"არ ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი და მშვიდობიანი აქციები შედეგს მოიტანს"
"მართლმსაჯულების აღსრულების ნაცვლად, "ნაცმოძრაობის" ჯიბრში მდგომი და შურისძიებით შეპყრობილი ხელისუფლება იმდენ შეცდომას უშვებს, შესაძლოა კონკრეტულ ბრალდებებზე მართლმსაჯულების აღსრულებაც შეუძლებელი გახადოს"
როგორი შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი გვესაუბრა:
- ბუნებრივია, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე იმ ნაბიჯებს, რომელთაც ხელისუფლება დგამს და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან ქვეყნის განვითარებისთვის. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები აზარალებს ქვეყანას, რომელსაც 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აქვს გასაკეთებელი, ანუ პრეტენზია აქვს, რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ასეთ ქმედებებს ევროპარლამენტარებიც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რბილად რომ ვთქვათ, აღიქვამენ როგორც დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯს.
მთავარი საკითხი ის იყო, რომ ისინი ციხეში არ შეუშვეს, რაც მიუღებელი და ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია. ადამიანი, რომელსაც ეს თავისი მანდატის ფარგლებში არაერთხელ გაუკეთებია, ჩამოდის ქვეყანაში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარს ვერ ხვდება. ამაზე არსებობს ერთი პასუხი - "ოცნებამ" პოლიტიკურ შურისძიებას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები და როდესაც მას, როგორც ხელისუფლებას, აკისრია ვალდებულება, რომ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც სისხლის სამართლის ორ მძიმე საქმეზე ედება ბრალი, მართლმსაჯულება აღესრულებინა, უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
- ხელისუფლება საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს რატომ დგამს?
- ამას შესაძლოა მხოლოდ ორი მიზეზი ჰქონდეს: პირველი - სრული არაკომპეტენტურობა და აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები და მეორე - ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართულად დაზიანება. მართლმსაჯულების აღსრულების ნაცვლად, "ნაცმოძრაობის" ჯიბრში მდგომი და პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი ხელისუფლება იმდენ შეცდომას უშვებს, შესაძლოა კონკრეტულ ბრალდებებზე მართლმსაჯულების აღსრულებაც შეუძლებელი გახადოს. ამის შედეგები შესაძლოა ძალიან მალე ცუდად მოვიმკათ. თუ ხელისუფლება ახლა მაინც არ გამოასწორებს დაშვებულ შეცდომებს, ქვეყანა ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს.
- სააკაშვილთან დამოკიდებულებაში დაშვებულ შეცდომებს გულისხმობთ?
- არა მარტო. ბოლო დროს ვხედავთ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების აბსოლუტურ უგულებელყოფას, მედიაზე თავდასხმებს, ძალადობის წახალისებას, სრულ დაუსჯელობას, ინსტიტუტების პარტიული ვერტიკალისთვის დაქვემდებარებას და ა.შ. პრაქტიკულად ყველაფერს, რაც დემოკრატიისთვის უცხოა, ხოლო ავტოკრატიისთვის, ჩვეული. არ არის გამორიცხული ჩვენი დასავლელი პარტნიორების აღშფოთება და შეშფოთება უფრო გაიზარდოს, რაც ქვეყნის დასავლური განვითარებისთვის მძიმე იქნება. მით უმეტეს, იმ ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია და მტერი ჩასაფრებულია, როდის გადაუბრუნდება საქართველოს ფეხი, რომ ამ სიტუაციით ისარგებლოს.
- ოპოზიციის ქმედებები რამდენად სწორად მიგაჩნიათ როგორც პარტიული, ასევე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე? - როგორც იცით, ჩვენ ქუჩის აქციებში არ ვმონაწილეობთ, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ის ბერკეტი და პლატფორმა, რომლებიც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და გავაძლიეროთ ხელისუფლებაზე წნეხი, რათა საზოგადოებას დავანახოთ, როგორ იქცევა ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება ოპოზიციას, ახლა ვითარება ცოტა შეცვლილია, ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და მე არ ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს, თუნდაც ხანგრძლივი და მშვიდობიანი აქციები, შედეგს მოიტანს. ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ეს მათი არჩევანია. ხელისუფლების შეცვლის იდეას, ბუნებრივია, ვიზიარებთ, მაგრამ ამ მიზნისკენ მიმავალი გზა ჩვენ სხვანაირად გვესახება. ყოველ შემთხვევაში, პოლარიზების ხარისხმა თუ არ დაიწია - და ამაში უმთავრესი როლი ხელისუფლებას აკისრია, მან უნდა განმუხტოს ვითარება - ჩვენ მოკლებული ვართ პოზიტიური დღის წესრიგის გატარების საშუალებას. არადა, დღეს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, დაწყებული პანდემიით და დამთავრებული ეკონომიკური მდგომარეობით. ამიტომ უნდა მოვახერხოთ და პოზიტიურ დღის წესრიგზე გადავერთოთ.
- საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქცია რამდენად არის უკვე იმდენად კრიტიკული, რომ ხელისუფლებაზე იმოქმედოს და მან სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს? - საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქციები საკმაოდ კრიტიკულია. უკვე ერთმანეთის მიყოლებით ვხედავთ აშშ-ისა და ევროპარლამენტარების განცხადებებს. ცხადია, კრიტიკული მომენტი იყო შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა, ამის შემდეგ დეკლარირებული უარი სასამართლოს რეფორმაზე, შემდგომ "პროკურატურის შესახებ" კანონის ჩაგდება, 5 ივლისის მოვლენები და აბსოლუტური დაუსჯელობა, სისტემური დარღვევებით ჩატარებული არჩევნები და, ბუნებრივია, ეს ყველაფერი პარტნიორებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება სურთ და მხარს გვიჭერენ, ძალიან აღმაშფოთებელია. ამიტომაც ნეგატიური შეფასებები სულ უფრო ინტენსიური ხდება. არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე სანქციებიც ვიხილოთ. პირდაპირ გეტყვით - ბოლო ორ და მათ შორის ევროპარლამენტარ ფოტიგასთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხი უნდა გაძლიერდეს, რათა ეს ამორალური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დროულად შეჩერდეს.
რუსა მაჩაიძე