ვინ აღადგენს ბედიის ტაძარს
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში შეხვდა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კოორდინატორს საბინე მახლისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მრჩეველს საველე საკითხებში მარია ვოლოშკევიჩს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა და საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე ირაკლიტუჟბა, სადაც, მედიის ცნობით, ბჟანიამ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს სთხოვა ბედიის ტაძრის რესტავრაციაში დახმარება.
აფხაზური მედის ცნობით, ბჟანიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სააგენტოებს აფხაზეთისთვის აქამდე გაწეული დახმარებისთვის და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. აფხაზური მხარის ცნობით, კორონავირუსთან ბრძოლაში, 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და გაეროს სააგენტოებმა აფხაზეთს 1.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გაუწიეს. ამას ემატება 11.5 მილიონი დოლარი სოფლის მეურნეობისა და სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი პროექტებისთვის.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზებს მასთანაც ხშირად უსაუბრიათ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმძიმეს მდგომარეობაზე. თურმე მათ "გადარჩენას" რუსეთი "თავისებურად" ცდილობს, თუმცა ვერ აპროტესტებენ.
- ვფიქრობ, ეს კარგი ნიშანია, თუნდაც იმიტომ, რომ ის ნიუ-იორკში არსებულ ორგანიზაციას კი არა, თბილისში არსებულ წარმომადგენლობას სთხოვს დახმარებას. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ გაეროს ეგიდით ბედიის, ლიხნის მონასტრის, ოჩამჩირეში მოქვის ტაძრისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას დაიწყებენ. იმედია, ეს ორგანიზაცია პროფესიონალ რესტავრატორებს დაიქირავებს. ის, რომ ქართულ მხარეს ჯერ ხელი არ მიუწვდება იქაურობაზე, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის ძეგლები დავივიწყეთ. თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ცუდ დღეშია, შეიძლება ითქვას, განადგურების პირას არის.
როდესაც ოჩამჩირეში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თეთრად გადაღებეს, ძალიან უკმაყოფილო იყვნენ ის სასულიერო პირებიც კი, რომლებიც აფხაზური ეკლესიის ე.წ. წინამძღვრის ბესარიონ აპლიას ბანაკში არიან და კრემლს გუნდრუკს უკმევენ. თუმცა ამბობდნენ, რა ვქნათ, რუსეთთან ისედაც დიდი უთანხმოება გვაქვს, უძრავი ქონების მათთვის მიყიდვის, მიწის საკითხი, ენერგორესურსების გამო ჭიდილი. ვხვდებით, რომ რუსეთი ტაძრების საკითხს ზერელედ ეკიდება, მაგრამ წინააღმდეგობის გასაწევად ძალა აღარ შეგვწევსო.
- ბოლო დღეებში ოპოზიცია და ე.წ. ვეტერანები ასლან ბჟანიას გუნდის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აწყობენ. ასეთ დროს რამდენად მართებულია ბჟანიას ნაბიჯი? - ასლან ბჟანიას მოსახლეობაში პრობლემები რომ ჰქონდეს, ბედიის საკითხით ვითარებას არ გაამწვავებდა. ვფიქრობ, როგორღაც გადააგორა ეს ამბავი. ოპოზიციის და "ვეტერანების" ინიციატივით გამართული აქციებით მან კარგად დაზვერა ვითარება, რამხელა მხარდაჭერით სარგებლობენ ისინი. ამიტომაც დააბრუნა პოსტზე ე.წ. შს მინისტრი დიმიტრი დბარი, რომელიც ბოლო ხანებში დაძაბული ვითარების გამო დროებით გადაყენებული იყო. ერთი სიტყვით, "ვეტერანების" უკან ანგარიშგასაწევი ძალა არ დგას. თითქმის ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ჩვენთან - არც ე. წ. ხელისუფლება მოსწონთ და არც ოპოზიცია. გარი კოკაიასა და მის მომხრეებს ხალხში არა აქვთ ის მხარდაჭერა, რომ მათ მოქმედებებს ცვლილებები მოჰყვეს. მოსახლეობამ აქციებზე გაუსვლელობით "ვეტერანებს" უთხრა, რომ ყველაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, არ შეიძლება ქეიფის შემდეგ ქუჩაში სროლის ატეხა.
- ბჟანიამ კიდევ ერთხელ დააყენა აფხაზეთში აეროპორტის აღდგენის საკითხი, რომელიც თურმე რუსეთის აეროპორტის კოდით იმუშავებს. - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ძალიან ძვირად ღირებული პროექტია და თუ რუსეთი ამხელა თანხას დახარჯავს, მაშინ იმაზეც დაფიქრდება, რაში სჭირდება აეროპორტი მაშინ, როცა ადლერში აქვს. რუსეთიდან იქ მართლაც ჩადიან ტურისტები, მაგრამ უმრავლესობა კრასნოდარის მხარეში ჩერდება და იქიდან აფხაზეთში ერთი დღით ჩადიან რიწის ტბისა და ახალი ათონის მოსანახულებლად. სხვა უკვე არც არაფერია აფხაზეთში. ასე რომ, არ ვიცი, ბომბორის აეროპორტის გამოყენების რა ასეთი აუცილებლობაა, მით უფრო, რომ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა უნდა შექმნან და დამატებით მფრინავებიც უნდა შემოიყვანონ. შიდა ფრენები თავიდან გამორიცხულია, რადგან აფხაზეთში არ ცხოვრობს იმდენად შეძლებული ხალხი, რომ თვითმფრინავებით იმგზავროს. ასე რომ, თუ ოდესმე ეს პროექტი განხორციელდა, ეს იქნება რუსეთის პროვინციული აეროპორტი მოსკოვზე მიერთებული კოდებით, რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას კი ისედაც გაურბიან და არ სიამოვნებთ მის რეგიონად ყოფნის წარმოდგენა. თუმცა ეჭვი მეპარება რუსეთმა თავი შეიწუხოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩანასახშივე მკვდარი პროექტია.
ლალი პაპასკირი