"როგორ შეიძლება სიმშვიდე მოიპოვონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოწმე არიან წინა ხელისუფლების ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის და მაინც მას უჭერენ მხარს?!" - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება სიმშვიდე მოიპოვონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოწმე არიან წინა ხელისუფლების ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის და მაინც მას უჭერენ მხარს?!"

"რაც ჩვენ გვჭირს, იმის გაცნობიერება ადამიანს ფიზიკურადაც კი აუძლურებს"

პოლიტიკოსების მუდმივი დაპირისპირება, ბრძოლა და კითხვა, რომელიც ყველას გამუდმებით გვღრღნის: "როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს ან სად არის გამოსავალი?" - ასეთია ჩვენი ქვეყნის სინამდვილე, რომელიც მომავლის განჭვრეტის საშუალებას გვისპობს. ამის მაგალითები უხვად გვაქვს როგორც პოლიტიკაშიც, ასევე - საზოგადოებაში.

ვაკის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარ მამა შალვა კეკელიას ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ:

- თუ გავითვალისწინებთ, რომ კაცობრიობაში მიმდინარეობს არა მხოლოდ ზნეობრივი ღირებულებების, არამედ ადამიანის გაუფასურების პროცესი, როდესაც ბოროტებას აღარ ჰქვია ბოროტება, ცოდვას კი - ცოდვა, აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როცა ეს ჩვენ თვალწინ ხდება. ადამიანები თავიანთი ზრახვების აღსასრულებლად მართლაც ყველაფერს კადრულობენ. მზად არიან, გაწირონ ქვეყანა, ერთმანეთს დაუპირისპირონ გარშემო მყოფნი, თუმცა ამ პროცესში მათ ერთი რამ ავიწყდებაც - ვინაც უნდა იყოს ადამიანი და რასაც უნდა აკეთებდეს, სინამდვილეში ეს მისი კარგად ყოფნისთვის ბრძოლა კი არა, საკუთარი თავის დაზიანებისთვის ბრძოლაა, რადგან ვერავინ იქნება კარგად, როცა მის გვერდით ცუდად არიან.

ბედნიერებაც და უბედურებაც გადამდებია და ჩვენი ყოველი უარყოფითი სიტყვა თუ საქციელი სივრცეს ნეგატივით ავსებს, ეს სივრცე კი ყველაზე ცუდად მოქმედებს. "ძველ აღთქმაში" წერია, რომ როდესაც ადამმა აღთქმა დაარღვია და დაეცა, ცხოველებიც კი მის წინააღმდეგ განეწყვნენ. ეს გვიჩვენებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ყალიბდება ნეგატიური ზრახვებით მოქმედი ადამიანის გარშემო... რაც ჩვენ გვჭირს, იმის გაცნობიერება ადამიანს ფიზიკურადაც კი აუძლურებს.

თუნდაც მხოლოდ ის რომ გავისიგრძეგანოთ, ადამიანს კაზინო როგორ აუბედურებს, რამდენი ეწირება ამ ჯოჯოხეთს, შეიძლება გული გაგვისკდეს. უამრავი ახალგაზრდა და მისი ოჯახი იღუპება, უბედურდებიან მათი დედები, ხელისუფლებას და ამ ბიზნესის მეპატრონეთ კი არაფერი აინტერესებთ ფულის გარდა. ფული, რომელიც ბიუჯეტშიც შედის და რომელსაც ერთნაირად მოიხმარს ხელისუფალიც და ბიზნესმენიც. როგორ უნდა იყოს ამ უბედურების მონაწილე ხალხი მშვიდად?! როგორ შეიძლება სიმშვიდე მოიპოვონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოწმე არიან წინა ხელისუფლების ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის და მაინც მას უჭერენ მხარს?! ვიღაცას შეიძლება არც ახსოვდეს, მაგრამ უმეტესობას ხომ კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ამ დროს! ჩემი მეგობარი დათო უჯმაჯურიძე წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ რომელიღაც პარტიას აფინანსებდა. ის ტყეში წაიყვანეს, სცემეს, შუბლზე იარაღი დაადეს და ბოლოს მანქანა დაუწვეს. ასეთი შემთხვევა ხომ უამრავი იყო?

და უამრავი იყო დედაეკლესიასთან ბრძოლის მაგალითიც, რომლებიც ბოლშევიკურ ბრძოლას ჰგავდა. წინა ხელისუფლების მომხრეები, მათ შორის, ბატონი გიგი უგულავა ხალხს ტელევიზიებით მიმართავდა და პატრიარქის დამხობისა და ეკლესიიდან გამოძევებისკენ მოუწოდებდა. ხომ კარგად ვიცით, რა მივიღეთ ასეთი ქადაგებებით ბოლშევიკების დროს? ერმა, რომელმაც ხატებს ფეხი არ დაადგა და ამის გამო თითქმის ამოწყვიტეს, თავისი ხელით დაანგრია ტაძრები, ხატები შეურაცხყო და მღვდლები გაპარსა. იმიტომაც ვეძახი მე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ნეოკომუნისტებს. დღესაც დედაეკლესიას, პატრიარქს ხალხის თვალწინ შეურაცხყოფენ. ეს უდიდესი დანაშაულია ერის წინაშე. ეკლესიამ იცის, რომ მის წიაღშიც შეაღწია ბოროტებამ, მაგრამ ერთია ბოროტებასთან ბრძოლა და მეორე - ერის ღმერთისთვის ჩამოშორების მიზანმიმართული ცდა, რასაც უმძიმესი შედეგი მოაქვს.

- რაც ჩვენმა წარსულმაც დაადასტურა. ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს: ღვივდება დაპირისპირება ეკლესიის მრევლსა და ეკლესიის მოწინააღმდეგეებს შორის, რაც საზოგადოებას აქუცმაცებს. ალბათ, თავადაც გაქვთ მსგავსი მაგალითები. - როგორ შეიძლება არ გქონდეს, როცა ამ რეალობაში ცხოვრობ?! სასულიერო პირებს ადამიანები ისეთ საიდუმლოებს გვანდობენ, რომელთა გამხელა ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც რცხვენიათ. გვენდობიან დედები, რომელთაც შვილები უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავთ; გვენდობიან ახლობლების გარდაცვალებით გაუბედურებულები, რომლებიც ამ ქვეყნისკენ უნდა მოვაბრუნოთ. ჰოდა, ვის აქვს უფლება, სასულიერო პირის ლანძღვა-გინებით ამ ხალხს ეს ნდობა და შვება მოუსპოს?! ჩემზეც არაერთხელ გამოსცადეს ეს ხერხი - ადამიანს აბრალებ, რაც გინდა და აიძულებ, თავი იმართლოს იმის გამო, რაც არ ჩაუდენია. ამას ხედავს ეკლესიას მინდობილი ადამიანი და შფოთავს, რა გავაკეთო, რომ ასე აღარ იყოსო? მადლობა უფალს, დანაშაულის გამოსასყიდად დაწესებულია საიდუმლო, რომელსაც დანაშაულის გააზრება, გულწრფელი მონანიება და ზიარება ჰქვია. ამაზე მეტს ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.

წინა ხელისუფლების წევრების, მათ შორის - ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართაც არაერთხელ უთქვამს საზოგადოების ნაწილს, გულწრფელად აღიარონ, რაც დააშავეს და ვაპატიებთო, მაგრამ ადამიანი ტკივილიანი აღიარებით თავისუფლდება და არა - ფუჭი სიტყვებით.

ამის მაგალითი იესო ქრისტეს ჯვარცმაა. ქრისტემ მის გვერდით ჯვარზე გაკრულ ორ ავაზაკთაგან ერთ-ერთს შეუნდო, რადგან მან საკუთარი შეცოდების ტკივილიანი გათავისებით სთხოვა შენდობა. წრფელი მონანიება ცხოვრების ტკივილიანი განცდაა, რომელიც, არა მგონია, ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც იმავეს აკეთებენ.

როდესაც ბატონი უგულავა მიტინგზე აცხადებს, ჩვენ ხინკლებს შევჭამთ, თქვენ კი კუჭებს გადმოგიყრითო, ამ დამოკიდებულებას რა ჰქვია? ხომ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს ხალხი არ ფიქრობს იმაზე, რაც გააკეთეს. არავის ეგონოს, რომ სულისთვის ზრუნვა იოლია. სხეულს ზრუნვა და კვება სჭირდება, მაგრამ ათასჯერ მეტად სჭირდება ეს სულს, რადგან იგი ათასჯერ მეტად ზიანდება გარემოსგან.

სულის პატრონობა მუდმივი პროცესია. ეს ის კეთილი საქმეებია, რომელთაც გავაკეთებთ; ეს ტაძარში ლოცვითა და მარხვით სიარული და ზიარებაა; ეს საკუთარ საქციელზე ყოველდღე დაფიქრებაა... როდესაც სულს ასე ჰპატრონობ, ის იმგვარად იწმინდება, რომ ადამიანი სიმშვიდესა და ბედნიერებას უბრუნდება. ბედნიერება ძალაუფლების ან სიმდიდრის მოპოვება როდია. რა თქმა უნდა, მდიდარი ადამიანებიც არიან ბედნიერები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მათ სულში მკვიდრდება მადლიერების გრძნობა ღვთისა და ადამიანის მიმართ, თორემ რამდენი მდიდარი ადამიანი მინახავს გაუბედურებული, ღარიბი კი - ბედნიერი. ჯანმრთელი ადამიანი მინახავს მოწუწუნე და დაავადებული - სიმშვიდით აღსავსე. ადამიანმა სულ კი არ უნდა იწუწუნო, არამედ უნდა დატკბე სიცოცხლით, რომელიც უფალმა მოგვცა. ჩვენ გვავიწყდება, რომ მადლიერი უნდა ვიყოთ ყოველი დღის გათენებისათვის, რადგან უამრავ ადამიანს ვეღარ გაუთენდა. შეიძლება ხვალინდელი დღე აღარც ჩვენ გაგვითენდეს და წარვსდგეთ უფლის წინაშე, რომლისთვისაც არაფერი გვექნება სათქმელი. აი, სწორედ მაშინ აღმოვაჩენთ, რომ თურმე სიკეთის კეთება ვერ მოგვისწრია. სახარებაში არის ასეთი იგავი: მაცხოვარი გადაეყრება პროცესიას - ქვრივი დედაკაცი ერთადერთ შვილს მიასვენებს და მწარედ ტირის. მაცხოვარს ისე შეებრალება დედაკაცი, რომ მივა, ეტყვის, ნუ ტირიო, მერე გარდაცვლილს ხელს შეახებს და მკვდრეთით აღადგენს. ამ ამბავს მახარობელი იმგვარად ჰყვება, იმთავითვე გრძნობ, რომ ქრისტეს ქვრივი დედაკაცისთვის შვილი რომც არ გაეცოცხლებინა, მხოლოდ თავისი მისვლითა და ნუგეშით შეეწეოდა გასაძლიერებლად. ასე ვართ ჩვენც. პავლე მოციქული ამბობს, მოტირალთან მოტირალი იყავით და მხიარულთან - მხიარულიო. შესაძლოა, ძალიანაც ბედნიერი იყო, მაგრამ როდესაც მოტირალ ადამიანთან მიხვალ, მისი მდგომარეობა უნდა გაიზიარო და ანუგეშო. შეიძლება თავად გიჭირდეს რაღაც, რაც დღეს ასე ხშირია, მაგრამ შენი პრობლემით ბედნიერს ბედნიერება არ უნდა ჩაუშხამო.

- როგორ მივიდეთ საკუთარი საქციელის სწორად გააზრებამდე? წმინდა მამები წერენ, რომ ამისთვის ზოგჯერ ისიც კი კმარა, ყოველდღე თუნდაც რამდენიმე წუთით მარტო დარჩე და იფიქრო იმაზე, რაც იმ დღეს გააკეთე. - ამას ილიაც ხომ ამბობდა - ყოველდღე შენს თავს ჰკითხე, ვის რა არგეო. მე ყოველ საღამოს ან ღამით, როდესაც შინ მივდივარ, ვაჩერებ ავტომანქანას და სრულიად მარტო 20 წუთი მაინც ვფიქრობ, იმ დღეს რა გავაკეთე, ვის ვატკინე გული უნებლიეთ, ან ვის დავეხმარე.

ჩვენი პრობლემების მიზეზი ისიც არის, რომ ყველაფერს მუდამ სხვას ვაბრალებთ და საკუთარ ბრალზე არ გვეფიქრება. ყოველთვის სინანულით მახსენდება პანდემიის დასაწყისი, როდესაც ხელისუფლება და სასულიერო პირებიც კი მოუწოდებდნენ ხალხს, აღდგომაზე უარი ეთქვათ და ხალხის დიდმა ნაწილმაც უარი თქვა წირვაზე წასვლაზე, იმავე ზაფხულში კი ზღვისპირეთის ბარებსა და კაფეებში წავიდა გასართობად, რის შემდეგაც დაავადება სწრაფად გავრცელდა. წელსაც იგივე ხალხი, რომელმაც უარი თქვა აღდგომის წირვაზე, დაპირისპირებული მხარეების მრავალათასიან მიტინგებზე მივიდა, რაც, ცხადია, დაავადებას გაავრცელებს.

აი, ასეთ თემებზეც უნდა ვიფიქროთ, როცა მარტო ვრჩებით, როდესაც გული გვტკივა, რომ სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის ვერა და ვერ მიგვიღწევია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ დაღუპვა და დანთქმა არ გვიწერია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 4 000 წლის ერი ვართ და უამრავი მსგავსი ბრძოლა გადაგვიტანია, არამედ იმიტომაც, რომ ასეთ ბრძოლებთან ერთად ჩვენს წინაპრებს უამრავი ლოცვა და მადლი აქვთ დატოვებული ჩვენს გადასარჩენად, რომელიც არასოდეს გაქრება. ასეთია უფლის ნება და სამყაროს კანონზომიერება, სადაც როგორც ღვთიური, ასევე მეცნიერული კანონებით უკვალოდ არაფერი ქრება.