"ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს ეს სიშლეგე ხოხბის გამო და გაოგნებული ვიყავი, არ მესმოდა, რატომ ხდებოდა ესო" - კვირის პალიტრა

"ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს ეს სიშლეგე ხოხბის გამო და გაოგნებული ვიყავი, არ მესმოდა, რატომ ხდებოდა ესო"

ყველასათვის საყვარელი მწერალი, დიპლომატი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი მთელმა ქვეყანამ გააცილა უკანასკნელ გზაზე. ბატონი გელა თავისი მომხიბვლელობის მიღმა დიდ ტკივილსა და სევდას მალავდა, სევდას, რომელსაც ირაკლი და ნანა ერქვა. აკი თქვა კიდეც, ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანა კი უფრო შორს წავიდა - მან სიკვდილი მომანდომაო. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ვკითხე, რისთვის ღირდა ცხოვრება-მეთქი. "არ ვიცი, ღირდა კი საერთოდ?" - ორაზროვანი ღიმილით მიპასუხა და დასძინა: "მთლიანობაში მე არ ვუყურებ ადამიანის ცხოვრებას, როგორც რაღაც ღირებულს. ზოგჯერ ასეც ვამბობ: პროექტი "კაცობრიობა" ჩავარდა, იმიტომ, რომ ბედნიერების ჯამი, გამოყოფილი ამ პროექტისთვის, არის ძალიან მცირე და თუ ყველას გადაუნაწილებ, თითოეულს თითქმის არაფერი შეხვდება".

82 წელი უშურველად და დაუმადლებლად გვინაწილებდა სიყვარულსა და ბედნიერებას, მერე კი ვალმოხდილი წავიდა თავის ირაკლისთან და ნანასთან, მათი სიყვარულით სიკვდილგაადვილებული...

"ასეთ გარემოში გაზრდილმა შეძლო, ყველაზე არასაბჭოთა და თავისუფალი ადამიანი ყოფილიყო"

გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი: - ორი წელი ვიყავი მისი მოადგილე ლონდონში, ჩვენს საელჩოში. ის იყო უამრავ სფეროში წარმოუდგენელი ნიჭით დაჯილდოებული. ამიტომ ვუწოდე რენესანსის ადამიანი. საოცრად მომხიბვლელი პიროვნება, განსახიერება ინტელიგენტურობისა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიაში. უამრავი ადამიანი აღზარდა. მისმა არსებობამ გაამდიდრა საქართველო. ამ ადამიანს მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩვენს ისტორიაში. ის იყო შვილი საქართველოს ხელმძღვანელისა კომუნისტურ პერიოდში, კლასელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისა, მრჩეველი საქართველოს მეორე პრეზიდენტისა, მასწავლებელი და მერე მრჩეველი მესამე პრეზიდენტისა. გელა ჩარკვიანი უნიკალურია იმითაც, რომ კომუნისტი ლიდერების ბევრი ასეთი შვილი არ გვახსენდება. ასეთ გარემოში გაზრდილმა შეძლო, ყველაზე არასაბჭოთა და ყველაზე თავისუფალი ადამიანი ყოფილიყო. უყვარდა ყველას, ვინც იცნობდა. ეს ბრწყინვალე ადამიანი ძალიან დააკლდება საქართველოს და ამ დანაკლისს დროთა განმავლობაში უფრო ვიგრძნობთ. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან.

"მისი მოწაფეობა ბრენდი იყო"

ლაშა თაბუკაშვილი, მწერალი, დრამატურგი: - ჩვენ ამხანაგები ვიყავით. მეგობრობამდე არ მისულა საქმე, სხვადასხვა თაობას ვეკუთვნოდით, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემდით, თბილი ურთიერთობა და ძალიან ბევრი საერთო გვაკავშირებდა. მე ირაკლისთან უფრო ვმეგობრობდი, როგორც უმცროს მეგობართან და საოცარი რამ მოხდა: ირაკლის წასვლის შემდეგ უკეთ დავინახე გელა. მერე სათაყვანებელი მეუღლეც დაკარგა, მაგრამ არ გატყდა... ისეთ ოჯახში გაიზარდა, შეიძლებოდა ყოფილიყო თავნება, სრულიად სხვა კაცი... ხედავ ძალაუფლებას, ხედავ, როგორ ემსახურებიან მამაშენს, ხედავ პირფერობას... თვითონ აქვს ჩემთვის მოყოლილი, ზამთარში, ნადირობისას, როგორ ესროლა მამამისმა ხოხობს. ხოხობი ჩავარდა მდინარეში და ამ ცივ წყალში ერთ-ერთი თანამშრომელი დაუფიქრებლად გადაეშვა. კინაღამ დაიღუპა ის კაცი. მამაჩემი ძლივს გააკავეს, ისიც ხტებოდაო, მიყვებოდა. ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს ეს სიშლეგე ხოხბის გამო და გაოგნებული ვიყავი, არ მესმოდა, რატომ ხდებოდა ესო. მახსოვს გელა ლიძავაში, ჩვენს აივანზე, სადაც სხვადასხვა თაობის ხალხი იკრიბებოდა. რეზო თაბუკაშვილისა და ჩვენს თაობას შორის იყო გელას თაობა. საოცრად ინტელიგენტი, კარგი ბიჭები, ჯანსაღები, სპორტულები, საღად მოაზროვნეები. მახსოვს, რომ დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. გელას აღვიქვამდი, როგორც საოცრად ელეგანტურ თბილისელს, უაღრესად დახვეწილ ადამიანს... მისი მოწაფეობა ბრენდი იყო. მისი უმაღლესი დონის ინგლისური ყველგან გამოარჩევდა. ერთხელ ედუარდ შევარდნაძესთან ვიყავით. სტუმრები ჰყავდა და ვხედავ - გელა ცოტა უცნაურად ლაპარაკობს, სხვანაირად, მეც კი მივხვდი... რას აკეთებ-მეთქი? ესენი ამერიკელები არიანო, მითხრა... მოკლედ, საოცარი დიპლომატი იყო...

წიგნი რომ მოამზადა ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, მივხვდი, არ გატყდა, ტკივილი დამალა, ხელი არ ჩაიქნია. ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ეს იყო განებივრებული კაცი, რომელსაც ცხოვრება ყოველთვის ეძახდა. ჩრდილში არასდროს ყოფილა. თვისებების თაიგულის წყალობით იყო შესანიშნავი დესპანი თავისი ქვეყნის.

ძალიან დამწყდა გული. ზედიზედ მიდიან არაჩვეულებრივი ადამიანები: დოჩანა, ანზორ ერქომაიშვილი, ბუბა ხოტივარი, მიშა კობახიძე, რეზო გაბრიაძე... გელაც წავიდა იქ, სადაც ბევრი და საყვარელი დამხვდური ეყოლება.

"წავიდა ადამიანი, რომელსაც მინდა ყველა ქართველი ჰგავდეს"

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი: - შემიძლია ვთქვა, რომ გელა ჩარკვიანის სახლში გავიზარდე. ჩემთვის ის ირაკლისთან შეხების ბოლო წერტილია. ამ ადამიანთან ერთად ვისწავლეთ ცხოვრება მე და ირაკლიმ. ბატონმა გელამ კი არ გვასწავლა, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, უნებურად ვსწავლობდით ყველაფერს. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან და ბედნიერი ვარ, რომ მქონდა მასთან ურთიერთობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეპოქა წავიდა! წავიდა ადამიანი, რომელსაც მინდა ყველა ქართველი ჰგავდეს. მან მოახერხა, ყოფილიყო პოლიტიკაში და თავის ქვეყნის წინაშე მართალი დარჩენილიყო. მისმა პოლიტიკაში ყოფნამ ქართული პოლიტიკური კულტურა აამაღლა. საოცრად განათლებული, ჩვენი სულიერი მამა, რომელიც ნებისმიერ დარგში წარმატებული იქნებოდა. რასაც შეეხებოდა, ყველაფერს ხელოვნების ნიმუშად აქცევდა. უფროს ადამიანთან ურთიერთობით ასეთი დიდი ბედნიერება არასდროს მიგრძნია. ეს სრულიად საქართველოს დანაკლისია.

მახსოვს, ხან მამაჩემს ვპარავდით მე და ირაკლი მანქანას, ხან - გელას. ბატონი გელა უფრო ხშირად სამსახურის მანქანით დადიოდა. სახლთან გაჩერებულ მანქანას როცა ვიპარავდით, უკან დაბრუნებულებს ის ადგილი დაკავებული გვხვდებოდა და სხვაგან გვიხდებოდა გაჩერება. ერთიდან მეორე ადგილზე გადაყენებულ მანქანას რომ ხედავდა, ბატონი გელა ირაკლის ეუბნებოდა, რა უცნაურია, რას ნიშნავს ასაკი, მეგონა მანქანა აქა და აქ დავაყენე და სინამდვილეში სხვაგან დამიყენებია, როგორი სკლეროზი დამეწყო ამ ბოლო დროსო... ასე გვახვედრებდა, რომ იცოდა, რასაც ვაკეთებდით.

ჩემს გადაცემაშიც მყავდა მოწვეული და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. იხსენებდა, რომ მე და ირაკლის ხშირად გვიწევდა ჩხუბი, რადგან გოგონებს ჩვენ უფრო მოვწონდით, ვიდრე ძველი ბიჭები. კარგად მახსოვს, როგორ მოდიოდით ხოლმე ნაცემებიო, ამბობდა. ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა, ჩვენთან ურთიერთობისას ჩვენხელა იყო და ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი.

საოცარი იყო მისი სიყვარული ქალბატონ ნანასადმი. მანამდე ასეთი სიყვარულის შესახებ მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული. ალბათ, ბატონი გელა ერთხელ მაშინ გარდაიცვალა, როცა ნანა წავიდა.

"ბაბუ ხშირად ეუბნებოდა: "გელა, მე შენ აქ მჭირდები, მე მინდა რომ შენ ჩემ გვერდით იყო"

ლაშა შევარდნაძე, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი: - მინდა გამოვთქვა ღრმა მწუხარება ბატონი გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის ქალიშვილს თეონას, მის არაჩვეულებრივ შვილიშვილებს.

ბატონი გელა ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ. ბაბუაჩემთან წლების განმავლობაში მუშაობდა და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში. ბევრმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ გადაიარა გელა ჩარკვიანის მხრებზე. ის განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ - გამორჩეული პიროვნული თვისებებით, განათლებით, იუმორითა და საერთოდ, ცხოვრების წესით.

დღევანდელი თაობისთვის შეიძლება ნაკლებად ცნობილი იყოს, რომ ბატონი გელას მამის, კანდიდ ჩარკვიანის მეთაურობით (რომელიც საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო 1937-1952 წლებში) განვითარდა იმდროინდელი საქართველოს ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი ინიციატივით (მოსკოვის ბიუროკრატიის ჩინოვნიკების წინააღმდეგობის მიუხედავად), მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საქართველოში განხორციელდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პროექტი. მათ შორის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა და ქალაქ რუსთავის დაარსება. ქუთაისის ავტოსამშენებლო ქარხანა და თბილისის მეტროს პროექტის დაგეგმარება.

ბატონი გელა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო, დაჯილდოებული განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, როგორც დიპლომატი, პედაგოგი, პუბლიცისტი და მწერალი. იმავდროულად, პიროვნულად გამორჩეული, სამაგალითო მოქალაქე გახლდათ. ჰქონდა არაჩვეულებრივი თხრობის ნიჭი, გადმოცემის უნარი, იუმორის გრძნობა და რაც მთავარია, უნარი, მოეპოვებინა საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა. ასეთი ადამიანების წასვლა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

მე მას ბავშვობიდან ვიცნობდი, მქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც სავსე იყო პატივისცემითა და თბილი ემოციებით. მისგან ბევრი რამ ვისწავლე...

2014 წელს, საქართველოს მეორე პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიის დროს, ბატონმა გელამ ითავა წაეყვანა პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში - აქ უფრო გჭირდებით, ვიდრე დაკრძალვაზე, ვინაიდან ძალიან ცოტა ადამიანი თუ შეძლებს გადმოსცეს ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების შესახებ, როგორც მე შევძლებო...

ბაბუას დამოკიდებულებაც ბატონი გელასადმი განსაკუთრებული იყო - ეს გელა ჩარკვიანმაც ასახა თავის მემუარებში... ფაქტობრივად, მის თვალწინ გაიარა მნიშვნელოვანმა საგარეო პოლიტიკურმა მოვლენებმა, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოებრივი ფორმირების პირველი დღიდან ხორციელდებოდა. ეს იყო პირველი ვიზიტები 90-იანი წლების დასაწყისში როგორც აშშ-ში, ასევე ევროსაბჭოში, ევროკავშირში... ბატონი გელას პროფესიონალიზმი დიდ დატვირთვას აძლევდა ბაბუაჩემის საგარეო ვექტორს...

ბაბუ მას ხშირად ეუბნებოდა, "გელა, მე შენ აქ მჭირდები, მე მინდა რომ შენ ჩემ გვერდით იყო". ბაბუს ის ეიმედებოდა და განსაკუთრებით ენდობოდა. ასე იყო პრეზიდენტობის დროსაც და შემდგომ პერიოდშიც. მათი ურთიერთობა იყო სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე."

"ჩვენს ოჯახს განსაკუთრებული პირობები გვქონდა და, რასაკვირველია, გვემსახურებოდა შეფ-მზარეული. ეს იყო ლევანი, რომელიც თვითონ ყოველთვის ამბობდა ხოლმე თავის თავზე: "ია პოვარ ინჟინერ". დედაჩემს რატომღაც გაუჩნდა აზრი, რომ ლევანს ზოგჯერ რაღაცები სახლში მიაქვს. მოკლედ, ერთ მშვენიერ დილას შევედი სამზარეულოში და ლევანს ვუთხარი: "ლევან, რატომ იპარავ რაღაცებს?" ლევანმა თითქოს ყურადღებაც არ მომაქცია. კიდევ ვთქვი: "რატომ იპარავ რაღაცებს?" - დავუყვირე. ამ დროს აღარ ვიცი, რა მოხდა. შემოვარდა დედაჩემი, გამიყვანა და ისე გამარტყა, რომ ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. მე კი ვიმსახურებდი ამას, იმიტომ, რომ, რასაკვირველია, ეს არ უნდა მექნა, მაგრამ... ამან მასწავლა ერთი რამ - მასწავლა, რომ ადამიანი უნდა იყოს დიპლომატიური. კიდეც რომ დარწმუნებული იყოთ, ვიღაცას რაღაცა მიაქვს, ეს პირდაპირ არ უნდა უთხრათ და კიდევ ერთ რამეში დამარწმუნა - უფროსებმა ბავშვებთან სხვა ადამიანების შესახებ არ უნდა ილაპარაკონ".

* * *

"ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას - იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება, მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით - როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად ერთს ვიღებ იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს".