ, ნოემბერი - რადიკალურად გაღვივდებოდა პანდემია, ინფექციური დაავადებების ალბათობა რამდენჯერმე მოიმატებდა. ვთქვი გადაცემებში და აღვნიშნე ისიც, ამჯერად ექსპრეზიდენტი საქართველოში აუცილებლად ჩამოვა-მეთქი. ამაზეც ჩემი აზრი მქონდა, რატომ და როგორ. აღვნიშნე ისიც, რომ დაიძაბებოდა ვითარება, რადგან ისტორიულადაც ნოემბერი ყოველთვის ყველაზე რთული თვეა. ყოველთვის იყო მიტინგები, დემონსტრაციები, გამოსვლები, პროტესტები. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასტროლოგიური კუთხით, ნოემბერი ეს არის პერიოდი, როცა მზე გადის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ზოდიაქოს ნიშანს ანუ - მორიელს. მორიელი ურთულესი ნიშანია. მზესთან ერთად ომის და აგრესიის მმართველი პლანეტა მარსი, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური - სამივე იმყოფება მორიელის ზოდიაქოში და ქმნის 190-გრადუსიან დაპირისპირებას ერთ-ერთ ბოროტ პლანეტასთან, რომელსაც ურანის სახელწოდებით ვიცნობთ, რომელიც აღმოჩნდა ზუსტად მორიელის საწინააღმდეგოდ, კუროს ზოდიაქოში. მათი დაპირისპირებაა ურანთან - საკმაოდ ცუდი ასპექტებია, რომელიც გააჩნიათ ბოროტ პლანეტა სატურთან, ძალიან ძაბავენ საერთო სიტუაციას, ეს არის გამომწვევი მიზეზი, ასევე, ჯანმრთელობის გაუარესების ადამიანებში, ასევე, აგრესიის, გაღიზიანების მომატების, რაც შეიძლება გახდეს დაპირისპირების, აგრესიის, ემოციების აღტკინების ერთ-ერთი საბაბი. მორიელი ხომ ყველაზე ბოღმიანი, წყენიანი, შურიანი ნიშანია, რომელიც ამასთან ერთად - უკიდურესად ჯიუტია და მოსმენა არ უნდა. შესაბამისად, დიქტატურული ტენდენციების მატარებელიც არის, ამიტომ ეს თვისებები ამ პერიოდში განსაკუთრებით ღვივდება, ამას ემატება ისიც, რომ მზეზე გვაქვს ძალიან დიდი აფეთქებები, განსაკუთრებით - ოქტომბრის ბოლოდან. მზეზე აფეთქებები ნიშნავს იმას, რომ მოდის ე.წ. მზის ქარები, მზის ქარიშხალი დედამიწაზე და ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და განწყობაზე, რაც აძლევს ადამიანს დეპრესიულობას, ცუდ აზრებს, აკვიატებებს, ფობიებს და ა.შ. ეს დამატებითი ფაქტორია, ამას ემატება ის, რომ ჩვენ გვქონდა ახალმთვარეობა 4-5 რიცხვში და წინ, 19 ნოემბერს გველოდება სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. უმძიმესი ენერგიის პერიოდია. აქედან გამომდინარე, პრობლემების დროს ბევრს უმძიმდება ტვინი და რას აკეთებს და რატომ აკეთებს, შეიძლება ვერც აგიხსნას. ამიტომაც ბევრი არაადექვატურად მოქმედებს, ამ დროს ისეთი ცუდი ზეგავლენა არის, ეს არის სატანური თვეები, ამას მოჰყვება კიდევ 31 რიცხვი, "ჰელოუინი". ჩვენთან ამაზე ისე საუბრობენ, გეგონება არნახული ანგელოზების დღესასწაულია. სინამდვილეში ჰელოუინი არის ჯადოქრების ღამე, ყველაზე ცნობილი შავი მაგები, ბნელი სულის მქონე ადამიანები იყრიან თავს ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და სწორედ ამ გართობით, რითაც ერთობიან ახალგაზრდები, მათგან გამოსული ენერგია სწორედ მისდით მათ და აკეთებენ რეაქციას თავისი შავბნელი საქმეებისთვის, რომელსაც ნოემბერში ისინი ჩაატარებენ. ამიტომ შავი მაგია არნახულად გაძლიერებულია ახლა. თვალის აღების ტედენცია, სულის დაბინძურება - ეს ყველაფერი ორმაგდება და სამმაგდება. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და თვალი აიღოს დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, დაიბინძუროს აურა და შედეგად დაეწყოს ჯანმრთელობის, ფსიქიკის პრობლემები და შეიძლება ვერც მიხვდეს, რა არის ამის მიზეზები, ამას ემატება გამძვინვარება ვირუსის. სწორედ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მოხდა ხელოვნურად, ლაბორატორიაში ამ ვირუსის შექმნა და მერე ჩინეთში გავრცელება. ვირუსს მართავს მმართველი პლანეტა მორიელისა - პლუტონი, როდესაც მოხდა შეერთება მძიმე პლანეტების - სატურნის, იუპიტერის და პლუტონის თხის რქას ზოდიაქოს ნიშანში, 2019 წლის ბოლოს უკვე დაიწყო აქტიურად იმის გავრცელება, რაც ჩინეთში ნოემბერში შეიქმნა და გავრცელდა ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში.

ტრადიციულად, ამ პერიოდში ხდება გაძლიერება ვირუსული ინფექციების, რასაც ხელს უწყობს ის, რომ დედამიწა უარყოფით ველშია. ნოემბრის ჩათვლით ის იქნება უარყოფით ენერგოველში და პრობლემების ტენდენცია მატულობს, უიღბლობის ტენდენცია მატულობს. აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ გველოდება 16-30 ნოემბრის პერიოდი, როცა მზე გადის არა ზოდიაქოს, არამედ - თანავარსკვლავედის ორკვირიან პერიოდს. ეს არის, ასევე, რთული გამოცდა ყველა ადამიანისთვის, გამოცდა იმაზე, თუ რაოდენ სწორი სულიერი გზით ვითარდება ადამიანი, როგორი სულიერი გზით ვითარდება საზოგადოება, ქვეყანა. თუ ამ პერიოდში ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დაიწყო უსიამოვნებები, სიგნალია იმის, რომ ადამიანი არ მიდის სწორი გზით და უნდა შეცვალოს დროზე თავისი ცხოვრებისეული წარმოდგენები. მაგრამ თუ ამ პერიოდში ყველაფერი კარგად წარიმართა, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მიდის სწორი გზით და შემდგომი წარმატების საწინდარიც იქნება.

ამ მძიმე პერიოდს მოჰყვება პატარა შესვენება, 23 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, როცა დედამიწა გადავა პოზიტიურ ენერგოველში, ცოტათი დაცხრება ვნებები და აგრესია ამ პერიოდში, ცოტათი უკეთესი ზონაა, მაგრამ მერე, ახალ წლამდე, ისევ გველის რთული პერიოდები, რომელიც დაიწყება 4 დეკემბრიდან. 4 დეკემბერი არის ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. 19 ნოემბერს მთვარის დაბნელება და 4 დეკემბერს - მზის დაბნელებაა, დაბნელებებს შორის პერიოდი, ასევე, იწვევს შეცდომებს, ცდუნებებს და ა.შ. შედარებით დამშვიდდება სიტუაცია, მაგრამ შეცდომების და პრობლემების ტენდენცია არის 4 რიცხვიდან თითქმის 24 დეკემბრამდე, რადგან დედამიწა ისევ გადის უარყოფით ენერგოველში და ისევ იქნება ქვეყნებს შორის, პარტიებს შორის დაძაბულობა, ცალკე ადამიანებს შორის კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესება, იმატებს ავარიები, გულსისხლძარღვთა პრობლემები, იმიტომ, რომ აქ ჩვენ გვაქვს გეომაგნიტური დღეებიც და მზის ქარებიც, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანების ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე.

- როდის დამშვიდდება სიტუაცია?

- საახალწლოდ სიტუაცია დაიწყებს დამშვიდებას და დაწყნარებას. ეს პერიოდი საკმაოდ რთულია, დაძაბულია, აგრესიულია და ამან განაპირობა, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს. ეს ძალიან რთულია, პირველ რიგში, საქართველოსთვის, რადგან ეს ხელს უწყობს ქვეყნის გაჩერებას, ქვეყანა ამ პირობებში ვერ განვითარდება. იქნება გაუთავებელი კონფლიქტები, გზის გადაკეტვები, დაპირისპირებები და ა.შ თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რა მოჰყვება. ეს ქვეყნისთვის როგორი ცუდია, ყველამ ვიცით. კიდევ კარგი, ირაკლი ღარიბაშვილი არ აჰყვა ჩვენი ვაი მკვლევრების აზრს და არ მოახდინა ქვეყნის ჩაკეტვა ეკონომიკური კუთხით, თორემ საერთოდ დაღუპავდა ქვეყანას და კიდევ კარგი, არ დააწესა სავალდებულო ვაქცინა. რთული პერიოდი გვიდგას დეკემბრის 24 რიცხვამდე. უნდა გაეთვალისწინებინა ხელისუფლებას ჩემი რჩევები, რასაც გადაცემებში ვურჩევდი. ვთქვი კიდეც, ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი და უკან გაუშვით-მეთქი. ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იქნებოდა. ის თუ აქ ჩამოვიდოდა, ყველა ვარიანტში, ეს გაამწვავებდა სიტუაციას, როგორც მოხდა კიდეც. მითუმეტეს - უკრაინის მოქალაქეა და გაუშვებდნენ უკან, დაძაბვა მაინც იქნებოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლაა. ეს ქვეყნისთვის არის ცუდი.

- მოუწევს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაშვება ხელისუფლებას?

- ვერ გეტყვით, რას იზამს აწი მთავრობა, მაგრამ თუ დასჯაა, დასჯა უნდა იყოს სერიოზული და არა - მხოლოდ 6 წელი მიუსაჯო. მერე ვიღაცები ჩაერევიან, ალბათ, სალომე ზურაბიშვილსაც აუჩუყდება გული, გამოსვლები გაგრძელდება და შეუკვეცავენ იმ სასჯელსაც, მაგრამ როცა გამოვა ციხიდან, ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი და ქვეყანა ისევ გაჩერებული იქნება. ჩემი აზრით, ან უნდა იყოს სერიოზულად იზოლირებული საზოგადოებისგან, ან უნდა გაუშვან უკან, უკრაინაში ისე, რომ აქეთ შემოსვლის უფლება არ ჰქონდეს. ეს ცოტათი დააშოშმინებს ოპოზიციას, თუმცა ოპოზიცია ასე არ დაშოშმინდება, ამათ თავისი რევოლუციური სცენარი აქვთ. ამ ეტაპზე ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს ქვეყანა, მათ საკუთარი მიზნები აქვთ და ნებისმიერი გზით შეეცდებიან ისინი ძალაუფლების მოპოვებას. როგორმე ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ამით ქვეყანა დაინგრევა თუ არა, არ აღელვებთ.

სერიოზული მიდგომაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულონ კოჰაბიტაცია, რამაც დაანგრია ეს ქვეყანა. ძალიან კარგად გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები, და ვხედავთ, როგორი აქტიურები არიან ახლა და როგორ ანთებენ ცეცხლს. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ქვეყანა დაწყნარდესო, - ბრძანა მაშინ პრეზიდენტმა და თქვენ ნახეთ -  ქვეყანა ამით დაწყნარდა? ამათი გამოშვების შემდეგ პირიქით - აბობოქრდა. კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს, თუ უნდა მთავრობას, რომ ქვეყანა დაწყნარდეს. ვინც უნდა იჯდეს ციხეში, ის ხალხი უნდა იჯდეს ციხეში; ვინც უნდა იყოს იზოლირებული; ის უნდა იყოს იზოლირებული. საეჭვო რეპუტაციის ნარკომანების პარტიები შემოვიდა დღეს ქვეყნის მართვაში, რა მთავრობაა ეს? რა უნდათ მათ მთავრობაში?! მოაწესრიგოს პრემიერ-მინისტრმა - ვინც დასაჯელია, ის უნდა დასაჯოს, სააკაშვილც უნდა გაუშვას აქედან, რაც შეიძლება შორს, რომ არ ჰქონდეს ოპოზიციას ბელადის სინდრომი. სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ დაწყნარდება და კიდევ მინდა დააშოშმინონ მედიცინის მუშაკები. მათი პოზიცია ხალხის მიმართ არის არასწორი, იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, დააძალოს ადამიანს აცრა. წერა-კითხვა ვიცით და კარგად გვესმის, რა ხდება უცხოეთში. ეს ნაბაყოფლობითია. ასე რომ, აღიჭურვეთ ოპტიმიზმით, კეთილშობილებით, მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რომ მშვიდად გავიაროთ ახალ წლამდე საკმაოდ რთული პერიოდი.

(სპეციალურად საიტისთვის)