რა არის ჩინური "ხეიხე" და ბრუნდება თუ არა ჩინეთში კოვიდპანდემია ახალი ფორმით - კვირის პალიტრა

რა არის ჩინური "ხეიხე" და ბრუნდება თუ არა ჩინეთში კოვიდპანდემია ახალი ფორმით

კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევის გამო 3,7-მილიონიანი ქალაქი ლანჯოუ ჩაკეტეს და მკაცრი შიდა კარანტინი გამოაცხადეს. ჩინეთის ერთ-ერთი კლინიკის არაბი დირექტორი ამარ ალბადანი ცრუინფორმაციას უწოდებს ადგილობრივი შტამის "ხეიხეს" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, სწორედ ამ ქალაქში დაფიქსირდა ბოლო დღეებში ვირუსი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალი მუტირებული შტამი გამოვლინდა.

"მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შინიდან მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ"

- მესმის, რომ მიზეზთა გამო მსოფლიო გაფაციცებული ადევნებს თვალს ჩინეთში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა ეს ვირუსი დროულად აღმოიფხვრას და კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ამიტომ ვიღებთ მკაცრ ზომებს, რათა სადმე აფეთქების კერები არ გაჩნდეს, თუმცა დასავლური მედია ამ ყველაფრის ისე გადათარგმნას ცდილობს, თითქოს ჩინეთში დელტა-ვარიანტისგან სრულიად განსხვავებული ახალი შტამი გაჩნდა. სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი დელტა-ვირუსი, რომელიც სეზონურ ვირუსებთან ერთად მიმდინარეობს.

შემთხვევები დაფიქსირდა ქალაქ ხეიხეში, რასაც მსოფლიოს მეცნიერებმა უკვე შეარქვეს "ვირუსი ხ" - ანუ ხეიხე. ყველა კითხვაზე პასუხი რომ იყოს გაცემული, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, 15 ათას დოლარზე მეტს გადაუხდის მას, ვინც ინფორმაციას მიაწოდებს უკანასკნელ ხანებში დაწყებული კორონავირუსის სწრაფი გავრცელების წყაროების შესახებ. არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში პანდემიის კიდევ ერთხელ აფეთქება. 9 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენთან რეალობა სხვაგვარია. აქაურების ცხოვრების წესის, კვების კულტურის გამო აფეთქების კერები სწრაფად მატულობს. ამიტომაც გახდა საჭირო მკაცრი კარანტინის შემოღება 20 პროვინციაში.

ჩინეთი ძალიან დააზარალა ვირუსმა, უკანასკნელი ტალღების შედეგად მკაცრი საკარანტინო ზომები დაწესდა, გამკაცრდა შიდა მგზავრობის წესები, გაუქმდა მრავალი საავიაციო და სარკინიგზო რეისი. უკანასკნელი მკვეთრი მატება 40 ქალაქში გამოვლინდა. ახლაც პროვინცია განსუში, კერძოდ, ქალაქ ლანჩოუში, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა, მთელი ქალაქი ონლაინრეჟიმზე გადავიდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულ გადავსებული იყო, ახლა კი მხოლოდ თითო-ოროლა მოქალაქე სარგებლობს. ისედაც შემცირდა ტრანსპორტი, ქუჩაში ტაქსები და სხვა მსუბუქი მანქანები. პროვინციის ადმინისტრაციამ მიკრორაიონებში გადაადგილებისთვის სპეციალური საშვის სისტემა დააწესა.

- ვაქცინაციაზე რას გვეტყვით? - აცრა სავალდებულო არ ყოფილა, თუმცა ძალიან დიდი აქტიურობა იყო. ახლაც ქალაქებში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ერთადერთი, რაც ახლა სავალდებულოა, არის პირბადე. ერთხანს ხალხს ქუჩაში, ასევე შიდა სივრცეებში მის გარეშე გადაადგილება შეეძლო, მაგრამ ახლა ისევ სავალდებულო გახდა, მათ შორის აცრილებისთვისაც.

ქალაქი ხეიხე რუსეთს ესაზღვრება და საერთაშორისო მედიისთვის სპეკულაციის თემად რომ არ იქცეს, განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული. მთელ პროვინციაში შეჩერებულია ყველა სახის სამუშაო, საჯარო და კერძო სამსახურები არიან ონლაინრეჟიმზე. ქუჩაში სპეციალური "მწვანე საშვებით" გამოდიან სურსათის საყიდლად, აფთიაქებში წამლებისთვის და სხვა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებში სამუშაოდ. თუმცა მათი სამუშაო დროც შეზღუდულია.

ადგილობრივმა მმართველობამ მოსახლეობას მოუწოდა გაიკეთოს სურსათისა და მედიკამენტების მარაგი და შინიდან მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში გამოვიდნენ.

- პაციენტებს განსხვავებული სიმპტომები აქვთ? - ყველას დელტა-პლუს ვარიანტის სიმპტომები აქვს, მცირედი განსხვავებით.

ვფიქრობთ, ეს შტამი რუსეთიდან შემოვიდა. ახლა მთავარია, დელტასა და სხვა სეზონურ ინფექციებს არ მისცეს მუტაციისთვის სასურველი კერა. ეს ვირუსი "გადარჩენას" ცდილობს.

"მოსახლეობა შეშინებულია, შარშანდელი არ განმეორდეს"

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ნინბოში მცხოვრები ლანა იოსელიანი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევები უფრო ქვეყნის ჩრდილოეთით ფიქსირდება.

- ვაქცინაცია სავალდებულო არ გამხდარა, თუმცა აუცრელებს შეზღუდვები ჰქონდათ, ახლა კი პირდაპირ ამბობენ, რომ აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.

ოქტომბრის ბოლო მონაცემებით, 1 მილიარდზე მეტი კაცი აცრილია, ჩინეთში კი სულ 1,41 მილიარდი მოსახლეა. არსებული ინფორმაციით, პეკინის მოსახლეობასაც მისცეს რეკომენდაცია, არ დატოვონ ქალაქი აუცილებელი შემთხვევის გარდა.

ჩინელები ძალიან თადარიგიანი ხალხია და უკვე დაიწყეს სურსათისა და მედიკამენტების მომარაგება. აქაურებს რეკომენდაციის შესასრულებლად ფინანსური სანქციები არ სჭირდებათ, რეკომენდაცია, ფაქტობრივად, კანონია და ასრულებენ, ოღონდ ეს არ ეხება კვებას - ახლაც ურჩევს მთავრობა ხალხს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხორცისა და თევზეულის გაყინული ნახევარფაბრიკატები მოიხმარონ, მაგრამ კვების კულტურიდან გამომდინარე, არ ითვალისწინებენ. მოსახლეობა შეშინებულია, შარშანდელი არ განმეორდეს - შარშან ერთი ქუჩიდან მეორეზე გადასასვლელად სპეციალური საშვები გვჭირდებოდა.

განსაკუთრებით ფრთხილობენ ისინი, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. ხელისუფლება მათ ხელს უმართავს, შეღავათებით სარგებლობენ, მაგრამ შეზღუდვები მაინც აშინებთ, რადგან ეკონომიკას ძალიან დაარტყა. მიუხედავად ამისა, რიგებს ვერც ერთ ობიექტთან ვერ ნახავთ. მანამდე ხალხმრავლობა თვალში საცემი იყო, ახლა ქუჩები და ტრანსპორტი გადატვირთული არ არის. ჩინელები მშრომელი ხალხია და კარანტინი, ჩაკეტილობა თრგუნავს, რაც არანაკლებ აშინებთ, ვიდრე კოვიდი.

ამიტომ ფრთხილობენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები თითქმის ცარიელია. მოსახლეობას შეშფოთების საფუძველს ის აძლევს, რომ

ქვეყანაში ყველაფერი არც ისე გამჭვირვალეა, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში კორონავირუსის შემდეგ... ამიტომ ეჭვობენ, რომ შესაძლოა ინფიცირების შემთხვევა ბევრად მეტია, მაგრამ პანიკისა და საერთაშორისო კრიტიკის თავიდან ასარიდებლად ამაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ. ამიტომ უწოდებს ადგილობრივი მედია არსებულ ვითარებას "საგანგაშოს". იანვრის შემდეგ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და არ არის გამორიცხული, რომ ერთ კვირაში ათასობით ინფიცირებული იყოს.

ლალი პაპასკირი