"სააკაშვილი არაჩვეულებრივი ადამიანია. საქართველო ააშენა, ქალაქები გაალამაზა, გზები გაიყვანა... მილიონი რაღაც გააკეთა. ვის არ მოსდის შეცდომები?" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი არაჩვეულებრივი ადამიანია. საქართველო ააშენა, ქალაქები გაალამაზა, გზები გაიყვანა... მილიონი რაღაც გააკეთა. ვის არ მოსდის შეცდომები?"

"ძალიან ახლოს ვარ მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახთან, შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალე კიევში ჩამოვსულიყავი და ბატონი პრეზიდენტი ზელენსკი შემეწუხებინა"

ტელეკომპანია "უკრაინის" ეთერში 12 ნოემბერს საღამოს გავიდა ტრადიციული გადაცემა "სიტყვის თავისუფლება" ("Свобода слова"), რომელშიც წამყვანმა სავიკ შუსტერმა კომენტარი გაუკეთა მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს და თქვა - "ჩვენ [შევცდით, როცა] ვფიქრობდით, რომ მსგავსი რამ ევროპულ სახელმწიფოში არ მოხდებოდა,...". შემდეგ მან სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ("ნაციონალური მოძრაობიდან"), მომღერალს და მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს. გთავაზობთ ამონარიდს:

სავიკ შუსტერი: მიკროფონთან ვიწვევ ვახტანგ კიკაბიძეს (ტაში სტუდიაში). ვახტანგ, თქვენ კიევში სპეციალურად ჩამოფრინდით ვლდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად, რომ რაღაც გაგეკეთებინათ მიხეილ სააკაშვილისათვის. არის რაიმე შედეგით პრეზიდენტთან შეხვედრით?

ვახტანგ კიკაბიძე: მე ვფიქრობ, რომ არის. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ... მე ვუთხარი, რომ ვთქვათ, მე თქვენს ადგილზე ვარ, უკრაინის პრეზიდენტი. მიშა ხომ უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ვალდებული ვარ იგი საქართველოდან წამოვიყვანო-მეთქი... ის, რაც ახლა ვნახეთ, მხოლოდ 5%-ია იმისი, რაც გადაღებულია. პრეზიდენტი დამეთანხმა. ძალიან ახლოს ვარ მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახთან, შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალე კიევში ჩამოვსულიყავი და ბატონი პრეზიდენტი შემეწუხებინა. მე მას ვუთხარი - ხომ გიყვართ ბრძოლა წესების გარეშე? ჩამოდით საქართველოში, ყველა კუთხე მოვიაროთ და გაჩვენებთ, როგორ სცემენ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერებს, თანაც მასობრივად. ასეთი ამბები ორი წელია გრძელდება. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ის სავარძელში ჩაჯდება და რაღაც სამკერდე ნიშანს ჩამოკიდებს, ის უკვდავი იქნება. ასეთები ძალიან ბევრ სისაძაგლეს გააკეთებენ საკუთარი ქვეყნისათვის, მათ თავიანთი სამშობლო არ უყვართ. ისინი [საქართველოში] რასაც ყიდულობენ, ყველაფერს ბიუჯეტის ფულით იძენენ. გარდა ამისა, მათი პირველი ადამიანი ბიზნესმენია, მილიარდერი... მას ძალიან მოსწონს იყოს პატარა საქართველოს გენერალური დირექტორი. ისინი ცხრა წელია უკვე პარლამენტში არიან და დროა წავიდნენ. არის კარგი რუსული ფრაზა - "დროა ღირსებას და სინდისს მოუხმოთ!". ცხრა წლის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებიათ.

ისევ მიშას დავუბრუნდები: მიშა ძალიან სასაცილო ბრალდებებით არის დაკავებული - სამი-ოთხი პიჯაკი იყიდაო. პრეზიდენტს ხომ თავისი ფონდი აქვს რაღაცეების საყიდლად, სტუმრების მისაღებად... ვიღაცისთვის ყვავილების ჩუქების მიზნით. მან რაღაც ცუდი ჩაიდინა, მაგრამ იგი არაჩვეულებრივი ადამიანია. მიხეილ სააკაშვილი მშენებელია, მან საქართველო ააშენა, ქალაქები გაალამაზა, გზები გაიყვანა... მილიონი რაღაც გააკეთა. ვის არ მოსდის შეცდომები? შეცდომები ყველას აქვს. მე ვუთხარი ვლადიმერ ზელენსკის, რომ მიშა კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ-მეთქი. მან 40 დღე იშიმშილა. მე ნანახი მყავს 7 დღის ნაშიმშილები ადამიანი, რომელიც საკაცით გადაჰყავდათ. მაგრამ მიშა ძლიერი ადამიანია. ვუთხარი პრეზიდენტს, რომ წამოიყვანეთ, ის ხომ თქვენი მოქალაქეა. წამოიყვანეთ და შემდეგ გაარკვიეთ - დატოვებთ თუ სადმე გაგზავნით... საქმე ისაა, რომ შეიძლება მიშა საპყრობილეში [მოკლან]. იმიტომ, რომ არის ადამიანი, რომელიც ოცნებობს, რომ მიშა ასეთ მდგომარეობაში ნახოს.

სავიკ შუსტერი: პრემიერ-მინისტრი? ვახტანგ კიკაბიძე: არა, ის პრემიერ-მინისტრი არ არის, ის პრემიერ-მინისტრის დირექტორია.

სავიკ შუსტერი: აა, თქვენ ბიძინა ივანიშვილზე ამბობთ? მე ვიფიქრე [ამჟამინდელი] პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მიშასთან თავისი ანგარიშები აქვს... ვახტანგ კიკაბიძე: ბოდიში მოვუხადე ბატონ პრეზიდენტს, რომ საქართველოში უკრაინის დელეგაცია არ შემოუშვეს. ჩვენთან ყველაფერს ადამიანთა მცირე ჯგუფი წყვეტს, არავის არაფერს ეკითხებიან. ყველა ჩემს ნაცნობს ვეუბნები, რომ საქართველოში ჯერ ნუ ჩამოხვალთ, ჩვენთან ყოველ მეორე დღეს ადამიანებს კლავენ... ჩვენს [მთავრობაში] არ არის ხალხი, რომელიც ქვეყანაზე იზრუნებდა... საქართველო თავიდანვე ევროპაზე, ევროკავშირზე და ნატოზე იყო ორიენტირებული, ესენი კი რუსეთის პრეზიდენტის მითითებებს ასრულებენ. ყველამ იცის ამის შესახებ. პუტინს კი საქართველოს დაშლა სურს. საქართველოს გარშემო სამი წერტილია, სადაც რუსული ტანკები დგანან - ოსეთში, აფხაზეთში, სომხეთში და კიდევ აზერბაიჯანშიც. ჩვენ ალყაში ვართ, წრეში. იგი ცდილობს, რომ ოპოზიცია პროვოკაციაზე გამოიწვიოს. პუტინმა ერთხელ თქვა, რომ მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. ისე უყვარს, რომ როგორც კი რაიმე პატარა დაპირისპირება მოხდება, იმწუთში რუსული ტანკები შემოვლენ საყვარელი ქართველი ხალხის დასახმარებლად....

ჩემს გამოსვლას ერთი ანეკდოტით დავასრულებ: როცა ჩვენთან რაღაც უსიამოვნება იწყება, იმავწუთს ანეკდოტებიც ჩნდება ხოლმე.

ისრაელიდან აეროპორტში თვითმფრინავი ეშვება, გადმოდიან მგზავრები... ერთი შუახნის ინტელიგენტური მამაკაცი ერთ-ერთ მგზავრს ეკითხება:

- თქვენ ხომ ებრაელი ხართ? იქნებ მითხრათ, რომელი წელია ახლა თქვენი კალენდრით?

- 5029 წელი. რატომ გაინტერესებთ? რა პრობლემა გაქვთ?

- ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ იქნებ მითხრათ, რით დასრულდა საქართველოში 2021 წელი?

სავიკ შუსტერი: პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვენი წუხილი გაიგო?

ვახტანგ კიკაბიძე: დიახ, დიახ... მე მინდა ვთქვა, რომ იგი ინტელიგენტია, განათლებული და რაც მთავარია, მოსმენა იცის. მე ვნერვიულობდი, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტთან უნდა მივიდე, მერე რა, რომ ვიცნობ-მეთქი.. მოკლედ,  ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ჩემი მისია შევასრულე. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ