"სააკაშვილის შიმშილობა კი ჩაივლის, მაგრამ მერე სხვა ამოცანა დგება - გათავისუფლდეს მიშა"
გაგრძელდება თუ არა პერმანენტული აქციები და როგორ აპირებს ოპოზიცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას, "კვირის პალიტრას" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ესაუბრა.
- რასაც ხელისუფლება სჩადის, უგუნურებაა. შეუძლებელია ამგვარი საქციელით რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებზე ფიქრობდე. ამას აქვს ორი ახსნა: ან უგუნურები არიან, ან ბრიყვები. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ის ჩანაწერი, რომელიც ვითომ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ გამოაქვეყნეს, პირიქით, "ოცნების" წინააღმდეგ მუშაობს. ამ ჩანაწერზე "ოცნების" მხარდამჭერებსაც უკურეაქცია აქვთ. მთელი სოციალური ქსელი ამ საკითხით არის აჭრელებული. რასაც ქვეყნის პრეზიდენტს უკეთებენ, გონიერ მოსახლეობას არ შეიძლება უხაროდეს. ამის ახსნა ერთადერთი მიზეზით შეიძლება - ეს ივანიშვილის საამებლად გააკეთეს. არ ვამბობ, რომ ივანიშვილის დავალებით კეთდება, უბრალოდ, "ოცნებაში" ძალიან მოკლე ჭკუა აქვთ და ფიქრობენ, ვითომ ამით მას გაახარებენ.
- რაში აწყობს "ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა?
- იმიტომ, რომ ბრიყვები არიან და ფიქრობენ, ივანიშვილს გავახარებთო, რადგან იციან მისი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ამით როგორც საკუთარ თავს, ისე ივანიშვილს უქმნიან საფრთხეს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მსგავს ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმე კვალიფიცირებულია როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. არც ერთ ადამიანს ღირსება არ უნდა შეულახო, მაგრამ როდესაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ასე ექცევი, ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ისტორიას პატივს არ სცემ. ამით ასევე ლახავ ქვეყნის რეპუტაციასა და საფრთხეს უქმნი მის მომავალს. ასუსტებ ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერას, რითაც ჩვენი მტერი რუსეთი სარგებლობს. აფრთხობ უცხოელ ინვესტორებსა და ქვეყნის ეკონომიკას ანადგურებ. ამ სიდუხჭირის წუმპეში ჩასარჩენად ქვეყანა განწირულია. ყველაფერს წირავენ, გარდა ერთისა, საკუთარ სკამსა და ძალაუფლებას.
- რამდენიმე დღეა, რაც ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს, მოლაპარაკება ჯერაც არ შემდგარა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია კონსენსუსი? - თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ოპოზიცია დაიღლება და გაჩერდება, ძალიან ცდება. 9 წლის განმავლობაში არაერთი აქცია გვინახავს, რომელიც შეწყვეტილა, მაგრამ ამ პროტესტს ყოველთვის მოსდევდა მცირე შედეგი მაინც. მაგალითად, "გავრილოვის ღამის" გამო ერთთვიანი აქცია არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლით დასრულდა. შეიძლება ითქვას, მაშინ ხელისუფლებას 120/30 საარჩევნო სისტემა გამოვგლიჯეთ. მართალია, შემდეგ აქციები დასრულდა, მაგრამ მაშინ ადამიანის სიცოცხლე არ იდო სასწორზე. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობაც რომ შეწყვიტოს, მისი ჯანმრთელობა მაინც მისახედია, რათა შეძლოს აქტიური ცხოვრების გაგრძელება. თუ სააკაშვილის შიმშილობა ფატალურად დასრულდა, ხელისუფლებას რა ელის, ეს "ოცნებას" კარგად აქვს გაცნობიერებული. სააკაშვილის შიმშილობა კი ჩაივლის, მაგრამ მერე სხვა ამოცანა დგება - გათავისუფლდეს მიშა.
- შეძლებთ კი ამის მიღწევას მაშინ, როდესაც სააკაშვილი ორი მუხლით არის გასამართლებული და თანაც პრეზიდენტიც არ აპირებს მის შეწყალებას? - სააკაშვილის ციხეში ყოფნა განაპირობებს იმას, რომ აქციები მუდმივი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე 50 ათასი კაცი გამოვა, ან ყოველდღე გარეთ ვიქნებით. პროტესტის სხვადასხვა გზა მოიძებნება: ხან ქუჩაში, ხან სცენაზე და ხან საერთაშორისო არენაზე სააკაშვილის პატიმრობას გავაპროტესტებთ. საქართველოში ჩამოვლენ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს წევრები და ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა იქნება. ჩამოვლენ ამერიკიდანაც, ასევე უკრაინიდანაც. ეს პროცესი ნელ-ნელა გამოურეცხავს ხელისუფლებას საძირკველს.
- ოპოზიციის მუქარა არაერთხელ მოგვისმენია... - ახლა სხვა რეალობაა. ამ აქციებით ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებსაც მივაღწევთ. თუ ხანდახან ქუჩაში აქტიურობა დაიკლებს, ხელისუფლება ილუზიებს ნუ მიეცემა. შეიძლება იკლოს აქციებმა, მაგრამ ეს იქნება სიმშვიდე ქარიშხლის წინ.
- რატომ თქვით უარი კარვების გაშლაზე? როგორც გამოჩნდა, უკვე დაიწყო უთანხმოება ოპოზიციაში. - ვაკვირდებით, ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს. შემდეგ პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ. აქციებს, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურასთან იმართება, არანაკლები დატვირთვა აქვს. სუს-თან, ჯანდაცვისა თუ იუსტიციის სამინისტროებთან აქციები ასოცირდება მხოლოდ ერთ რამესთან - ძალადობასთან. სუს-ი შეიარაღებული მოძალადეა, რომელსაც 150-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და ყოველწლიურად უფრო ეზრდება. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, ლილუაშვილის უწყებას შემოსავალი 11 მილიონით გაეზრდება. შემოსავალი იმიტომ კი არ ეზრდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვას, არამედ პარტიის უსაფრთხოების დასაცავად აფინანსებენ. მეორე მოძალადე ჯანდაცვის სამინისტროა, ანტივაქსერებით გატენილი, და ყოველდღიურად "კორონას" ათეულობით ჩვენი მოქალაქე ეწირება.
თიკო ოსმანოვა