"თუ პირობის დამრღვევი "ნაცები" იქნებიან, პირადად მივალ მათთან და ვეტყვი აქციის მონაწილეებს, წაეთრიეთ აქედან-მეთქი"
"პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად საჭიროა სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარანტიების შექმნა და მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა; ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებში გამოიწვევს ნდობას და შეიქმნება სამართლიანი სასამართლო მიხეილ სააკაშვილისა და მომავალში სხვა მსგავსი საქმეებისთვის; პარლამენტმა გაატაროს სასამართლოს ამბიციური რეფორმა; პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად გადავიდეს სრულად პროპორციულ სისტემაზე; გაიმართოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მმართველობითი სისტემის ცვლილებაზე - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე; გატარდეს თვითმმართველობის ფუნდამენტური რეფორმა; ძალაუფლება განაწილდეს მიშელის შეთანხმების შესაბამისად", - ასეთია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის 7-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას სამოქალაქო საფრთხის მაღალი რისკის გამო სთავაზობს.
- მართლა უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა. პოლარიზებისა და გამწვავებული კონფრონტაციის გამო მაღალია საზოგადოების დაპირისპირების რისკი, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ მხოლოდ პასუხისმგებლობის დაკისრება არ გვარიდებს იმ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რომელიც საქართველოშია. ქაოსი და არეულობა არის რუსეთის მოკავშირე, ამიტომ აუცილებელია პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ყველა მხარე. პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებით და მეორის დამარცხებით, ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა შევთანხმდეთ გამოსავლის ძიების ერთ გზაზე, როგორმე უნდა დავასრულოთ ეს გაუთავებელი კრიზისი.
- შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ თქვენი გეგმის პირველივე პუნქტი უგულებელყო და თქვა, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. - სამწუხაროდ, მმართველი გუნდის ლიდერები ფიქრობენ, რაც უფრო მეტად დაამცირებენ სააკაშვილს, მით უფრო მეტ პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებენ. სინამდვილეში ეს ძალიან სახიფათო საქმეა, შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთის გააქტიურებასთან ერთად გამოსავალი იქნება ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. თქვენც ხომ მოისმინეთ სააკაშვილის განცხადება, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შიმშილობას შეწყვეტს. საპროტესტო აქციებისა და შიმშილობის შეწყვეტა განსხვავებულ გარემოს შექმნის დიალოგის დაწყებისთვის. რაც შეეხება ხელისუფლების უარს, "ქართულ ოცნებას" ხშირად წაუღია უკან თავისი ნათქვამი. ვნახოთ, რა მოხდება.
- თქვენ "ნაცმოძრაობა" და კერძოდ სააკაშვილიც არაერთხელ დაადანაშაულეთ ნათქვამი სიტყვის უკან წაღებაში, გადაგდებაში. ამჯერად რა გარანტია გაქვთ, რომ შეასრულებენ დათქმას და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში საპროტესტო აქციას არ გამართავენ კლინიკასთან ან სხვა დილემის წინაშე არ დააყენებენ ხელისუფლებას? - მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, მე და სხვა პოლიტიკური ძალები, დავდგებით გარანტორებად და სიტყვას გაძლევთ, რომელი პოლიტიკური ძალაც დაარღვევს შეთანხმებას, ვამხელთ. თუ პირობის დამრღვევი "ნაცები" იქნებიან, პირადად მე მივალ მათთან და ვეტყვი აქციის მონაწილეებს, წაეთრიეთ აქედან-მეთქი. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მეტი რა ვქნა?! ყველა ჩვენგანმა, მათ შორის თქვენც, სხვა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოების რიგითმა წარმომადგენლებმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. სააკაშვილის მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც უნდა გავიაზროთ, რომ ამ ადამიანის სიკვდილი ხეირს არ მოგვიტანს. პირიქით, შესაძლოა დიდი უბედურების წინაშე დაგვაყენოს. ახლა ცეცხლთან თამაშის დრო არ არის, ისედაც ბევრი გვაქვს დაკარგული ჩვენი ერთმანეთთან დაპირისპირებით.
- რა იქნება, თუ თქვენ ამხელთ "ნაციონალებს" პირობის დარღვევაში და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ? - ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებას რა უნდა?! სულ რაღაც 15 წუთის ამბავია.
- მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ასევე შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, თუ სააკაშვილის ელექტორატის ნაწილი იმ კლინიკას მოაქცევს ალყაში, სადაც ის იქნება. - თუ ასე შორს წავალთ, გეტყვით, რომ გამართლდა ის, რასაც ჩვენ საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდში ვეუბნებოდით - მაქსიმალური პოლარიზება და პოლიტიკური კონფრონტაცია, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. სამწუხაროდ, ხალხმა არ გააკეთა ისეთი არჩევანი, რომელსაც ჩვენ ან სხვა პოლიტიკური ძალები სთავაზობდნენ. წარმოიდგინეთ მოცემულობა, რომ ჩვენ, ანუ ალტერნატიულ პოლიტიკურ ჯგუფებს, მიგვეღო მაქსიმალური მხარდაჭერა. ახლა ხომ არ იქნებოდა ასეთი პოლარიზებული გარემო?! მესამე წელია ეს პროცესი შეუქცევადია. საბოლოოდ მათი მისაღებია ალტერნატიული გადაწყვეტილებები. არ შეიძლება ყველა პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს აჰკიდო. პოლიტიკაში ვისაც მეტი ძალა აქვს, ის ადგენს დღის წესრიგს, ჩვენ რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმის ფარგლებში ვმოქმედებთ. იმედია, ახლო მომავალში მაინც გამოფხიზლდება ხალხი და ეს ორპოლუსიანი კატასტროფა დასრულდება. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ქვეყანა წინ ვერ მიდის?! სააკაშვილს თავი დავანებოთ, გაჭედილია ქვეყანა, აღარ ვითარდება, ინვესტიციები არ შემოდის, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ტურიზმსაც დაარტყა. ჯერ სად ვართ, თუ ასე გაგრძელდა, ტურიზმი საერთოდ ჩაკვდება და ქვეყნის შემოსავლის ერთადერთი წყაროც ჩაიკეტება. გამოფხიზლდება ხალხი და გათავისუფლდება მათ ტვინებზე მიტანილი მასობრივი შტურმისგან როგორც ერთი ფლანგის, ისე მეორე ფლანგისგან? ქვეყანა გაცილებით მალე წაიწევს წინ. თუ არადა, დავრჩებით ამ ორ პოლუსს შორის გაჩხერილი.
- გამოფხიზლებული ხალხი არჩევანს 2024 წელს გააკეთებს, მანამდე რას აპირებთ?
- მერე რა, რომ კანონმდებლობით 2024 წლისთვის არის გათვალისწინებული მომდევნო არჩევნები, ქვეყანაში დღეს ურთულესი კრიზისია და მმართველი გუნდი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. უნდა ვაღიაროთ - ხვალაც რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ მოგვარდება. უპირველესად დღეს არსებული კრიზისი უნდა განვმუხტოთ, მესამე ფლანგის პოლიტიკურმა ძალებმა კი ერთმანეთთან საუბარი უნდა დავიწყოთ საერთო სინერგიის მოსაძებნად.
ხათუნა ბახტურიძე