მეხუთე ,,მუშკეტერის” სტუმრობა საქართველოში - კვირის პალიტრა

მეხუთე ,,მუშკეტერის” სტუმრობა საქართველოში

"ბატონი ალექსანდრე დიუმა ეწვია ჩვენს უბადრუკ რედაქციას, სადაც მისთვის გამართულ სადილზე ქართველებზე მეტი ღვინო დალია.

ქართული ჟურნალის "ცისკრის" რედაქტორი ივანე კერესელიძე". ეს ცნობა ვინმეს მთვრალი ფანტაზიის ნაყოფი არ გახლავთ. ის საქართველოში ჩამოსულ სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას, მის პატივსაცემად  "ცისკრის"“რედაქციაში გამართულ ბანკეტზე, მასპინძლებმა გამოუწერეს მას შემდეგ, რაც ყველა დაათრო. ბანკეტზე წასვლამდე კი მწერალი ქალაქელმა დალაქმა ისე "გაალამაზა", მისი მოკლედ შეკრეჭილი თმა ჯაგრისს დაამსგავსა.

შემდეგ მოწიწებით სთხოვა, მოჭრილი თმის კულულები მისთვის ეჩუქებინა. თურმე დალაქის ცოლი ალექსანდრე დიუმას დიდი თაყვანისმცემელი იყო და მისი თმისგან სამახსოვროდ ნემსების ბალიშის გაკეთება სურდა. როგორც გაირკვა, თბილისელი თავადიშვილების მეუღლეები მოუთმენლად ელოდნენ პარიზელი სტუმრის მათ ქალაქში ჩამობრძანებას და მის თმაზე დიდი მოთხოვნა იყო; დალაქიც, რომელმაც ერთიანად გადაპარსა თავი მწერალს, მათი დარიგებული აღმოჩნდა.

საინტერესო გამოდგა დიუმას სტუმრობა ფოთში. იქ დასავლეთ საქართველოსათვის ტიპურ ხიმინჯებზე შემდგარ ფიცრულ ქოხში დაბინავდა. პატარა ოთახის შუაგულში იდგა ღუმელი, რომელიც თუ ენთო, აუტანლად აცხუნებდა ერთ ციცქნა ოთახს, თუმცა მწერალმა გამოსავალს მიაგნო - ღუმელზე წყლით სავსე სპილენძის ტაშტი შემოდგა. "სამი მუშკეტერის" ავტორმა ადუღებული წყლით სავსე ტაშტით ერთი "სახელოვანი ბრძოლაც" გადაიხადა.

იქაური  ღორების საყვარელი სადგომი  ჰაერში გამოკიდული "სასტუმროს"” იატაკის ქვედა სივრცე იყო, საიდანაც ოთახში გამუდმებით აღწევდა სპეციფიკური ხმებიც და სურნელიც. თავგაბეზრებულმა მწერალმა ბოლოს ასეთი რამ მოიფიქრა: ღუმელზე მდგარ ადუღებული წყლით სავსე ტაშტს ხელი დაავლო, იატაკის ფიცრებს შორის გაჩენილი ნახვრეტიდან ღორებს თავზე დაუშვა და  იქიდან განდევნა.

KvirisPalitra.Geმოხუცი მეცნიერის ერთადერთი "შეცდომა"

ექვთიმე თაყაიშვილი, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი, მართლაც განგებამ გამოგვიგზავნა ქართველებს იმის სანიმუშოდ, თუ როგორ უნდა ემსახუროს კაცი სამშობლოს.

საქვეყნოდ ცნობილია, როგორ უპატრონა ექვთიმე თაყაიშვილმა უცხოეთში გატანილ ქართულ სიწმინდეებს.

1945 წელს საქართველოს ეროვნული საგანძური თბილისში ჩამოიტანეს. მასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა საგანძურის ერთგული მცველი, 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი. ყუთებში ჩალაგებული ძვირფასი ნივთები დააბინავეს და დადგა მათი სამზეოზე გამოტანის დროც. ექვთიმეს გარდა მათთან  მიკარებას ვინ გაბედავდა! ისიც ადგა და უპირველესად იმ ყუთისაკენ გაემართა, სადაც მისთვის გამორჩეულად ძვირფასი რელიკვია და სიწმინდე - თამარის გულსაკიდი ჯვარი ეგულებოდა. მივიდა, ახადა ყუთს თავი და ჯვარი ვერ ნახა.

მომხდარისაგან მოგვრილი ელდა იმდენად ძლიერი იყო,  რომ გონება დაკარგა. როგორღაც მოასულიერეს და სათაყვანებელი ნივთიც გამოუჩინეს. გაირკვა, რომ მოხუცი შეცდომით სხვა ყუთს მისდგომოდა.

მოამზადა ლადო გოგუაძემ