"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნიან კრიზისს" - კვირის პალიტრა

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნიან კრიზისს"

"ეს რესურსების ომია, რესურსი კი ხელისუფლებას უფრო მეტი აქვს. რევოლუციას ვეღარ მოაწყობენ, 2002 წლის საქართველო აღარ არსებობს"

საზოგადოება ისევ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, დასავლეთი ისევ შერიგებისკენ მოგვიწოდებს. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დამაიმედებელი პირველი ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ, ხოლო მთავრობას ციხეში სააკაშვილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. რა უნდა გააკეთონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კიდევ ერთი დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნიან კრიზისს. ოპოზიციას ჰგონია, აქციებით ხელისუფლებას დაღლის, სინამდვილეში თავად უფრო ადრე დაიღლებიან. ბოლოს და ბოლოს, ხალხს მოჰბეზრდება ქუჩაში ყოფნა. ეს რესურსების ომია, რესურსი კი ხელისუფლებას უფრო მეტი აქვს. რევოლუციას ვეღარ მოაწყობენ, 2002 წლის საქართველო აღარ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია. ოპოზიციის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ნეიტრალური ამომრჩევლის გადაბირება ვერ მოახერხა, არც უცდია. მეტიც, გამალებული ლანძღავენ ნეიტრალურ ამომრჩეველს, ვერ ხვდებიან, რომ მარტო თავიანთი აქტივით არჩევნებს ვერ მოიგებენ. ხელისუფლებამ 2012 წლის არჩევნები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად იმიტომ წააგო, რომ ნეიტრალურმა ამომრჩეველმა, რომელიც მანამდე არ აქტიურობდა, ხმა მისცა ოპოზიციას. ახლა ოპოზიცია ამას ვერ ახერხებს და ისევ აქციებს და რევოლუციას აანონსებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ამ ეტაპზე შეიძლება ოპოზიციას მოუგოს, მაგრამ ისეთ კრიზისში შედიან, შეიძლება გუნდში მოხდეს უთანხმოება და 2024 წლამდე ვეღარც მიაღწიონ. თუ მიაღწიეს, მერე რა უნდა ქნან?! ასეთ პოლარიზებულ ქვეყანაში არჩევნების წაგებას მათი გასამართლება რომ მოჰყვება, ვერ ხვდებიან?! საზოგადოების ნაწილისთვის "ნაცია" დამნაშავე და ქვეყნის ამომგდები, მეორე ნაწილისთვის - "ქოცი". სანამ ეს რეალობა არ შეიცვლება, ქვეყანას არაფერი ეშველება. "ოცნებას" საზოგადოების პოლარიზებით თამაში ძალიან ძვირი დაუჯდება.

- პოლარიზების შედეგების შესახებ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დასავლელი პარტნიორები. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ისიც კი თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან უხეში საუბრით და ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით საქართველოს იმიჯს აზიანებს და შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ქართველებს დასჭირდებათ არჩევნის გაკეთება: ან "ოცნება" ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია. - კუბილიუსი ყოველთვის გამოირჩეოდა "ოცნებისადმი" კრიტიკული დამოკიდებულებით. ევროპარლამენტარების განცხადებები, ზოგიერთი "ოცნების" სასარგებლოდ, ზოგიერთი კი "ნაციონალებისა", მაინც მათი პირადი მოსაზრების დაფიქსირებაა. საქართველო ამ ხელისუფლების ხელში ნამდვილად ვერ შევა ევროკავშირში, მაგრამ ეს მხოლოდ "ოცნების" კი არა, სხვა ობიექტური მიზეზების ბრალიცაა. ბოლო დროს ევროპა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენას ვეღარ ახდენს, ახლა საჭიროა ვაშინგტონის მკაცრი პოლიტიკა, მაგრამ თეთრ სახლს ახლა სხვა პრობლემები აქვს და ჩვენთვის არ სცალია.

"ოცნების" მიზანი "ნაცმოძრაობის" განადგურებაა, ისევე როგორც "ნაციონალების" მიზანი "ოცნების" განადგურება. როდესაც მმართველ გუნდს წარმოადგენ, უნდა გახსოვდეს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ნახევარი მილიონის ხელისუფალიც ხარ. არც ოპოზიცია აკლებს ხელს - ცოტა ხნის წინ "ოცნების" მხარდამჭერთა აქციას "ნაცმოძრაობის" ერთმა თავკაცმა ბიომასა უწოდა. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ოპონენტების პატივისცემა უნდა ისწავლონ.

- ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა დაიწყო შერიგებაზე საუბარი - ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ გამოსავალი არ არის ერთმანეთთან შესკდომა, გამოსავალი სტრასბურგის სასამართლომ შემოგვთავაზაო. შერიგების შვიდპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა გიორგი ვაშაძემაც, საკუთარი ვერსია აქვს "ლელოსაც". - მაშინ როდესაც მთავარ პოლიტიკურ პარტიებში ასეთი პოლარიზებაა, პატარ-პატარა პარტიის ლიდერები ამინდს ვერ შეცვლიან. ახლა ხელების გადაგრეხა მიმდინარეობს. "ოცნება" ფიქრობს, რომ ძლიერია და სახელისუფლებო რესურსებით მთელ ოპოზიციას გადაუგრეხს ხელს, "ნაციონალები" კი ფიქრობენ, რომ თუ ახლა არ გადაუგრიხეს ხელი მმართველ გუნდს, მერე გვიანი იქნება. "ნაცმოძრაობა" ახლა გადამწყვეტ ბრძოლაშია ჩართული, ამ საქმისთვის თავად სააკაშვილს აქვს თავი გადადებული, მნიშვნელოვანია ისიც, როგორ გაუძლებს ციხეს.

- პენიტენციარულმა სისტემამ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაა ასახული, რამაც ნეიტრალური მოქალაქეებიც კი აღაშფოთა. რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამის გაკეთება? - გვარამიამ წამოაგო პროვოკაციაზე, გამუდმებით გაიძახოდა, გვაჩვენეთ, რა დღეში გყავთ სააკაშვილი, როგორ აწამებთ მოშიმშილე კაცსო და აჰყვა ოპოზიციაც. გვარამია რამდენ არაადეკვატურ რამეს იტყვის, ხომ არ უნდა შეუსრულონ? აჯობებდა, ჩანაწერი ვიწრო წრისთვის - სააკაშვილის ადვოკატებისა და ოჯახისთვის ეჩვენებინათ.

- გრძელვადიან შერიგებაზე არა, მაგრამ აქციებზე მორატორიუმის გამოცხადების პირობას დებენ "ნაციონალები", თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. - არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და ამით კიდევ ერთხელ მოახდენენ ძალის დემონსტრირებას. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია დაიღლება აქციებზე სირბილით. ფაქტობრივად, ასეც არის, ყოველდღე აქცია არასერიოზულია...

- პასუხისმგებლიანი ხელისუფლება როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში? - პოლიტიკურმა სპექტრმა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, უკვე ისე ღრმად შეტოპა, რომ უკვე გვიანია ამაზე საუბარი.

- მაშ, თვითგანადგურების ღილაკზე გვაქვს ხელი დაჭერილი? - სამწუხაროდ, ასეა. ყველანი ერთად სუიციდურ ქმედებებს ჩავდივართ. ამასობაში კი ძალიან სახიფათო პროცესები მიმდინარეობს. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ბჟანიამ განაცხადა, რომ შეიძლება რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი განიხილონ. არადა, სწორედ უძრავი ქონების გასხვისებაზე უარის თქმა იცავდა აფხაზეთს რუსეთის საბოლოო ანექსიისგან. იმის ნაცვლად, რომ საჭირბოროტო საკითხებზე ვიმსჯელოთ, ერთმანეთს ვჭამთ.

ხათუნა ბახტურიძე